2015 წლის 1 აპრილი
2009 წელს დაწყებული პროექტი, რომლის შესახებ ცოტამ თუ იცის, საქართველოს რეგიონების სკოლების გარდაქმნას ისახავს მიზნად. „ასწავლე საქართველოსთვის”[1] არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული პატარა პროგრამა, რომლის მიზანია საჯარო განათლების სისტემისათვის ახალი სისხლის გადასხმა. „ასწავლე საქართველოსთვის“ არის მცირებიუჯეტიანი პროგრამა (წლიური ბიუჯეტი – 212,000 ლარი), რომელიც თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული „სტარტაპი“ – „ჩარჩოებს მიღმა“ ფიქრისა და მოქმედების მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ პატარაა და ძირითადად ორიენტირებულია შორეული და მაღალმთიანი რეგიონების სკოლებზე, ის ყოველთვის ითვლებოდა უმნიშვნელოვანეს სიახლედ საქართველოს მერყევ განათლების სისტემაში.
არსებითად, „ასწავლე საქართელოსთვის“ გვთავაზობს მასწავლებელთა შერჩევისა და გადამზადების ალტერნატიულ მიდგომას. ეს მიდგომა ეფუძნება იმ რეალობას, რომ საქართველოს პედაგოგიურ უნივერსიტეტებს არ ძალუძთ ნიჭიერი ახალგაზრდების მოზიდვა, ნაცვლად ამისა, ისინი წარმოადგენს ე.წ. „თავშესაფარს“ იმ სტუდენტებისათვის, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაბალი ქულები მიიღეს. პროგრამის სამიზნე ჯგუფი არის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და პროფესიონალები, რომლებიც პენსიაზე გასვლას აპირებენ ან, უბრალოდ, სურთ, თავიანთი ყოველდღიურობისგან ცოტა ხნით დაისვენონ. ურიცხვ აპლიკანტს შორის შერჩეული კანდიდატები (რომელთა რიცხვი 2015 წელს 300 იყო) გადიან ინტენსიურ პედაგოგიურ გადამზადებას, რის შემდეგაც ნაწილდებიან შორეულ და მაღალმთიან რეგიონებში. პროგრამა „ასწავლე საქართელოსთვის“ შერჩეულ კანდიდატებს სთავაზობს ღირსეულ ანაზღაურებას (თვეში 1000 ლარამდე). თუმცა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს პროგრამა ეხმარება მონაწილეებს, იპოვონ ან გადააფასონ თავიანთი ცხოვრებისეული მიზანი. ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 550 მასწავლებელი წავიდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონების – სვანეთის, აჭარის, რაჭის, სამცხე-ჯავახეთის – სოფლებში, როგორც მასწავლებელი, მისაბაძი მაგალითი და ლიდერი.
პროგრამის არნახული წარმატების გათვალისწინებით, ქართული ოცნების ადმინისტრაციამ პროგრამის ბიუჯეტი გააოთხმაგა. თუკი 2012 წელს პროგრამის ბიუჯეტი 500,000 ლარი იყო, 2015 წლისათვის მან 2.1 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მაგრამ ჭეშმარიტი რევოლუცია ჯერ კიდევ წინ არის. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და სოროსის ფონდის ღია საზოგადოების ინსტიტუტი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში პროგრამაში „ასწავლე საქართველოსთვის“ 3.2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებენ (0.8 მილიარდ აშშ დოლარს 2016 წელს, 0.6 მილიარდ აშშ დოლარს 2017-2020 წლებში). ამგვარად ეს პროგრამა აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საგანმანათლებლო „სტარტაპი“. დღეს დილით (2015 წლის 1 აპრილი) გავრცელებულ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ერთობლივ განცხადებაში საუბარია ამ „ღრმა და ყოვლისმომცველი“ რეფორმის ძირითად მიზნებზე, რომელიც უკვე მომდევნო წლიდან დაიწყება საქართველოს საჯარო სკოლებში.
- 2016 წლის იანვრიდან პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ გარდაიქმნება ეროვნული მნიშვნელობის პროექტად, რომელსაც, როგორც დამოუკიდებელ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, დაეკისრება მთელი პასუხისგმებლობა საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის გარდაქმნაზე. პრეზიდენტი მარგველაშვილი, როგორც პატივცემული ქართველი მეცნიერი და ყოფილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, უხელმძღვანელებს პროგრამის დირექტორთა საბჭოს, უზრუნველყოფს რა სააგენტოებს შორის კოორდინაციას. საბჭოს წევრები იქნებიან: საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ქართუს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ჩხეტიანი, OSI-ის განათლების ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი, ბილ ნიუტონ-სმიტი, UNICEF-საქართველოს ხელმძღვანელი, საშა გრაუმენი, ასევე, ისეთი ცნობილი, საერთაშორისო დონის მეცნიერები, როგორებიც არიან ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტი, ჯეიმს ჰეკმანი და მაქს პლანკის ფიზიკის განყოფილების დირექტორი, გიორგი დვალი.
- აღნიშნული რეფორმის ქვაკუთხედი არის საქართველოს პედაგოგიური უნივერსიტეტების ეტაპობრივი გარდაქმნა მასწავლებელთა ტრენინგ-ცენტრებად (TTC), რომლებიც უზრუნველყოფენ ინტენსიურ პედაგოგიკის სასერთიფიკატო კურსებს.ბაკალავრის ხარისხის მინიჭების ნაცვლად, მასწავლებელთა ტრენინგ-ცენტრები მოემსახურება, ერთის მხრივ, უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებსა და პროფესიონალებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მასწავლებლის პროფესიით, და, მეორეს მხრივ, მოქმედ მასწავლებლებს, რომელთაც სურთ, აიმაღლონ პედაგოგიური კვალიფიკაცია. მიუხედავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური სკოლისა და სხვა პედაგოგიური სასწავლებლების მოსალოდნელი სასტიკი წინააღმდეგობისა, ეს პროექტი არის გარანტი იმისა, რომ მასწავლებლის პრესტიჟი აღდგება და ახალ თაობებს ასწავლიან ადამიანები, რომელთაც აქვთ შესაბამისი უნარ-ჩვევები და პროფესიული კვალიფიცაცია.
- წამყვანი ქართული უნივერსიტეტები წახალისდებიან, შეიმუშაონ ახალი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები პედაგოგიკაში, რათა მოხდეს ახალი მიდგომების გამოცდა (მაგალითად, ონლაინ და მრავალენობრივი სწავლება) და საქართველოს სკოლებში კოგნიტური ფსიქოლოგიისა და პედაგოგიური კვლევების უკანასკნელი მიღწევების შემოტანა.
- „ასწავლე საქართველოსთვის“ მასწავლებელთა მომზადების და დასაქმების არსებულ მოდელს მთლიანად შეცვლის.უპირველეს ყოვლისა,ეს შესაძლებლობა კარს გაუხსნის მათ, ვისაც უკვე უმუშავია საჯარო თუ კერძო სექტორში და სურთ, ძალები მოსინჯონ როგორც მასწავლებლებმა. ასევე, კანდიდატები შეირჩევიან უნივერსიტეტების სხვადასხვა მიმართულებების – მათემატიკის, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების – კურსდამთავრებულთაგან. შერჩეული კანდიდატები გაივლიან პედაგოგიკის ინტენსიურ კურსებს ახლად შექმნილ მასწავლებელთა გადამზადების ცენტრებში. გუნდური სწავლება და კონსულტაციები გამოცდილ კოლეგებთან დამწყებ მასწავლებლებს თავდაჯერებას შემატებს. ამგვარად, „ასწავლე საქართველოსთვის“ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არსებულ მდგომარეობას, როგორც იტყვიან: „ვისაც შეუძლია, აკეთებს, ვისაც არა – ასწავლის“.
- დაბოლოს, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ საუკეთესო ადამიანური რესურსი განათლების სისტემაში, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ითანამშრომლებს საქართველოს მთავრობასთან, UNICEF-თან, საქველმოქმედო ფონდებსა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს მასწავლებელთა ანაზღაურება. მასწავლების საშუალო ხელფასი დღეისათვის (500 ლარამდე თვეში) ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ნიჭიერი ახალგაზრდები მოიზიდო. თუმცა, რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ანაზღაურება საკმაოდ მაღალია იმისთვისაც, რომ ასაკოვანი მასწავლებლები პენსიაზე გავიდნენ. შედეგად, საქართველოში მოსწავლე-მასწავლებლების შეფარდება ძალიან დაბალია (2014 წელს აღნიშნული შეფარდება იყო 9:1, მაშინ, როცა OECD-ის ქვეყნებში იგივე მაჩვენებელია 13:1). ეფექტურობის გაზრდის მიზნით, „ასწავლე საქართველოსთვის“ გულუხვი საკომპენსაციო პაკეტების შეთავაზებით წაახალისებს ასაკოვან მასწავლებლებს, პენსიაზე გავიდნენ. ამავე დროს, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს საქველმოქმედო ფონდებისა და საქართველოს რეგიონებში მოქმედი კერძო ბიზნესის წარმომადგენლების ჩართულობას შორეულ და რთულად მისაღწევ მთიან სოფლებში მასწავლებლების დაფინანსების პროცესში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარისათვის, ნინო დოღონაძისათვის მიცემულ ინტერვიუში ვერ დამალა თავისი აღფრთოვანება აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით: „ჩვენმა განათლების სისტემამ მიაღწია იმ წეტილს, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არის. ჩვენ გვჭირდება სრულიად ახალი მიდგომა და არა ძველი, ფორმალური ხარისხის კონტროლი. ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნით. ჩვენ გვჭირდება ახალი სისხლი. და ეს ეხება ორ საკითხს: პრესტიჟს და ანაზღაურებას.“
ყველაზე მრავლისმთქმელი კომენტარი გააკეთა სოფელ ძვერის (იმერეთი) სკოლის მასწავლებელმა მანანა ფანჩულიძემ: „ყოველ დილით 5 საათზე მიწევს ადგომა, რომ 2 ძროხა მოვწველო და ოჯახისათის სადილი მოვამზადო. სახლის საქმეებსა და მეურნეობას ბევრი დრო მიაქვს. სამინისტროს [განათლებისა და მეცნიერების] თითქმის ყოველ წელს ახალი მოთხოვნები და წიგნები შემოაქვს, მაგრამ მე კლასისთვის მომაზდების დროც კი არ მაქვს, აღარაფერს ვამბობ რაღაც ახლის სწავლაზე. ძვერში გვყავს ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისე, ელისონ სვანსონი. რატომ არ არიან ქართველი მოხალისეები? ვფიქრობ, ჩვენი სოფლის ბავშვები მეტს იმსახურებენ.“
საქართველოს რკინიგზის მთავარი ფინანსური ანალიტიკოსი, ლექსო კოჭლაშვილი აღფრთოვანებულია იმ შესაძლებლობით, რასაც პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ სთავაზობს მას. „ეს შესანიშნავი ინიციატივაა. მე ახლახანს შემისრულდა 46 წელი და დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ფინანსური ანალიზი საკმაოდ მოსაწყენად მიმაჩნია. ჩვენი შვილები გაიზარდნენ. ვაჟი, გოგა გერმანიაში სწავლობს. ქალიშვილი, ტასო იურისტია DLA Piper-ში. მე და ჩემი მეუღლე ჯერ კიდევ ენერგიით აღსავსენი ვართ და რატომ არ უნდა ვცადოთ რამე ახალი. ჩემი ოჯახი წარმოშობით კახეთიდანაა და ვფიქრობთ, რამდენიმე წელი გავატაროთ წინაპრების სოფელში, ვასწავლოთ და დავეხმაროთ ადგილობრივ ადმინისტრაციას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს რკინიგზა იპოვის ვინმეს, ვინც ჩემს საქმეს გააგრძელებს.“
* * *
ანდაზას – „ვაშლი ხიდან შორს არ ეცემა“ – გაგრძელებაც აქვს: „თუ ხე მთის წვერზე არ დგას“. საქართველოში განათლების ხარისხის თემაზე დებატები მოგვაგონებს იმ ვაშლის ხეს, რომელიც მთის წვერის ნაცვლად ღრმა ორმოში იზრდება, სადაც სინათლე არ აღწევს და გასაქცევიც არ არსებობს. როგორც ამ ბლოგზე არაერთხელ დაგვიწერია, „საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის (ქალაქში მცხოვრები ღარიბებისა და საარსებო სოფლის მეურნეობით დაკავებული გლეხების) შვილები გამომწყვდეულები არიან უაღრესად მდარე საჯარო სკოლებში, რომელთაც არ ძალუძთ, მოსწავლეებს შესთავაზონ თანაბარი შესაძლებლობები, რომ აღარაფერი ვთქვათ XXI საუკუნის „განათლების ეკონომიკისათვის“ მომზადებაზე. ამიტომ საქართველოს მოსახლეობა ივანიშვილისა და მარგველაშვილის მადლიერი უნდა იყოს, რომელთაც დიდსულოვნად გადადეს გვერდზე თავიანთი განსხვავებული პირადი შეხედულებები და ქართველ ხალხს სიღარიბისა და უთანასწორობის მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევის უნიკალური შესაძლებლობა შესთავაზეს.
[1] ასწავლე საქართველოსთვის არ არის ცნობილი პროექტი „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“, რომელიც საქართველოს სკოლებში ასაქმებს უცხო ენების უცხოელ მასწავლებლებს.
Comments
Bravo, Eric! - This was really very intellectual joke. And who knows, probably your nice article once would suggest main decision makers there to move to that direction.
Many thanks, Badri! Believe it or not, but I've just presented this reform concept at a very serious conference organized by UNICEF. The subject of the conference was Teacher Quality and Effectiveness in Georgia