ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

სიზარმაცის – დევთა შორის უდევესის – დამარცხება

კრეატიულობა არის ადამიანის უნარი, წარმოადგინოს ახალი იდეები და იპოვოს პრობლემის გადაწყვეტის ინოვაციური გზები. ის გადამწყვეტია ეკონომიკური ზრდისთვის, რადგან კრეატიული იდეები გარდაიქმნება ახალ პროდუქტებად და უფრო ეფექტურ ტექნოლოგიურ პროცესებად, რაც, თავის მხრივ, ქმნის ახალ (უფრო პროდუქტიულ) სამუშაო ადგილებსა და უკეთეს (უფრო კონკურენტულ) პროდუქტებს.

გარდა ამისა, „შემოქმედებითი კლასი“ (მეცნიერები, ინჟინრები, მწერლები, ხელოვანები, დიზაინერები, მხატვრები, მსახიობები, კომპანიის დამფუძნებლები, მუსიკოსები, ქორეოგრაფები და ნებისმიერი სხვა, ვისაც შუეძლია იფიქროს ჩარჩოებს მიღმა) ეკონომიკაზე გავლენას ახდენს უთვალავი არაპირდაპირი გზით, ე.წ. ცოდნის შხეფებით, რაც ხელს უწყობს შრომით პროდუქტიულობას და ინოვაციურ საქმიანობას  ეკონომიკაში. კარგად არის დასაბუთებული, რომ ხშირად ინოვაციური იდეები ლუდის სმის დროს იბადება!

მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვიყვარს კრეატიულობა და ინოვაცია, მილიონდოლარიანი შეკითხვა არის შემდეგი: როგორ აღვზარდოთ კრეატიულად მოაზროვნე ახალი თაობა? ეს კითხვა, თავის მხრივ, ბადებს მეორე კითხვას: შესაძლებელია თუ არა კრეატიულობის სწავლა, თუ ის თანდაყოლილი ნიჭია?


ყველა ბავშვი ცნობისმოყვარე და კრეატიულია!

ბავშვები ბუნებრივად არიან ცნობისმოყვარეები, აკვირდებიან და კითხვას სვამენ ყველაფერზე, რასაც ირგვლივ ხედავენ და ესმით. უფრო მეტიც, ბავშვების დიდ უმრავლესობას აქვს კარგად განვითარებული წარმოსახვის უნარი, რაც გადამწყვეტია კრეატიულობისთვის. ბავშვების კრეატიულობის შესამოწმებლად ჯორჯ ლენდმა გამოიყენა იმ ტესტის ანალოგი, რომელიც მან ნასასთვის შეიმუშავა, რათა ამ ორგანიზაციას შეძლებოდა ინოვატორი ინჟინრებისა და მეცნიერების აყვანა სამსახურში აყვანა. მისი შედეგი მართლაც შთამბეჭდავია! 4-5 წლის ბავშვების დაახლოებით 98%-ს აქვს ძლიერი კრეატიული წარმოსახვა და ნასას ტესტის მიხედვით ხვდება „გენიოსთა“ კატეგორიაში. როდესაც იგივე ბავშვები შეამოწმეს 10 და 15 წლის ასაკში, აღმოჩნდა, რომ მათმა მხოლოდ 30 და 12%-მა შეინარჩუნა ეს უნარი. სამწუხაროდ, როდესაც 31 წლის ასაკში ხელახლა შეამოწმეს, კრეატიულ ინდივიდთა რაოდენობა 2%-მდე შემცირდა!


სკოლები კლავს კრეატიულობას?

განათლების სპეციალისტს, სერ კენ რობინსონს მიაჩნია, რომ კრეატიულობასა და ნიჭს ეფექტურად კლავს... სკოლა. თანამედროვე სკოლები ჩამოყალიბდა XIX საუკუნეში, რათა ელემენტარული განათლება მიეცა გაუნათლებელი მასისთვის. მაგრამ XXI საუკუნეში არაფერი არ გვჭირდება ისე, როგორც ინდივიდუალური მიდგომა.

რობინსონის საყვარელი მაგალითი არის ჯილიან ლინი, ცნობილი ბალერინა, რომელსაც ექიმებმა 8 წლის ასაკში სწავლის დაქვეითებული უნარის დიაგნოზი დაუსვეს. ლინის მასწავლებლებს აღიზიანებდათ გოგონას გამუდმებული მოუსვენრობა და კონცენტრაციის უნარის ნაკლებობა. ფსიქოლოგი, რომელსაც მისი საქმის შესწავლა სთხოვეს, საკმარისად ჭკვიანი აღმოჩნდა, რომ მუსიკა ჩაერთო, ლინი მარტო დაეტოვებინა ოთახში და ისე დაკვირვებოდა მის ქცევას. მისმა განაჩენმა გააოცა ჯილიანის მშობლები: „თქვენი ქალიშვილი ავად არ არის, ის მოცეკვავეა“. ჯილიანი საბალეტო სკოლაში შევიდა და გახდა ერთ-ერთი უდიდესი ქორეოგრაფი ისტორიაში, იგი არის მუსიკალური პროდიუსერი ისეთი ცნობილი ნაწარმოებებისა, როგორიცაა „კატები“ და „ოპერის მოჩვენება“. ლინის ამბავი გვიჩვენებს განათლების ინდივიდუალური მიდგომის აშკარა უპირატესობას. მიდგომა, რომელიც აღვივებს ცნობისმოყვარეობას და ავითარებს თანდაყოლილ ნიჭს.


გენიოსების აღზრდის ექსპერიმენტი: იუდიტ პოლგარის საქმე

უნგრელ კოგნიტურ ფსიქოლოგს, ლასლო პოლგარს სჯეროდა რომ „ყველა ჯანმრთელ ახალდაბადებულ ბავშვს აქვს თანდაყოლილი უნარი, გახდეს გენიოსი“. ამ იდეით შთაგონებულმა პოლგარმა გამოიკვლია 400 უდიდესი ინტელექტუალის ბიოგრაფია და დაასკვნა, რომ „გენიოსებად არ იბადებიან, გენიოსები ხდებიან“. ეს თეორია რომ შეემოწმებინა, მან იქორწინა უკრაინელ უცხო ენების მასწავლებელზე, რომელიც დათანხმდა, მონაწილეობა მიეღო ექსპერიმენტში. რამდენადაც გიჟურად არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი, ამ ექსპერიმენტის მიზანი იყო, შეემოწმებინათ, რამდენად შეეძლოთ, თავიანთი შვილები გენიოსებად აღეზარდათ ძალიან მარტივი რეცეპტის გამოყენებით: „ადრეული და ინტენსიური სპეციალიზება გარკვეულ სფეროში“. საოჯახო სკოლაში აღზრდილი მათი სამი ქალიშვილი (სუზანი, სოფია და იუდიტი) უკვე 6 წლის ასაკში ჭადრაკს თამაშობდა. ადრეული მოზარდობისას, დები პოლგარები უკვე იყვნენ ჭადრაკის სამყაროს დომინანტები. უფრო ზუსტად კი, იუდიტი ითვლება საუკეთესო ქალ მოჭადრაკედ ჭადრაკის ისტორიაში. მას, ასევე, აქვს შესანიშნავი მეხსიერება და IQ ტესტის მონაცემებით მსოფლიოს 10 ინტელექტუალს შორის ერთ-ერთია. სუზანი და სოფია ამ სიაში მე-2 და მე-6 ადგილს იკავებენ. პოლგარმა და მისმა მეუღლემ მოგვიანებით განაცხადეს, რომ „მათ შეეძლოთ იგივე შედეგისთვის მიეღწიათ ნებისმიერ სხვა სფეროში. თუ ბავშვი ადრეულ ასაკში ირჩევს საქმეს, ხარჯავს ბევრ დროს და დებს სიყვარულს ამ საქმეში“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ სჯეროდათ, რომ თანდაყოლილი ნიჭი ნაკლებად მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად. პირიქით, დიდება დამოკიდებულია ცნობისმოყვარეობასა და თავდაუზოგავ შრომაზე.

ვინაიდან „წერა-კითხვა“ და „ცოდნა“ აღარ არის კაცობრიობის უმთავრესი გამოწვევები, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხვალინდელი სკოლები პასუხობდნენ ხვალინდელ გამოწვევებს. მომავალი კი მხოლოდ კრეატიულობასა და ინოვაციას ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ეს იდეა არ გამორჩენია საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს განმანათლებელს, ილია ჭავჭავაძეს. ის ხშირად ამბობდა, რომ სკოლის ძირითადი მიზანი არის არა ცოდნის მიცემა, არამედ ცნობისმოყვარეობის გაღვივება. და, რაც უკვე ცხადი იყო ილიას დროს, კიდევ უფრო ნათელია დღეს, როდესაც „ცოდნა“, როგორც ასეთი, ადვილად ხელმისაწვდომია ინტერნეტით. დღეს უკვე საჭიროა სინთეზირების უნარი, ცოდნის ერთი შეხედვით დაუკავშირებელი ნაწილების დაკავშირება, იდეები და თეორიები, ახალი გადაწყვეტილებების მოფიქრება.


და რა ხდება საქართველოს სკოლებში?

უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული სკოლები ჯერ კიდევ მისდევენ XIX საუკუნის სკოლის მოდელს, სადაც აქცენტი კეთდება უფრო სტანდარტული ტექსტისა და ფორმულების დაზეპირებაზე, ვიდრე დამოუკიდებელ აზროვნებაზე. მოსწავლეები უფრო ფასდებიან კარგი (სტანდარტული) პასუხების მიხედვით, ვიდრე კარგი (ორიგინალური) კითხვის დასმის გამო. მიღწევები იზომება სტანდარტიზებული ტესტისა და ნიშნების მიხედვით.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, შემეცნება იმართება გარე სტიმულით (ტესტები, ნიშნები) მაშინ, როდესაც ცნობისმოყვარეობა და კრეატიულობა ყოველთვის ისეთი შინაგანი სტიმულის შედეგია, როგორიცაა, მაგალითად, ამა თუ იმ საგნის სიყვარული. ეს შეიძლება იყოს ცუდი დასწრებისა და ზოგადად განათლებისადმი ინტერესის ნაკლებობის უმთავრესი მიზეზი, რასაც ხშირად ვხედავთ ქართველ სკოლის მოსწავლეებში (განსაკუთრებით პერიფერიებში).

ამ დრომოჭმული სკოლის განათლების მოდელთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ კრეატიულობა გულისხმობს, რომ წარუმატებლობა არის შემეცნების პროცესის ლეგიტიმური ნაწილი. ქართული სკოლები კი ასე ნამდვილად არ მუშაობენ. როგორც სერ კენ რობინსონი ამტკიცებს: „ბავშვები არიან კრეატიულები, რადგან მათ არ ეშინიათ შეცდომების დაშვების, მაგრამ მოგვიანებით სისტემა მათ ასწავლის, ეშინოდეთ შეცდომების დაშვების“. ეს სრული ჭეშმარიტებაა ქართული სკოლების უმეტესობის შემთხვევაში.


განა ქართველები კრეატიული ხალხი არ ვართ?!

ქართველები ძალიან არტისტული ხალხია. როდესაც ქართველი კაცი მოულოდნელად იგებს, რომ ერთი დღის სიცოცხლეღა აქვს დარჩენილი, ფრიად კრეატიულ გადაწყვეტილებას იღებს –აწყობს დიდ წვეულებას (როგორც ქართული კლასიკური „არდაიდარდო“ იტყოდა). მართლაც, ქართველებს აქვთ საერთაშორისო რეპუტაცია, რომ კარგები არიან ხელოვნებასა და დიზაინში, ისევე, როგორც ცეკვაში, სიმღერასა და ღვინის წარმოებაში (ღვინის სმაშიც). მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართველებს თვითონვე სჯერათ, რომ ნიჭიერი ერია, ფიქრობენ, რომ ნიჭი შთამომავლობით გადაეცემა თაობიდან თაობას.

რიგითი ქართველისთვის წარმატება იშვიათად თუ მიიღწევა თავდაუზოგავი შრომით. უფრო მეტიც, როგორც ბევრი ცნობილი ხუმრობა და ამბავი მოგვითხრობს, ისინი, ვინც თავდაუზოგავად შრომობენ, უნიჭოები არიან. ბევრი ქართველი ბიჭისთვის მისაბაძი მააგალითი არის „ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი“ ნაცარქექია – ცნობილი ზღაპრის მთავარი პერსონაჟი, რომელიც მთელ თავის დროს ბუხრის ძირას ჯდომასა და ნაცრის ქექვაში ატარებს. ნაცარქექია გონს მხოლოდ მას შემდეგ მოეგება, რაც სახლიდან გააგდებენ. საკუთარი გონების გამოყენებით იგი ამარცხებს დევებს და ხდება ძალიან მდიდარი.

საქართველოსგან განსხვავებით, კორეულ კულტურაში ნიჭი არაფერს ნიშნავს. კორეელებს სწამთ თავდაუზოგავი შრომისა და დისციპლინის, ზოგჯერ კრეატიულობის ხარჯზე. არსებული ტექნოლოგიური სიახლეების კოპირებისა და მოხერხებული გამოყენების გამო, კორეა დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა ეკონომიკური ზრდის სასწაულად. თუმცა მისი განვითარება შენელდა, ვინაიდან ნამდვილი ინოვაცია იყო საჭირო, რომ ქვეყანას კონკურენციის უნარი შეენარჩუნებინა.

საქართველოს აკლია ორგანიზაციული უნარ-ჩვევები და დისციპლინა, ამიტომ მას ვერ ექნებოდა შედარებითი უპირატესობა არსებული ტექნოლოგიების კოპირებაში. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ჩვენი იშვიათი ნიჭის იმედი გვქონდეს. შესაძლოა, როგორც ბოლო ნაცარქექია, ველოდებით, რომ ჩვენც გაგვაგდებენ საკუთარი სახლიდან, მხოლოდ ამის შემდეგ დავამარცხებთ ყველაზე საშინელ დევს დევთა შორის – ჩვენს საკუთარსავე სიზარმაცეს.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners