ერთი წლის წინ, 2014 წლის მარტში, ისრაელის საელჩომ საქართველოში ქართულ-ებრაულ ფორუმზე გამოსასვლელად მიმიწვია. ბევრი მიზეზის გამო ჩემი პრეზენტაცია 1977 წელზე საუბრით დავიწყე. ამ მიზეზთაგან ერთ-ერთი პირადი იყო – ამ წელს ჩემი ოჯახი სანკ-პეტერბურგიდან საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ 1977 წლის ისრაელი ძალიან ბევრი რამით (თუმცა ყველაფრით არა) ჰგავს დღევანდელ საქართველოს.
ისრაელი 1977 წელს:
- დამოუკიდებლობის მოპოვებიდან (1948) 29 წელი
- იომ-ქიფურის ომის (1973) ტრავმიდან 4 წელი
- MAPAI-ის 29-წლიანი ერთპარტიული მმართველობის შემდეგ მმართველობის დემოკრატიული გზით პირველი გადაცემა
1977 წელს, ისრაელი მხოლოდ 29 წლის იყო, დამოუკიდებელ საქართველოზე ოდნავ დიდი. 4 წლით ადრე, 1973 წლის ოქტომბერში, ქვეყანა ძლივს გადაურჩა არაბული სახელმწიფოების კოალიციის მიერ მოწყობილ მოულოდნელ შეტევას, ე.წ. იომ-ქიფურის ომს, რომელსაც ეგვიპტე და სირია ხელმძღვანელობდა. ამ ომმა ისრაელის მოსახლეობა გამოაფხიზლა, ბოლო მოეღო ექვსდღიანი ომის შედეგად გაჩენილ ოცნებას მეფე დავითის იმპერიასა (არ აგვერიოს დავით აღმაშენებლის იმპერიაში) და „ეგვიპტის ნაკადულებიდან ევფრატამდე“ (დაბადება 15:18-21) გადაჭიმული დიდი ისრაელის შესახებ.
2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოსაც ჰქონდა თავისი ეიფორიული მომენტები – უაღრესად წარმატებული აჭარის შემოერთება 2004 წლის მაისში, დავით აღმაშენებლის მსგავსად, ქვეყნის მასშტაბური აღმშენებლობა და მოდერნიზაცია 2004-2008 წლებში. თუმცა 2012 წლისთვის, საქართველოს ეიფორია უკვე დიდი ხნის გამქრალი იყო, როგორც სააკაშვილის რეჟიმის მიერ ძალაუფლების გადამეტების, ისე 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალით შემოერთების წარუმატებელი მცდელობის გამო, რომელიც ქვეყნის გამთლიანების აქციის ნაწილი იყო.
ორივე ქვეყნის შემთხვევაში, ზუსტად 4 წელი გახდა საჭირო, რომ ეს სამხედრო წარუმატებლობები ხელისუფლების დემოკრატიული გზით პირველი გადაცემით დაგვირგვინებულიყო. 1977 წელს, MAPAI-ის 29-წლიანი ეფექტური ერთპარტიული მმართველობის შემდეგ, ისრაელის სათავეში მოვიდა მემარჯვენე ლიკუდის კოალიცია, რაც განაპირობა გამეფებულმა ფავორიტიზმმა და კორუფციულმა სკანდალებმა. იგივე შეძლო კოალიცია ქართულმა ოცნებამ 2012 წელს.
ფორთოხლის წარმოებიდან ინოვაციამდე
ეკონომიკური თვალსაზრისით, 1977 წლის ისრაელი თავისუფლად შეიძლება დავახასიათოთ, როგორც „აღმავალი ბაზარი“.
- 1977 წელს ისრაელის ექსპორტის 20% მოდიოდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე (6.2 მლდ. 2005 წლის აშშ დოლარში; არ შედის დამუშავებული ბრილიანტების რეექსპორტი). ამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნახევარი იყო „ჯაფას“ ფორთოხალი.
- ექსპორტი მოიცავდა ყველაფერს, გარდა მაღალი ტექნოლოგიებისა: ქიმიკატებს (14%) და მკვდარი ზღვის მინერალებს (4%), ტანსაცმელს, ქსოვილებსა და საკვებ პროდუქტებს (27%). ეს უკანასკნელი, რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოს, განვითარდა არაბული ბოიკოტისგან (ისეთმა მსხვილმა საერთაშორისო კომპანიებმა, როგორიცაა მაკდონალდსი, ნესტლე და პეპსი, 1980-იანი წლების ბოლომდე ვერ გაბედეს ისრაელის ბაზარზე შესვლა) თავის დაცვისას.
- დაბოლოს, ელექტრონული და მძიმე მრეწველობის პროდუქცია, რაც მოცულობით საერთო ექსპორტში მესამე ადგილს იკავებდა. ამ პროდუქციის არცთუ მცირე ნაწილი იყო აფრიკისა და ლათინური ამერიკის დიქტატორებისათვის მიწოდებული იარაღი.
1970-იანი წლების ბოლოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე იყო 11,000 აშშ დოლარი. ამ მაჩვენებლით ისრაელი ბევრად ჩამორჩებოდა დასავლეთ ევროპის, აღმოსავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის „განვითარებულ“ ერებს.
ისრაელი 1977 | საქართველო 2013 | ისრაელი 2013 | |
მოსახლეობა (მლნ) | 3.6 | 4 | 8 |
რეალური მშპ (2005 აშშ დოლარი, მლრდ.) |
40 | 9 | 196 |
მშპ ერთ სულ მოსახლეზე (2005 აშშ დოლარი, მლრდ.) | 11,356 | 2,165 | 24,339 |
ცვლილებები დაიწყო 1990-იანი წლების დასაწყისში.
20 წელზე ნაკლები დრო დასჭირდა ისრაელს, რომ ფორთოხლის მწარმოებელი ქვეყნიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებულ ქვეყნად ქცეულიყო. კომპიუტერისა და ინტერნეტის შემოსვლისთანავე თანდაყოლილი ნიჭი, გონიერება და სამეწარმეო სული გარდაიქმნა ინოვაციად. ახალმა ლიბერალურმა პოლიტიკამ და პრივატიზაციამ გასაქანი მისცა კონკურენციას. ვინაიდან აღარ იყვნენ დაცული, კომპანიები იძულებული გახდნენ,დაენერგათ სიახლეები. ინოვაციას ხელს უწყობდა აკადემიური ინსტიტუტები, სახელმწიფო და საწარმოო კაპიტალისტები, რომელთა დიდი ნაწილი აშშ-ში მცხოვრები ებრაელები იყვნენ. სამხედრო ფენა ქვეყანას უზრუნველყოფდა „კონვერსირებადი“ ტექნიკური უნარ-ჩვევებით და კავშირებით – ყველა სამხედრო წესით გაწვრთნილმა გუნდმა დაიწყო ე.წ. „სტარტაპ“ კომპანიების დაფუძნება. „ტვინის შემოდინებამ“ გასაქანი მისცა ნიჭის გამოვლინებას. მასობრივმა მიგრაციამ საბჭოთა კავშირიდან ქვეყანა განათლებული და დისციპლინირებული მუშახელით უზრუნველყო.
ისრაელის ე.წ. „სტარტაპ“ ეკონომიკა
ისრაელის სტარტაპების გაყიდვების (ე.წ. exit) მაჩვენებელი 2013 წელს
წილების საწყისი საჯარო გასხვისებისგან (Initial Public Offering) შემოსულმა თანხამ შეადგინა 1.2 მლდ. აშშ დოლარი, ხოლო შესყიდვებისგან 6.3 მლდ. აშშ დოლარი შემოვიდა, მათ შორის:
- 1 მლდ. აშშ დოლარი Google-ის Waze-ის სანავიგაციო პროგრამისთვის
- 1 მლდ. აშშ დოლარი IBM-ის Trusteer-ის უსაფრთხოების სისტემისთვის
- 350 მლდ. აშშ დოლარი Apple-ის PrimeSense-ის 3-D სენსორული პროგრამისთვის
- 150 მლდ. აშშ დოლარი Facebook-ის Onavo-ს მობილური დაზვერვის სამსახურისთვის
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – წამყვანი სექტორი გაყიდვების თვალსაზრისით (2.5 მლდ. ე.წ. Exit Transaction-ისთვის, 190 მლნ. თითოეული გაყიდვისთვის).
ინტერნეტი – 2.1 მლდ. აშშ დოლარი ტრანზაქციებისთვის, 238 მლნ. თითოეული გაყიდვისთვის.
საბედნიეროდ, ნიჭიერი, მაგრამ არა ზარმაცი!
ისრაელის ტრანსფორმაცია ძალიან კარგად არის აღწერილი დან სენორისა და საულ ზინგერის მსოფლიო ბესთსელერში „Start-up Nation: The Theory of Israel’s Economic Miracle”. ძალიან სამწუხაროა, რომ წიგნის რუსულ თარგმანს (რომელიც საჩუქრად მივიღე ისრაელის #1 ელჩისგან მსოფლიოში, იუვალ ფუშისგან) ფრიად არაზუსტი სათაური აქვს – „A Nation of Smart People” (Нация умных людей).
რუსულ სათაურს შეცდომაში შევყავართ, რადგან 1977 წელს ისრაელის სავარაუდოდ ჭკვიანი მოქალაქეები დაკავებულნი იყვნენ ერთმანეთთან კამათით, მეზობლებთან ჩხუბითა და ფორთოხლის მოყვანით. მშპ-ის 50%-ზე მეტს ქმნიდა პროტექციონიზმის ფარდას ამოფარებული, არაეფექტური სახელმწიფო საწარმოები. 1970-იანი წლების ბოლოსა და 1980-იანი წლების დასაწყისის გულგრილი ლიბერალიზაციის მცდელობის შემდეგ, ისრაელის ეკონომიკა გაეხვია გაფიცვების ქსელში და კინაღამ ჩამოიშალა 3-ციფრიანი ჰიპერინფლაციის უღელქვეშ. ამგვარად, ისრაელის აღმავლობა 1990-იან წლებში იმდენად არის ქვეყნის ნიჭიერი მოქალაქეების დამსახურება, რამდენადაც გაუმჯობესებული ინსტიტუციებისა და უდიდესი იღბლისა.
დღევანდელი საქართველო დიდად არ განსხვავდება 1977 წლის ისრაელისგან. მას ჰყავს ნიჭიერი მოქალაქეები და ძლიერი დიასპორა, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს დაფინანსებისა და კავშირების მოპოვებაში. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ მუშახელს განვითარება სჭირდება, საქართველოს დღეს აქვს ყველაზე ლიბერალური პოლიტიკური რეჟიმი, გლობალური მასშტაბით გამოირჩევა თავისი კეთილგანწყობით „უცხოელი სტუმრებისადმი“ („სტუმარი“, როგორც მოიხსენებენ ნებისმიერ უცხოელს საქართველოში), იქნება ეს პროგრამისტი, ინჟინერი, მენეჯერი, კორპორატიული იურისტი, მასწავლებელი თუ პროფესიონალი ფერმერი. საქართველო თავისი მდებარეობით გლობალური ვაჭრობისა და სატრანსპორტო გზების გასაყარზე ბევრად აღემატება ისრაელს. მას აქვს უხვი წყლები და ენერგო-რესურსები. დაბოლოს, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველომ უკვე დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი, ირმის ნახტომით გაიაროს ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური განვითარების რამდენიმე ეტაპი.
რაც საქართველომ უნდა ისწავლოს ისრაელის გამოცდილებისგან, ისაა, რომ მხოლოდ „ჭკვიანების“ ფაქტორი არ არის საკმარისი მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ცუდი კანონმდებლობისა და ინსტიტუციების წინაშე აღმოჩენილი ჭკვიანი და მეწარმე ადამიანები სხვაგან მიდიან, როგორც ეს ისტორიამ არაერთხელ აჩვენა. მეორეც, საქართველოს მზრუნველმა დედებმა და განმანათლებლებმა უნდა მოახერხონ და როგორმე ასწავლონ ქართველ ბიჭებს, რომ „ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი“ არ არის მისაღები სოციალური ნორმა. ამ დროისთვის ქართველ ერს ძალიან ბევრი ნიჭიერი ვაჟი ჰყავს, რომლებიც მთელ თავიანთ დროს ნარდის თამაშში, ყომარბაზობასა და მთავრობის კრიტიკაში ფლანგავენ, მაშინ, როცა ყველაფერ დანარჩენზე მათი დედები და მეუღლეები ზრუნავენ.
Comments