21 აპრილს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები საგზაო მოძრაობის კანონში და საქართველოში ეგრეთ წოდებული ქულების სისტემა შემოიღო. ამ სისტემით თითოეულ მძღოლს ენიჭება 100 ქულა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას, გარდა უკვე არსებული ფულადი ჯარიმისა, მძღოლს აკლდება გარკვეული რაოდენობის ქულა.
როდესაც მძღოლს ამოეწურება მინიჭებული 100 ქულა, მას მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოერთმევა. ყოველი წლის პირველ იანვარს მძღოლებს ქულების ბალანსი 100-მდე შეევსებათ.
როგორც საზოგადოების წევრს, მაშფოთებს ყოველდღიურად საქართველოს გზებზე ტრაგიკული ავარიების და სასიკვდილო შემთხვევების შესახებ ამბების მოსმენა. მაგრამ შეცვლის კი ქულების სისტემა მძღოლების ქცევას, გახდება ჩვენი გზები მეტად უსაფრთხო ამ ცვლილებების შედეგად? სწორედ ამ შეკითხვაზე უნდა ვეძიოთ პასუხი პირველ რიგში.
არსებული მდგომარეობა
საქართველოს საგზაო წესების კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა მწვავედ წარმოაჩინა გზებზე ავარიების მძიმე სტატისტიკამ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, საქართველოში 2013 წელს საგზაო მოძრაობით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო 11.8 სიკვდილი ასი ათას მოსახლეზე. ეს რიცხვი მოსახლეობის ძველი აღწერის მიხედვით არის გამოთვლილი. თუ მას ხელახლა გადავითვლით 2014 წლის აღწერის მონაცემების გამოყენებით, სტატისტიკა იზრდება 15.7-მდე – ევროპაში ამაზე უარესი ვითარება მხოლოდ რუსეთში იყო.
2008-2011 წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა მცირდებოდა, მაგრამ 2011-2016 წლებში ა ეს რიცხვი 4486-დან 6939-მდე გაიზარდა, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთარიცხვი 6638-დან 9951-მდე გაიზარდა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობა წლების მიხედვით მერყეობდა 511-დან 867-მდე.
მძიმე საგზაო შემთხვევების (დაზიანება ან სიკვდილი) მთავარი გამომწვევი მიზეზებია: 1) არასწორი მანევრირება, 2) სიჩქარის გადაჭარბება და 3) გასწრების წესების დარღვევა. არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვას მხოლოდ მეოთხე ადგილი უჭირავს ამ ჩამონათვალში, როდესაც არსებული სისტემა ყველაზე მკაცრ ჯარიმებს და სანქციებს სწორედ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვაზე აწესებს.
და მაინც, საქართველოში შეჯახებებისა და სერიოზული დაზიანებების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ავტოპარკის სწრაფი ზრდა. 2014 წელს საქართველომ დაკარგა მანქანების რეექსპორტის ბაზრის დიდი ნაწილი ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. მანქანები, რომლებმაც ვეღარ შეაღწიეს ამ ბაზრებზე, ადგილზე გაიყიდა დიდი ფასდაკლებით. შედეგად, ავტოპარკის რაოდენობა საქართველოში 50%-ით გაიზარდა და, თუ 2011 წელს მაჩვენებელი 751,372 იყო, 2016 წელს 1,126,470 მიაღწია.
ამ პერიოდში კორელაცია მანქანების რაოდენობას, ავტოსაგზაო შემთხვევებსა და მათში დაშავებულთა რაოდენობას შორის დადებითი და ძალიან მაღალი იყო (0.98).
თუმცა მიზეზი მხოლოდ მანქანების რაოდენობის ზრდა არ არის. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე ასევე მნიშნელოვან ზეგავლენას ახდენს გზების ხარისხი, რომელიც, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემების მიხედვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უარესდება. იმრავლა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის დაუსრულებული მონაკვეთების რიცხვმა, რაც კიდევ უფრო ზრდის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რისკს. მაგალითად, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე, სადაც ძალიან ცოტა საგზაო ნიშანია და არც გამყოფი ბარიერები არ არსებობს, უკანასკნელ პერიოდში ბევრი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა (ახლახანს მთავრობამ გადაწყვიტა, გზატკეცილის ამ ნაწილზე ორი ზოლი დაამატოს).
საგზაო უსაფრთხოების გაუარესების სხვა მიზეზებია მარჯვენასაჭიანი მანქანების წილის ზრდა, ძველი და ტექნიკურად გაუმართავი მანქანების დიდი წილი, მართვის მოწმობის მარტივი გამოცდა. თუმცა ქართველი მძღოლების მართვის რისკიანი მანერა შეიძლება იყოს დაბალი საგზაო უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. როგორ იმოქმედებს ქულების სისტემა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე?
ქულების სისტემის მექანიზმი და მისი ეფექტიანობა
ქულების სისტემა სამი მექანიზმით აუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას:
1) ქულების დაკლების რისკი სახიფათო ქცევის პრევენციაა
2) საგზაო წესების ყველაზე ხშირად დამრღვევების შერჩევა და მათთვის მართვის მოწმობების ჩამორთმევა
3) ქულების სისტემაში არსებული საგანმანათლებლო ელემენტით რისკიანი ქცევის გამოსწორება (ქართულ ქულების სისტემაში ეს ელემენტი არ არის ჩარუთლი).
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სისტემა გამოიყენება ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 22-ში, მისი ეფექტურობა არც ისე აშკარაა.
კვლევა, რომელიც ეყრდნობა ქულების სისტემის ეფექტის შესწავლას 24 ქვეყანაში, აჩვენებს, რომ ქულების სისტემის დანერგვის თავდაპირველი შედეგია ავტოსაგზაო შემთხვევებისა და გარდაცვლილთა თუ დაშავებულთა რაოდენობის 15-20%-იანი შემცირება, მაგრამ ეს დადებითი ეფექტი ხანმოკლეა (კასტილო-მანზანო და კასტრო-ნუნო, 2012 წ.). „წესების რამდენჯერმე დარღვევის გამო მართვის მოწმობის დაკარგვის თავდაპირველი შიში მაშინვე ქრება, როგორც კი ახალი ამბები თავს ანებებს ქულების სისტემის განხილვას, მეგობრები და ოჯახის წევრები აღარ საუბრობენ ამ თემაზე და პოლიციაც ისე ხშირად აღარ გვხვდება თვალში“(შაგენი და მაჩატა, 2012 წ.).
რედელმაიერმა, ტიბშირანმა და ევანსმა (2003 წ.) კანადაში, ავტოსაგზაო შემთხვევების და წესების დარღვევის პრევენციის თვალსაზრისით, ქულების სისტემის ეფექტურობის შეფასებისას აღმოაჩინეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა მცირდება მხოლოდ ქულების ამოქმედების შემდგომ საწყის პერიოდში, რის მერეც ეს მაჩვენებელი კვლავ საწყის დონეს უბრუნდება. მეტიც, ამგვარი შედეგი გამოვლინდა მხოლოდ მსუბუქ და საშუალო დონის დამრღვევებში, ხოლო წესების სერიოზულ დამრღვევებზე ამ სისტემამ ვერ იქონია რაიმე მნიშნველოვანი გავლენა.
არიფ მეჰმუდმა (2010 წ.) არაბეთის გაერთიანებული ემირატების სიდიდით მეოთხე ქალაქში, ალ აინში ქულების სისტემის ეფექტის შეფასებისას აღმოაჩინა, რომ მას არანაირი გავლენა არ აქვს სიჩქარის გადაჭარბებაზე, რის მთავარ მიზეზად ავტორი ასახელებს უწყვეტ და თვალსაჩინო აღსრულების არარსებობას.
საქართველოში ქულების სისტემა კიდევ უფრო ნაკლებ გავლენას იქონიებს მძღოლების ქცევაზე, რადგან ის ძალიან ლიბერალური და არასრულია:
პირველ რიგში, მძღოლებს ქულები დააკლდებათ მხოლოდ უშუალოდ პატრულის თანამშრომლების მიერ აღრიცხული და არა კამერების ან სიჩქარის რადარების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებისთვის.
მეორე, 100 ქულა გაიცემა ერთი წლით, რაც ძალიან მოკლე ვადაა. მაგალითად, ავსტრალიაში, ქულები გაიცემა 3 წლით, ინგლისში და უელსში – 4 წლით, გერმანიაში – 2.5-დან 10-წლამდე, დამოკიდებულია თითოეული დარღვევის სიმძიმეზე. იტალიაში ქულები მძღოლს ენიჭება შეუზღუდავი ვადით.
მესამე, საქართველოში მართვის მოწმობაჩამორთმეული მძღოლი მას ერთ წელიწადში ან გამოცდის ხელახლა ჩაბარებისთანავე დაიბრუნებს. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში, მძღოლებს, რომლებიც ქულებს ამოწურავენ, მართვის მოწმობა სამი თვიდან სამ წლამდე ვადით ჩამოერთმევათდა მათ ხელახლა უნდა ჩააბარონ გამოცდა.
მეოთხე, ქართული ქულების სისტემა არ შეიცავს „გამოსწორების“ კომპონენტსგულისხმობს ს. ასეთი კურსების მიზანია მონაწილეებისთვის საფრთხეების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდების გზით განმეორებითი დარღვევების თავიდან არიდება. ზოგიერთ ქვეყანაში, მძღოლების „გამოსასწორებელი“ კურსები სავალდებულოა (ნიდერლანდები), ზოგიერთ ქვეყანაში (ბელგია, შვეიცარია) კურსებში მონაწილეობის სანაცვლოდ საქმე სასამართლოს აღარ გადაეცემა ან მძღოლს მოწმობა უფრო მალე უბრუნდება, ან ნაკლები ჯარიმა ეკისრება.
რეკომენდაციები
შეძლებს თუ არა ქულების სისტემის ქართული ვერსია, შეცვალოს გზებზე არსებული ვითარება?
ზემოთ ნახსენები ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ქულების სისტემის არაეფექტიანობის მთავარი მიზეზი არის სუსტი აღსრულება. ჯოზეფ მონტაგმა (2013 წ.) შეაფასა ჩეხეთში 2006 წელს საგზაო უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული რეფორმები, რომლებიც ძირითადად მოიცავდა ქულების სისტემის დანერგვასა და ჯარიმების მრავალჯერ ზრდას. ავტორმა აღმოაჩინა, რომ საწყის პერიოდში ახალ რეგულაციებს მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდა – პირველი სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 30%-ით შემცირდა სასიკვდილო შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ეფექტი ნულოვანი იყო. ამავდროულად, გამოვლინდა, რომ აღსრულებაზე გამოყოფილი რესურსები ადამიანური რესურსებისა და სიჩქარის რადარების გამოყენების ინტენსივობის თვალსაზრისით, დროთა განმავლობაში შემცირდა. დამრღვევები რეაგირებენ მოსალოდნელ ჯარიმებზე, რაც პირდაპირ არის დამოკიდებული მძღოლის აღქმაზე – რა არის ალბათობა იმისა, რომ პოლიცია მას დარღვევის დროს გამოიჭერს. ამიტომ პოლიციის ქმედებებით უნდა გაიზარდოს აღქმა, რომ დარღვევებზე მძღოლს გამოიჭერენ და დააჯარიმებენ.
ქულების ახალ სისტემაში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილებები, რომ ის ეფექტიანი გახდეს:
• მძღოლებს უნდა დააკლდეს ქულები იმ დარღვევებისთვის, რომლებსაც სიჩქარის რადარები და კამერები დააფიქსირებენ;
• მიზნობრივი ჯგუფებისთვის დაწესდეს სპეციალური მოთხოვნები. ბევრ ევროპულ ქვეყანაში ახალბედა მძღოლებს უფრო მეტ ქულას აკლებენ, რადგან ისინი ყველაზე მაღალი რისკის მქონე ჯგუფის მძღოლები არიან;
• მათ, ვისი ქულებიც ნულს უახლოვდება, უნდა შესთავაზონ „გამოსასწორებელი“ კურსები. მსგავსად, მსგავსი კურსები უნდა იყოს მართვის მოწმობის უკან დაბრუნების აუცილებელი პირობა;
• საჭიროა კამერების მეტად გამოყენება გზების ეფექტიანი მონიტორინგისთვის – უნდა გაიზარდოს სიჩქარის რადარებისა და კამერების რაოდენობა, დაინერგოს მობილური და ეგრეთწოდებული ჭკვიანი კამერები, რომლებიც მონაკვეთზე საშუალო სიჩქარეს აკონტროლებს. მაგალითისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ავსტრიის, შვედეთისა და ბელგიის გამოცდილება;
• ქულების სისტემის და მისი აღსრულების რეგულარული გაშუქება. უნდა გაიზარდოს საგზაო წესებსა და მათი დარღვევების შედეგებში გათვითცნობიერების დონე, რათა დამკვიდრდეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი სოციალური ნორმები.
პ.ს. გუშინ (28.04.2017) მანქანით თბილისი მოლისკენ მივდიოდა, როცა ჩემგან 30-40 მეტრში სერიოზული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა და ძალიან დაზიანდა. საბედნიეროდ, მძღოლები და მგზავრები გადარჩნენ.
პატივი ვცეთ სხვების და საკუთარ სიცოცხლეს! ვიჩქაროთ ნელა!
Comments