აქვს თუ არა დადებითი გავლენა საკვების საერთაშორისო ფასების ვარდნას საქართველოზე?
საშუალო ქართული ოჯახი თავისი ბიუჯეტის 40%-ზე მეტს ხარჯავს საკვებზე. აქედან გამომდინარე, ქართველი მომხმარებელი ძალიან მგრძნობიარეა საკვები პროდუქტების ფასებისადმი, რაც მსოფლიო სასაქონლო ბაზარზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, შეიძლება ძალიან კარგიც კი იყოს. მსოფლიო ბანკის უკანასკნელი მონაცემების თანახმად, „2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის მაისამდე საკვები პროდუქტების საერთაშორისო ფასები 14%-ით დაეცა და მიაღწია ბოლო ხუთი წლის ყველაზე დაბალ ნიშნულს“. შედარებით მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს განკარგვადი შემოსავლის 6%-ით გაზრდას, რაც საშუალებას მისცემს მათ, მეტი ფული დახარჯონ სხვა საჭიროებებზე, მეტი ინვესტიცია ჩადონ, მაგალითად, საკუთარი შვილების განათლებაში.
მაგრამ რეალურად როგორ აისახება საერთაშორისო ფასების შემცირება ქართულ ბაზარზე რიგით ქართველ მომხმარებელზე? სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან იმპორტული საკვები პროდუქტები შეფასებულია უცხოურ ვალუტაში და, როდესაც ამ ვალუტის ფასი (ქართულ ლართან მიმართებაში) იზრდება, იზრდება სამომხმარებლო ფასიც, მიუხედავად მსოფლიო სასაქონლო ბაზარზე არსებული ტრენდებისა.
ISET-ის საკვები პროდუქტების ინდექსი, როგორც ფასების გადაცემის საზომი
ჩვენი ანალიზისთვის კარგი საფუძველია საკვები პროდუქტების საცალო ფასები, რომელთაც ISET-ის აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრი 2011 წლის ნოემბრიდან ყოველ კვირას აგროვებს. ეს მონაცემები ასახავს 34 სტანდარტული პროდუქტის საცალო ფასების დინამიკას (რაც მოიცავს ოჯახის მიერ საშუალოდ საკვებზე დახარჯული თანხის 75%-ს) თბილისის დიდი სუპერმარკეტების ქსელებში: კარფურში, გუდვილში, ფრესკოსა და სპარში.
იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ „გადაეცემა“ (ან არ გადაეცემა) მსოფლიო ფასების კლება ადგილობრივ ბაზარს, უნდა შევხედოთ საკვები პროდუქტების ინდექსის (ინდექსი შემუშავდა შესაბამისი ფასების შეწონვით) ზოგად დინამიკასა და ცალკეული პროდუქტის ფასის დინამიკას. ჩვენი მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ ადგილობრივად წარმოებული და იმპორტირებული ბრენდების ფასებს.
თუ ავიღებთ სტანდარტულ საქონელს, მაგალითად, შაქარს, დავინახავთ ორ განსხვავებულ ტენდენციას ჩვენს მონაცემებში. პირველი, შაქრის (საბოლოო მოხმარების საქონლის) შიდა მწარმოებლებს, როგორც ჩანს, შეუძლიათ გამოიყენონ ძირითადად საზღვარგარეთიდან შემოტანილი შედარებით იაფფასიანი ნედლეული (შაქრის ჭარხალი). ადგილობრივად წარმოებული შაქრის საცალო ფასი 1 კგ-ისთვის ამჟამად 1.61 ლარია, მაშინ, როდესაც 2014 წლის ნოემბერში 1.75 ლარი იყო (დაეცა 8%-ით). ეს გაუმჯობესება განაპირობა იმან, რომ საქართველოს შაქრის ჭარხალი შემოაქვს უკრაინიდან, რომლის ვალუტაც დაეცა მსოფლიოს თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებაში, მათ შორის ლართან მიმართებაშიც. შედეგად, როდესაც საქმე ეხება შაქარს, ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო ბაზრის ფასები გადაეცა ადგილობრივ ბაზარს.
გრაფიკი #1. ადგილობრივი და იმპორტირებული შაქრის ფასების შედარება
წყარო: საკვები პროდუქტების ინდექსი, ISET-ის აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრი
საკმაოდ განსხვავებული ტენდეცია შეიმჩნევა იმპორტირებული შაქრის შემთხვევაში. ფასი კი არ დაეცა, არამედ გაიზარდა და, თუ იმპორტირებული შაქრის ფასი 2014 წლის ნოემბერში 1.55 ლარი იყო, დღეს ის 1.72 ლარს შეადგენს, ანუ 11%-ით გაიზარდა (რაც საკმაოდ დამაბნეველია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის მაისამდე შაქრის მსოფლიო ფასი 23%-ით დაეცა). შედეგად, როდესაც საქმე შეეხო იმპორტირებულ შაქარს, ფასის გადაცემა საკმაოდ დაგვიანდა და გადაიფარა 2014 წლის შემოდგომიდან ქართული ლარის დოლართან მიმართებაში 30%-იანი გაუფასურებით.
კონკურენცია და ფასის გადაცემა
მსოფლიო ბაზრიდან ადგილობრივ ბაზარზე ფასის გადაცემის ანალიზი ეკონომისტების ერთ-ერთი საყვარელი თემაა. ყველა ერთსულოვნად თანხმდება, რომ შიდა ფასების კლება ბევრად უფრო სწრაფად ხდება შედარებით კონკურენტულ ბაზრებზე. როდესაც, მაგალითად, შაქრის მსოფლიო ფასი ეცემა, არსებული კომპანიების მიერ ფასების დაფიქსირების მცდელობა იწვევს ბაზარზე კონკურენტი იმპორტიორებისა თუ ადგილობრივი მწარმოებლების შემოსვლას. შედეგად, მიღებული შიდა ფასების კლებაზე ზეწოლა უფრო ძლიერია შედარებით კონკურენტულ გარემოში, სადაც შესვლა არ მოითხოვს დიდ ფიქსირებულ დანახარჯებს, სახელმწიფო ლიცენზიების მოთხოვნების თუ სხვა შეზღუდვების (მაგალითად, წვდომა დისტრიბუციისა და საცალო გაყიდვების ქსელებზე) დაკმაყოფილებას.
რაც შეეხება მზარდ ფასებს (=მსოფლიო ფასების ზრდის გადაცემა), მძაფრი კონკურენცია მიწოდების ჯაჭვის ყველა დონეზე (საცალო გამყიდველებს, დისტრიბუტორებს, მწარმოებლებსა და იმპორტიორებს შორის) გამოიწვევს ფასების ზრდის შეყოვნებას. შედეგად, ის ფაქტი, რომ ლარის თითქმის 30%-იან გაუფასურებას არ გამოუწვევია საკვები პროდუქტების ფასების ასეთივე დოზით ზრდა, გვაფიქრებინებს, რომ ქართული ბაზარი უფრო კონკურენტული ხდება, თუნდაც ძირითადი კვების პროდუქტების თვალსაზრისით. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თვითუზრუნველყოფის საშუალო კოეფიციენტი საკმაოდ დაბალია (34%), ამიტომ მიმწოდებლებმა და საცალო გამყიდველებმა დღემდე ვერ მოახერხეს ფასების გაზრდა სუსტი მოთხოვნისა და სასტიკი კონკურენციის პირობებში.
ვინაიდან საქართველო პატარა ქვეყანაა, აქ შედარებით მცირე კონკურენციაა ბაზრის თითოეულ სეგმენტში. მაგალითად, შაქრის ქართულ ბაზარზე დომინანტი არის აგარა, შაქრის ერთადერთი ქართული მწარმოებელი (რომელიც წლიურად 8,000-10,000 ტონა შაქარს აწარმოებს). აზერბაიჯანული შაქრის კორპორაციის საკუთრებაში მყოფი აგარას კონკურენტი არის დაახლოებით 10 მცირე კომპანია, რომელთაც შემოაქვთ შაქარი უკრაინიდან, ბრაზილიიდან და ინდოეთიდან. სხვა თუ არაფერი, პრინციპულად, საბაზრო მოთამაშეთა მცირე რაოდენობა აადვილებს გარიგებას, რაც მიზნად ისახავს შიდა ფასების კორექტირებასა და დაბალი მსოფლიო ფასებით სარგებლობას. ნამდვილად ხდება თუ არა ამგვარი გარიგება, უცნობია, თუმცა ფაქტი ერთია, ჩვენ გავაგრძელებთ საკვები პროდუქტების საცალო ფასების მონიტორინგს, რათა ინფორმაცია მივაწოდოთ მომხმარებლებს და ხელი შევუწყოთ კონკურენტული ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბებას.
Comments