ამ კვირაში ქართველი საზოგადოება შოკში ჩააგდო ქართველი მასწავლებლების მიერ სასერთიფიკაციო გამოცდებზე მიღებულმა შედეგებმა. როგორც DFWatch.net 10 მარტს (ციტირებულია ქართული წყარო) იუწყებოდა, იანვარში მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირებული 10,552 მასწავლებლიდან გამოცდაზე 6,477 გავიდა, რომელთაგან მხოლოდ 1,101 გადალახა მინიმალური ზღვარი. ცოდნისა და უნარ-ჩვევების სერიოზული დეფიციტი მნიშვნელოვანი პრობლემაა ქართული ეკონომიკის არაერთ სექტორში და ასეთი მაგალითების მოსაძიებლად სულაც არ არის საჭირო მოწინავე ტექნოლოგიურ ინდუსტრიებზე დაკვირვება.
ამ სტატიაში, რომელიც ორ ნაწილად იქნება წარმოდგენილი, ჩვენ მოგითხრობთ UNDP-ისა და ISET-ის მცდელობაზე, ნათელი მოჰფინოს ქართულ სოფლის მეურნეობაში საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების ხელმისაწვდომობას. პირველ ნაწილში ვისაუბრებთ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის მოტივაციასა და მეთოდოლოგიურ პრობლემებზე, რასაც აქამდე წავაწყდით. მეორე ნაწილში კი განვიხილავთ კვლევის შედეგებს.
საქართველოში ფერმერობა სტატუსი უფროა, ვიდრე კვალიფიკაცია. ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციის მზარდი მნიშვნელობა საქართველოს სოფლის ეკონომიკაში პროფესიონალიზმს მოითხოვს. მომავალ ქართველ ფერმერს ექნება პროფესიული სასწავლებლიდან მიღებული ფორმალური კვალიფიკაცია, რომელიც მისცემს მას საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რათა წარმატებულად მართოს ფერმა, მოიპოვოს ოჯახის შესანახად საჭირო შემოსავალი და მიაწოდოს მაღალი ხარისხის საკვები შიდა თუ საექსპორტო ბაზრებს. ასეთი ფორმალური კვალიფიკაციის მქონე ფერმერს ექნება წვდომა საჯარო და კერძო ექსტენციის სისტემაზე („სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სისტემები“, საჯარო თუ კერძო კომპანიების მეშვეობით, ფერმერებს აძლევს ტექნიკურ და/ან მენეჯერულ რჩევებს, რაც ეხმარება მათ თანამედროვე აგრო-ბიზნესების წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაში). ევროპულმა გამოცდილებმა ცხადჰყო, რომ მხოლოდ ფორმალური აგრარული კვალიფიკაციის მქონე ფერმერს შეუძლია რეალურად ისარგებლოს საჯარო დახმარების სქემებისა და სუბსიდიებით. სწორედ აქეთ მიდის ქართული სოფლის მეურნეობა.
ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩავარდნა სოფლებში
ითვლება, რომ ქართულ სოფლის მეურნეობას განვითარების ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს ეკონომიკის სხვა სფეროებთან შედარებით. პროდუქტიულობის ზრდა დაგვიანდა, თუმცა მნიშვნელოვან წინსვლას უნდა ველოდეთ ახლო მომავალში (თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართული სოფლის მეურნეობა უაღრესად არაპროდუქტიულია და პროგრესის მიღწევა ისედაც ადვილი იქნება). თუმცა, როგორც გრაფიკიდან ჩანს, ეს მოლოდინები დღემდე ელემენტარულ დონეზეც კი არ შესრულებულა. მაშინ, როდესაც გარდამავალ ეტაპზე მყოფ სხვა ქვეყნებში სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა სულ უფრო იზრდებოდა, ქართული პროდუქტიულობის დინამიკა სწორხაზოვანი იყო. რამდენად შეიძლება ამ წარუმატებელი შედეგის ახსნა ქართველი ფერმერების ცოდნისა და უნარ-ჩვევების დეფიციტით?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, UNDP-მ გამოკითხა 3,000 ქართველი სოფლის მცხოვრები (UNDP-ის პროექტის – „სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების, ტრენინგებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზაცია საქართველოში“ – ფარგლებში, რომელსაც აფინანსებდა შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში). გამოკითხვამ დაადგინა რესპონდენტების ეკონომიკური სტატუსი და მიღწევები. რესპონდენტებს სთხოვეს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების თვითშებასება. გამოკითხვა ყურადღებას ამახვილებს სასოფლო-სამეურნეო ადამიანური კაპიტალის სიჭარბესა თუ სიმწირეზე, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობისთვის ოთხი მიზეზის გამო:
(1) ცოდნა და უნარ-ჩვევები თავისთავად მნიშვნელოვანია. ფერმერის ცოდნა, მაგალითად, როდის დარგოს, როგორ მოამზადოს ნიადაგი, როგორ გამოიყენოს სარწყავი სისტემა, პირდაპირ გავლენას ახდენს ფერმის პროდუქტიულობაზე.
(2) ცოდნა აუცილებელია ტექნოლოგიების გამოყენებისას, რომელიც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პროდუქტიულობას. სამუშაო და მექანიკური უნარ-ჩვევების გარეშე შეუძლებელია უმარტივესი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენება და მოვლა, რომ აღარაფერი ვთქვათ განვითარებულ ქვეყნებში გამოყენებულ მაღალ ტექნოლოგიურ აღჭურვილობაზე. მეტიც, ცოდნის სიმწირე შეიძლება იყოს კატასტროფა მექანიზებულ სასოფლო სამეურნეო წარმოებაში, რადგან ის საფრთხეში აგდებს ძვირადღირებულ ტექნიკასა და აღჭურვილობას.
(3) უნარ-ჩვევები საჭიროა საინვესტიციო კაპიტალის მოსაპოვებლად. ბანკი არ გასცემს სესხს, თუ არ არსებობს სანდო ჩანაწერები წარმოების რაოდენობის, ხარჯებისა და ფასების შესახებ, რაც არის ნებისმიერი მომგებიანობის ანალიზის საფუძველი. ასეთი ციფრების შეგროვება და ჩაწერა მოითხოვს ბუღალტერიისა და ფერმის მართვის საბაზისო ცოდნას. ნამდვილად არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ფერმერის კომპეტენცია არის წინაპირობა ნებისმიერი ინვესტორისთვის, ჩადოს ფული ამა თუ იმ საქმეში.
(4) სხვადასხვა ბუნებრივ პირობებთან გამკლავებაც დამოკიდებულია ცოდნაზე. მაგალითად, ნიადაგის ხარისხი არ არის უცვლელი პარამეტრი, მისი გაუმჯობესება შესაძლებელია მოსავლის როტაციითა და სხვა ნიადაგის განოყიერებით, მაგრამ ფერმერმა შეიძლება გააფუჭოს, თუ არ არის კვალიფიცირებული ნიადაგის კულტივაციაში.
დანინგ-კრუგერის ეფექტი
როგორც წესი, გვგონია, რომ ცოდნის ჩავარდნა და შედეგი ერთმანეთთან უარყოფით კორელაციაშია, ე.ი. რაც მეტია ჩავარდნა, მით ნაკლებია შედეგი და პირიქით. თუმცა გამოკითხვებისას ხშირად ვხედავთ საპირისპირო დამოკიდებულებას, სადაც უფრო დიდი ჩავარდა დაკავშირებულია უფრო მაღალ შედეგებთან. ასეთი აშკარად აბსურდული კორელაცია ხშირად გვხვდება კვლევებისას, რომლებიც ძირითადად გამოკითხულთა თვითშეფასებას ეფუძნება. ეს მოვლენა ცნობილია დანინგ-კრუგერის ეფექტის სახელით (Kruger and Dunning: "Unskilled and Unaware of It: How Difficulties in Recognizing One's Own Incompetence Lead to Inflated Self-Assessments", Journal of Personality and Social Psychology 77, 1999, pp. 1121–34).
დანინგი და კრუგერი იყვნენ ამერიკელი ფსიქოლოგები, რომელთაც ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელში მონაწილე სტუდენტებს უნდა გაეკეთებინათ ინგლისური გრამატიკის ტესტები. შემდეგ უნდა შეეფასებინათ, რამდენად კარგად გაართვეს თავი დავალებას ჯგუფის სხვა წევრებთან შედარებით. როგორც გაირკვა, ყველაზე ქვედა დონეზე მყოფმა სტუდენტებმა „მნიშვნელოვნად მაღალი შეფასება მისცეს საკუთარ შესაძლებლოებს თანატოლებთან შედარებით“, მაშინ, როდესაც ყველაზე მაღალ დონეზე მყოფებმა იმაზე დაბალი შეფასება მისცეს საკუთარ თავს, ვიდრე იმსახურებდნენ. დანინგი და კრუგერი განმარტავენ, რომ სამუშაოს შეფასებისთვის საჭირო ცოდნა უდრის თავად სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ცოდნას: „ერთი და იგივე უნარია საჭირო როგორც გრამატიკულად გამართული წინადადების შედგენისას, ისე მასში შეცდომების აღმოჩენისას“.
დანინგ-კრუგერის ეფექტის თანახმად, ის ქართველი ფერმერები, რომლთაც ცოტა რამ იციან კონკრეტულ სფეროზე, ვერც იაზრებენ, რომ არ აქვთ საკმარისი ცოდნა, რადგან დამატებითი ცოდნის აუცილებლობის აღიარება გულისხმობს, რომ ამ ადამიანებმა უკვე რაღაც იციან ამ კონკრეტული აქტივობის შესახებ
სხვა კვლევების მსგავსად, აღნიშნული პრობლემის ჩვენეული გამოსავალი გულისხმობდა დაშვებას, რომ ყოველთვის, როდესაც ცოდნის ჩავარდა კორელაციაშია შედეგთან, ის უარყოფით გავლენას ახდენს მასზე. თუ საქმე გვქონდა დანინგ-კრუგერის ეფექტთან ანუ დაფიქსირებული ეფექტი დადებითი იყო, ეფექტის მოცულობას აღარ ვაფასებდით.
რატომ ეს კვლევა?
UNDP-ის უმთავრესი მიზანია, დაადგინოს ქართველი ფერმერების ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩავარდნა. ეს ანალიზი საფუძვლად დაედება, ერთის მხრივ, ქართული პროფესიული განათლებისა და ტრენინგების სისტემის შედგენას და განახლებას, მეორეს მხრივ კი, ქართულ სასოფლო-სამეურნეო ექსტენციებს, მეორეს მხრივ. თუმცა მონაცემები საშუალებას გვაძლევს, გავაანალიზოთ ქართული სოფლის მეურნეობის სხვა გადაუდებელი პრობლემებიც.
მაგალითად, ჩვენ განვსაზღვრავთ მახასიათებლებს, რაც მიანიშნებს ფერმის ეკონომიკურ გადარჩენაზე და დავითვლით ოპერაციების შეწყვეტის ალბათობას. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შესაბამისი ფერმერების ტრენინგებისა და ექსტენციების აქტივობებისთვის, არამედ სწორი ჯგუფების შერჩევისთვის, როდესაც საქმე ეხება სოციალური კეთილდღეობის საზომებსა და სოფლის მეურნეობის სტრუქტურულ სტრატეგიებს. ჩვენ, ჩვენ მიერ გაკეთებულ დასკვნებს დავაკავშირებთ კრედიტების მიწოდებასა და დეფოლტის განაკვეთებზე არსებულ გამოკითხვის შედეგებთან, რაც ცოდნის ჩავარდნასა და ფერმის მახასიათებლებს აკავშირებს ქართული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ უმთავრეს დაბრკოლებასთან – ყბადაღებულ კაპიტალის დეფიციტთან.
სტატიის მეორე ნაწილში, რომელიც მომდევნო კვირას გამოქვეყნდება, განვიხილავთ პროექტის საცდელი ანგარიშიდან მიღებულ ზოგიერთ საინტერესო დასკვნას.
Comments