ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

“მეგობრობის ხიდი” – გრავიტაციისთვის თუ მის საწინააღმდეგოდ?

გასულ კვირას სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იმედისმომცემი განცხადებით დასრულდა: ჯერ კიდევ 2014 წელს საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მიერ დამტკიცებული ინფრასტრუქტურული პროექტის „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა 2017 წელს დაიწყება და ორ წელიწადში დასრულდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების სხვა შესაძლებლობებსა და ამ პროცესში ბიზნეს-საზოგადოების ჩართვის გზებზეც იმსჯელეს.

ამ სულისკვეთებამ შეიძლება ბევრი გააკვირვოს, რადგან ამ ორმა ქვეყანამ ხომ ბოლო დროს რეგიონული ინტეგრაციის პოლიტიკაში სხვადასხვა გეზი აიღო. თუ 2015 წელს სომხეთი შეურთდა რუსეთის მიერ მართულ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შეუერთდა, 2014 წლის ივნისში საქართველომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. 2015 წელს მკვეთრად შემცირდა ამ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა (იხ. გრაფიკი #1) გამოხატული აბსოლუტური მაჩვენებლებით (29%-ით, აშშ დოლარში) და სომხური საქონლის წილით საქართველოს მთლიანს სავაჭრო მოცულობაში (4.35%-დან  3.58%-მდე). ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა ბედი ელის „მეგობრობის ხიდს“? ის სომხეთს, რუსეთსა და ევრაზიის კავშირის ქვეყნებს შორის სატრანზიტო გზად გადაიქცევა თუ მართლაც საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორობის გაღმავების ინსტრუმენტი გახდება.

გრაფიკი #1: საქართველოსა და სომხეთს შორის ვაჭობის მოცულობა


ძლიერი „გრავიტაციული ველი“...

საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკებს შორის არსებული ბევრი მსგავსება განპირობებულია გეოგრაფიული, ისტორიული და ანთროპოლოგიური გარემოებებით, რომლებიც, ვაჭრობის შემსწავლელი ეკონომისტების თანახმად, ქმნის ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებისთვის სახარბიელო პირობების უნიკალურ ერთობლიობას. საერთაშორისო ვაჭრობის გრავიტაციული მოდელი პირველად იან ტინბერგენმა შეიმუშავა 1962 წლის ნაშრომში „მსოფლიო ეკონომიკის ფორმირებაში მსოფლიო სავაჭრო ნაკადების ანალიზი“. ის ორ ქვეყანას შორის მთლიანი ვაჭრობის მოცულობის ასახსნელად ქვეყნის მთავარ მახასიათებლებს იყენებს. მოდელის მიხედვით, ქვეყნებს შორის ვაჭრობა პროპორციულია მათი მშპ-ით გამოხატული ზომების  და უკუპროპორციულია ორ ქვეყანას შორის გეოგრაფიული მანძილისა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი მაჩვენებლი  მნიშვნელოვანია, ისინი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ აეხსნათ მსოფლიოში სავაჭრო ნაკადების ტენდენციები. შედეგად, დროთა განმავლობაში, მოდელმა უფრო მრავალფეროვანი ცვლადები შეიძინა (მაგ.: საერთო ენა, საერთო საზღვრები, გეოგრაფიული დახშულობა, კუნძული, მიწის ფართი, საერთო ქვეყანა, პრეფერენციათა საზოგადო სისტემა, საერთო წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, საერთო ვაჭრობა ყველა პარტნიორთან, პარტნიორობა ევროკავშირთან, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება დასავლეთ ამერიკასთან და სხვ.). ამ ცვლადების მეშვეობით შესაძლებელი გახდა ქვეყნებს შორის სავაჭრო ნაკადების უკეთ ახსნა.

საქართველო და სომხეთი ძალიან ახლო მეზობლები არიან გეოგრაფიულად და ისტორიულად, აქვთ საერთო საზღვრები, სომხეთისთვის საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, საიდანაც უცხოური ბაზრებზე შეუძლია გავიდეს, ორივე ქვეყანას მსგავსი ეკონომიკური სტრუქტურა აქვს; გრავიტაციული მოდელის მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ორივე ქვეყანას შეუძლია, იხეიროს  ორმხრივი ვაჭრობისთვის არსებული საკმაოდ ძლიერი „გრავიტაციული ველით“.


…მაგრამ რა მოვუხერხოთ სხვადასხვა გეზს…

საქართველო და სომხეთი სხვა ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი დანიშნულების წერტილებია ექსპორტის თვალსაზრისით, ექსპორტისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელ პირობებს ქმნის 1995 წელს ხელმოწერილი ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით, რომელიც დღემდე მოქმედებს, მოხსნილია ყველანაირი ტარიფი თუ ქვოტა სავაჭრო საქონელზე, ასევე, ხელშეკრულება უშვებს საქონლის უფასო ტრანზიტს. ახლახანს ორმა ქვეყანამ ურთიერთგამომრიცხავი სავაჭრო ხელშეკრულებები დადო: საქართველომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება ევროკავშირთან, სომხეთმა – ევრაზიის კავშირთან. ეს ხელშეკრულებები უმალვე პირდაპირ აისახება ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო პირობებზე, რადგან თითოეულს სხვადასხვა სატარიფო თუ არასატარიფო პოლიტიკა აქვს.

საქართველოს და სომხეთს შორის დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება პრინციპულად არათავსებადია ევრაზიის კავშირის წევრობასთან, თუმცა ამ ხელშეკრულების მუხლი საქართველოს ნებას რთავს, თავისუფალი ვაჭრობა იქონიოს სომხეთთან, ამისთვის საჭიროა მხოლოდ ის, რომ ძალაში იყოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. თუმცა საქართველო უტარიფოდ მხოლოდ ადგილობრივი პროდუქტის გატანას შეძლებს სომხეთში. საზღვარგარეთ წარმოებული საქონლის რე-ექსპორტს გაზრდილი ტარიფი შეეხება. თითოეულ ქვეყანას ვალდებულება აქვს აღებული, 2020-2022 წლისთვის დააკმაყოფილოს საქონლის კონკრეტული სტანდარტები. ამ სტანდარტებით შექმნილი არასატარიფო ბარიერიებით კი ქართველ და სომეხ ექსპორტიორებს გაეზრდებათ სტანდარტების დაცვის ხარჯი გრძელვადიან პერიოდში.

გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფი საქართველო 2016 წლის ანგარიშში „ვაჭრობა საქართველოსა და სომხეთს შორის: ჩვეულებრივი ბიზნესი?“, ამტკიცებს, რომ საქართველოსა და სომხეთის განსხვავებული სავაჭრო მიმართულებები საქართველო-სომხეთის სავაჭრო დინამიკაზე აისახება მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში. ცხრილში #1 შეჯამებულია, რა მოკლევადიან და გძელვადიან გავლენას იქონიებს სატარიფო და არასატარიფო ბარიერები ადგილობრივი საქონლის ექსპორტსა და უცხოური საქონლის რეექსპორტზე. მოკლევადიან პერიოდში, გაზრდილი ტარიფი შეეხება მხოლოდ რამდენიმე უცხოეთში წარმოებულ საქონელს, შესაბამისად, ტარიფები მინიმალურ ან ნულოვან გავლენას იქონიებს სომხეთში საქონლის ჯამურ ექსპორტზე.  არასატარიფო ბარიერები, მაგალითად, გამკაცრებული საბაჟო პროცედურები ევრაზიის კავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის,  უარყოფით ზღვრულ გავლენას იქონიებს. გრძელვადიან პერიოდში, მეორე მხრივ, რეექსპორტზე ტარიფების გაუქმებას დამატებითი უარყოფითი შედეგი მოაქვს საქართველოს ექსპორტისთვის. საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზაა სომხეთის ექსპორტისთვის, ამიტომ, დიდი ალბათობით, საქართველო-სომხეთის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალაში დარჩება. ასეთ შემთხვევაში კი საქართველო კვლავ ისარგებლებს სომხეთის ბაზარზე უტარიფო წვდომით. ამასთანავე, საქართველოს მოუწევს დააკმაყოფილოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტები, ხოლო სომხეთი შემოიღებს ევრაზიის კავშირის რეგულაციებს, ამ ყველაფრით კი ექპორტიორებს გაეზრდებათ სტანდარტის დაცვის ხარჯი, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის დარგში, რადგან ხელშეკრულებებში სხვადასხვა სასაქონლო სტანდარტი და უვნებლობის მოთხოვნებია ჩადებული. ეს მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საქართველოსა და სომხეთს შორის ვაჭრობაზე.

ცხრილი #1. გავლენის შეჯამება, გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფი (2016 წ.)

გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფი თანახმად, საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში სომხეთში ექსპორტის კლება ნაწილობრივ უკვე აიხსნება ევრაზიის კავშირში სომხეთის წევრობით. 2014 წელს საქართველოს მთლიანი ექსპორტის 9.8% სომხეთზე მოდიოდა, 2015 წელს ეს მაჩვენებლი 7.1%-მდე დაეცა. ამ ცვლილების 77% გამოიწვია რეექსპორტის, უმეტესად მეორადი მანქანების რეექსპორტის,  შემცირებამ. ავტორების თქმით, ამის მიზეზია ფინანსური და ადმინისტრაციული ტვირთის ზრდა ევრაზიის კავშირის საბაჟო საზღვრებზე.


…არც სენტიმენტები აკლია ამ ურთიერთობას

სომხებსა და ქართველებს შორის გაუარესებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო ამწვავებს ერთმანეთის მიმართ უნდობლობა. კავკასიის ბარომეტრის – კავკასიის კვლევითი რესურსცენტრის მიერ ჩატარებული ყოველწლიური გამოკვლევის – თანახმად, სომხებს ურჩევნიათ, ბიზნესი რუსებთან წამოიწყონ, ვიდრე ქართველებთან, იმავე აზრზე არიან ქართველებიც (იხ. გრაფიკი #2). საბედნიეროდ, ახალგაზრდა ქართველ და სომეხ თაობაში მნიშვნელოვნად მცირეა იმ რესპონდენტთა წილი, რომელიც არ ემხრობა ერთმანეთთან საქმის დაჭერას.

გრაფიკი #2. რამდენად მისაღებია ქართველებისა და სომხებისათვის ბიზნესის კეთება ერთმანეთთან და რუსეთთან


...და მაინც, გვირაბის ბოლოს სინათლეა

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა დაეხმარება საქართველოს, მოიზიდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იმ საქონლის წარმოებაში, რომელიც ექსპორტზე გავა ევროკავშირის ბაზარზე. სომხეთისთვის საქართველომ, შესაძლოა, შეასრულოს გადასახადებისგან თავისუფალი პლატფორმის როლი, საიდანაც სომხეთი შეძლებს ექპორტზე გაიტანოს ევროკავშირისთვის გამიზნული საქონელი და მომსახურება. საექსპორტო პლატფორმაში ინვესტიცია შეიძლება მთელ პროდუქციის ჯაჭვში ჩაიდოს ან მხოლოდ მის ზოგიერთ ელემენტში (არ არის აუცილებელი, ეს იყოს წარმოების საბოლოო ეტაპი).  ინვესტიციის ტიპი (სექტორი, წარმოების ფაზა) დამოკიდებული იქნება კონკრეტული შემთხვევის შესაბამის „ადგილწარმოშობის“ წესებზე (მაგ.: საქართველოს, ევროკავშირის ან/და სხვა ქვეყნების წილი საბოლოო პროდუქტის ღირებულებაში), საქართველოს შედარებით უპირატესობაზე საწარმოო ფაქტორებში (შრომა, მიწა, წყალი, ენერგია, ბუნებრივი რესურსები) და, რა თქმა უნდა, ინვესტორების ნოუ-ჰაუზე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაში ჯერ კიდევ მოკრძალებული წილი უჭირავს (0.77% 2015 წელს) სომხეთიდან შემოსულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, მაჩვენებელი შესამჩნევად გაიზარდა 2014 და 2015 წლებში გასულ წლებთან შედარებით (157%-იანი ზრდა 2012-2013 წლებთან შედარებით). მეტია დროა საჭირო იმის დასადგენად, შენარჩუნდება თუ არა ინვესტიციის ნაკადის ეს მოკლევადიანი ზრდა და შეიძლება თუ არა ის საექსპორტო პლატფორმას მივაწეროთ.


… და ბოლოს

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ და სომხეთმა ბოლო დროს განსხვავებული სავაჭრო პოლიტიკა აირჩიეს, მათ ძლიერი პოზიცია აქვთ და შეუძლიათ, კარგად გამოიყენონ ეკონომიკურ-პოლიტიკური პარტნიორობით შექმნილი შესაძლებლობები. თუ ყურადღების მიღმა დავტოვებთ გაუარესებულ საგარეო პირობებს და ზემოთ აღნიშნულ სისუსტეებს, მათ, შესაძლოა, დააბრკოლონ ამ ქვეყნების ეკონომიკური განვითარება. გამომდინარე აქედან, ვიმედოვნებთ, „მეგობრობის ხიდი“ საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს უბიძგებს, შეიმუშაონ ეკონომიკური ინტეგრაციის ურთიერთშეთანხმებული პოლიტიკა, დააკავშირებს ქართველ და სომეხ ბიზნესებს და მისცემს მათ საშუალებას, გამოიყენონ თითოეული ქვეყანაში არსებული შესაძლებლობები; მეტიც, მეგობრობის ხიდი საქართველოს მაღაზიებს მსოფლიოში მეორე საუკეთესო (სან-ფრანცისკოს შემდეგ) წყლითაც მოამარაგებს დილიჟანიდან (რუბიკ ხაჩიკიანი, 1977 წ.).


იხილეთ მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners