მოლაპარაკებების დამხმარე სისტემები (negotiation support system – NSS) საშუალებას აძლევს კომპიუტერს, იყოს შუამავალი მრავალგანზომილებიან და უაღრესად რთულ მოლაპარაკებებში. ბოლო 20 წლის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში Smartsettle-ისა და Inspire-ის პლატფორმები გამოიყენება ათასობით მნიშვნელოვანი კონფლიქტის შემთხვევაში, რომელთა უმრავლესობა წარმატებით გადაიჭრა.
რამდენიმე წლის წინ, ამ სტატიის პირველი ავტორი მონაწილეობდა ექსპერიმენტში, NSS-ის დახმარებით მოეგვარებინათ ისრაელის მთავრობასა და პროფკავშირებს შორის არსებული დავა. ისრაელის მთავრობას სურდა ერთ-ერთი დეპარტამენტის დახურვა, პროფკავშირი კი წარმოადგენდა დაზარალებულთა ინტერესებს. მთავარი პარამეტრი ამ დავაში იყო სამსახურიდან გათავისუფლებულთა რაოდენობა და მათთვის მისაცემი კომპენსაცია.
მსგავსი პროცესის დასაწყისში ორივე მხარე საკუთარ პირობებს გადასცემს კომპიუტერულ პროგრამას, რომელსაც ხშირად მართავს ნდობით აღჭურვილი მედიატორი. მაგალითად, პროფკავშირს შეეძლო განეცხადებინა, რომ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, მთავრობას სამსახურიდან გათავისუფლებული პირველი 10 თანამშრომლისთვის სოციალური კომპენსაციის სახით უნდა გადაეხადა 150,000 შეკელი, ხოლო ყოველი შემდეგი გათავისუფლებულისთვის – 300,000 შეკელი. ისრაელის მთავრობასაც შეეძლო რთული პირობის წაყენება (მაგ. მისი გულგრილობა ერთი თანამშრომლის დათხოვნასა და ორი თანამშრომლის სხვა სამუშაოზე გადაყვანას შორის). დასაშვები პარამეტრების სირთულე NSS-ში ვირტუალურად შეუზღუდავია, რადგან ამ პარამეტრებს კომპიუტერს სპეციალური პროგრამის ენით „უხსნიან“.
მოლაპარაკება იწყება კომპიუტერის პირველი შეთავაზებით. თუ მოლაპარაკების მხარეები უარყოფენ ან შეცვლიან თავდაპირველ შეთავაზებას, კომპიუტერი სთავაზობს ახალ ვარიანტს, რასაც მოჰყვება შეთავაზებათა მთელი რიგი, რომელშიც კომპიუტერი ეტაპობრივად აცნობიერებს შესაძლო შედეგების კომპლექტს ისე, რომ, თუ ყველაფერი კარგად წავა, მხარეები შეთანხმებას უახლოვდებიან.
როდესაც ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმება მიიღწევა, მოლაპარაკება შეიძლება დასრულების ნაცვლად გადავიდეს ახალ, ე. წ. მოგვარების შემდგომ ეტაპზე. აქ კომპიუტერი სთავაზობს შედეგის კიდევ უფრო მეტ ცვლილებას, ე. წ. პარეტო გაუმჯობესებას (მაგ.: უკეთესია ორივე მხარისთვის), თუ ასეთი საერთოდ არსებობს. საინტერესოა, რომ პრაქტიკაში ასეთი მოგვარების შემდგომ ცვლილებებს მხარეები ხშირად უარყოფენ (შდრ. გეტინგერი და სხვები (2010 წ.): „კიდევ ერთხელ შეთანხმდებიან? ფაქტორების ანალიზი, რაც გავლენას ახდენს შეთანხმებაზე მოგვარების შემდგომ ფაზაზე“, Proceedings of GDN, 2010 წ.).
NSS ყველაზე ხშირად გამოიყენება შრომითი ხელშეკრულებებისა და ბიზნეს-მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ხანდახან მას საერთაშორისო დავების მოგვარების დროსაც იყენებენ, მაგალითად, წყლის განაწილებასთან დაკავშირებით (ტისენი და სხვები (1999 წ.): „კომპიუტერის დახმარებით წყლის რესურსების კონფლიქტის მოლაპარაკებები“, Group Decision and Negotiation 7 და რამდენიმე შემდეგი გამოცემა). ახლახანს NSS-ის ალგორითმი შემუშავდა მეზობელ ქვეყნებს შორის კასპიის ზღვის რესურსების განაწილებისთვის (შდრ. მადანი და სხვები (2014 წ.): „მოლაპარაკებების დამხმარე სისტემა საერთაშორისო ტრანს-სასაზღვრო ბუნებრივი რესურსების კონფლიქტის მოსაგვარებლად“, Environmental Modeling & Software 51). NSS-ის განმასხვავებელი ნიშანი, რაც განსაზღვრავს მის წარმატებას, არის მისი თანდათანობითი მიდგომა: ყველასთვის მისაღები, იდეალური ვარიანტის დაუყოვნებლივ შეთავაზების ნაცვლად, ის ქმნის ცვლილებების ტრაექტორიას, რომელიც ხშირად იწყება სტატუს კვოთი. მხარეებს უწევთ, მხოლოდ დაეთანხმონ, რითიც მცირე ნაბიჯებს დგამენ ერთმანეთის მიმართულებით.
შეიძლება თუ არა, ეს მეთოდი გამოვიყენოთ სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ და ცნობილ კონფლიქტში?
ძვირადღირებული ჩიხის გარღვევა
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაჩნდა საბჭოთა კავშირის უკანასკნელ წლებში და მას შემდეგ არის ამ ორი ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობის ერთ-ერთი უმთავრესი ხელისშემშლელი დაბრკოლება. ორივე მხარისთვის მიყენებული დიდი მსხვერპლის გარდა, კონფლიქტი სერიოზულ გავლენას ახდენს მთელი რეგიონის ეკონომიკაზე, რადგან მოუგვარებელი კონფლიქტი განუხორციელებელი ვაჭრობისა და ინვესტიციების, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების არხების არასაკმარისი გამოყენების გამო ქმნის მაღალ ალტერნატიულ ხარჯებს (შდრ. ტერტეროვი და ნიკულესკუ (2012 წ.): „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის პრაგმატული მიმოხილვა: შეუძლია თუ არა ეკონომიკურ სტიმულს არსებული ჩიხის გარღვევა?“ ევროპული გეოპოლიტიკური ფორუმი). ყველამ იცის, სასტიკი, რისკიანი კაპიტალისტებისგან განსხვავებით, ინვესტორები ერიდებიან არეულობას. სამეზობლოში არსებული ფარული კონფლიქტი მთელი რეგიონის პასუხისმგებლობაა.
უფრო მეტიც, ჭარბი თავდაცვის ხარჯები ტვირთად აწევს ორივე ქვეყანას. ბონის დიალოგის საერთაშორისო ცენტრის 2014 წლის მსოფლიო მილიტარიზაციის ინდექსში, რომელიც ზომავს სამხედრო სექტორის მოცულობას მთელ ეკონომიკასთან შედარებით, სომხეთს მესამე ადგილი უკავია, აზერბაიჯანს – მეათე.
ვინაიდან სტატუს კვო ფრიად უსიამოვნოა ორივე მხარისათვის, NSS-ის მიდგომის თანახმად, კიდევ უფრო შესაძლებელი ხდება ისეთი განსხვავებული მდგომარეობის პოვნა, რომელიც უკეთესია ორივე მხარისთვის.
ერთ-ერთი შესაძლო საწყისი წერტილი არის სამხედრო ხარჯები. თუ ორივე მხარე ერთდროულად შეამცირებს საკუთარი სამხედრო შენაერთების რაოდენობას (მაგ. 2000 შენაერთით), სამხედრო ძალების შეფარდება უცვლელი დარჩება და არც შესაძლო ომის მოგების ალბათობა არ შეიცვლება არც ერთი მხარის სასარგებლოდ. ეს შეიძლება ჩაითვალოს პარეტო გაუმჯობესებად. თუმცა, როგორც ყოველთვის, „ეშმაკი სწორედ დეტალებშია“. თუ ერთი ქვეყანა არ შეამცირებს სამხედრო ხარჯებს იმავე პროპორციით, როგორც მეორე ქვეყანა, ძალაუფლების ბალანსი ქვეყნებს შორის დაირღვევა. შედეგად, მნიშნველოვანია, რომ ცვლილებები რეალურად თანადროული და გამჭვირვალე იყოს.
მართალია, ეს რთულია, მაგრამ თანადროული მიდგომა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე სრულყოფილი გადაჭრის პოვნა. მაგალითად, ორივე მხარეს შეუძლია დაიწყოს საჯარო შენაერთების შემცირებით. ამ შემთხვევაში მესამე მხარეს, რომელსაც ორივე ქვეყანა ენდობა, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ასეთი ქვეყანა შეიძლება იყოს ისრაელი, რომელთანაც სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც შესანიშნავი დიპლომატიური ურთიერთობა აქვს. ნდობით აღჭურვილმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ მიღწეული შეთანხმება შესრულდეს და ორივე მხარემ მართლაც შეამციროს სამხედრო შენაერთები. მართალია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შეიძლება არ უნდოდეთ ერთმანეთისთვის საკუთარი სამხედრო ძალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ არც ერთ მათგანს არ ექნება ნდობით აღჭურვილი მესამე მხარისთვის ინფორმაციის მიწოდების პრობლემა. ასეთია NSS-ის მიდგომაც, სადაც მოლაპარაკების მხარეები მედიატორს აცნობენ საკუთარ პრეფერენსებს. მესამე მხარესაც შეუძლია გამოიყენოს საკუთარი სამხედრო ცოდნა, რათა დარწმუნდეს, რომ მიღებული ზომები არ არღვევს ძალთა ბალანსს.
მომდევნო ნაბიჯები შეიძლება გასცდეს სამხედრო ხარჯებს. არსებობს უამრავი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ დიპლომატიური პარამეტრი, რომელიც ნელა, მაგრამ სტაბილურად შეიძლება გამოყენებულ იქნას ორივე მხარისათვის დადებითი მიმართულებით. ხანგრძლივი მოგზაურობის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ნდობა დაისადგურებს და ეკონომიკური კავშირები აღსდგება, შეიძლება ვისაუბროთ ტერიტორიაზეც. ისევ თანდათანობითი მეთოდის გამოყენებით, შესაძლოა მიწის თანდათანობითი გაცვლებით, სოფელ-სოფელ, კვადრატული კილომეტრობით. კონფლიქტის სრულყოფილი გადაჭრა მოითხოვს, რომ ორივე მხარეს უნდოდეს კონფლიქტის დასრულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამ ეტაპზე შეუძლებელი ჩანს, მცირე ცვლილებების ხანგრძლივი პროცესის განმავლობაში მოლაპარაკების მხარეთა დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართა შეიძლება შეიცვალოს.
თანდათანობითი მშვიდობა უსაფრთხოა
NSS-ის მიდგომის უპირატესობა ისაა, რომ მცირე ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ზოგადი რიტორიკისა და ოფიციალური პოზიციის დაუყოვნებელი შეცვლის გარეშე. ჭკვიანი მმართველები თავიდან აიცილებენ დიდ ცვლილებებს, რაც შეიძლება პატივისცემის დაკარგვას ნიშნავდეს.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შეუძლიათ, მოიპოვონ საერთაშორისო გავლენა და სახელი, თუ მოახერხებენ საკუთარი უთანხმოების თანდათანობით, ცივილიზებული გზით მოგვარებას. მსოფლიოსთვის ეს ბევრად უფრო შთამბეჭდავი იქნება, ვიდრე ის ფუჭი იარაღის ჟღარუნი, რომლითაც ამჟამად ორივე ქვეყნის მთავრობა არის დაკავებული. სომხეთი ამით შეამცირებდა თავის არაჯანსაღ დამოკიდებულებას რუსეთზე. აზერბაიჯანი კი შეძლებდა მისი საკმაოდ შემცირებული (ან კლებადი) ნავთობისა და გაზის შემოსავლის უფრო დიდი წილის მიმართვას ეკონომიკის განვითარებასა და პერიფერიებში სამუშაო ადგილების შექმნაზე.
მოკლევადიან პერიოდში ორივე ქვეყანა უფრო ნაკლებ რესურსს დახარჯავდა სამხედრო სექტორზე და მეტს სკოლებზე, უნივერსიტეტებზე, პენსიებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ბევრ სხვა ფაქტორზე, რაც ქვეყანას მიმზიდველს ხდის. ხანდახან კონფლიქტი სასარგებლოა ორივე ქვეყნის მთავრობებისთვის, რომ ყურადღება შიდა პრობლემებიდან სხვა რამეზე გადაიტანონ, მაგრამ ცხოვრების დონის გაუმჯობესება დააკომპენსირებდა ამ მუდმივი მტრობის შედეგებს. შედეგად, მშვიდობა სულაც არ ნიშნავს რომელიმე მთავრობის დესტაბილიზაციას.
მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი შეთანხმების მიღწევა უახლოეს მომავალში შეუძლებელი ჩანს, NSS-ის თანდათანობით მიდგომას სწრაფად მოაქვს მცირე გაუმჯობესები, თუნდაც მხარეები არ ენდობოდნენ ერთმანეთს და სულაც არ უნდოდეთ კონფლიქტის მოგვარება. ამიტომ დროა, დავიწყოთ!
Comments