1960-იან წლებამდე იაპონია საცხოვრებლად საუცხოო ადგილი იყო. არავინ კეტავდა სახლის კარს ან მანქანას, რადგან არავინ არაფერს იპარავდა. ქურდობა, ძარცვა და თაღლითობა იმდროინდელ იაპონიაში პრაქტიკულად არ არსებობდა. წარმოიდგინეთ, რამდენი რესურსი იზოგებოდა! იაპონელებს არც დარაჯის დაქირავება სჭირდებოდათ, არც სიგნალიზაციის დაყენება, ბოქლომის ყიდვაც კი არ იყო საჭირო. ქვეყანაში პოლიციელებისა და საპატიმროების რაოდენობაც, დანაშაულის სიმცირის ადექვატურად, ნაკლები იყო. არც იაპონურ ფირმებს უწევდათ კომპლექსური მექანიზმების დაყენება თანამშრომლების ქცევის გასაკონტროლებლად. ამის საპირისპიროდ, დღეს იაპონიასა და ბევრ სხვა ქვეყანაშიც, მაღაზიის სალაროებთან მოლარეთა სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული.
წარმოიდგინეთ საზოგადოება, სადაც არავინ არავის ენდობა. ამით ყველა გარიგება რთულდება: ყოველ ჯერზე უნდა დათვალო ხურდა, გულდასმით გაეცნო კონტრაქტის პირობებს, წინასწარ შეთანხმდე მომსახურების ფასზე (მაგალითად, ტაქსით მგზავრობისას) და ა.შ.
საზოგადოებრივ კეთილდღეობაში ნდობის მნიშველოვანი როლი დიდი ხანია აღიარებულია ეკონომისტებისა და სოციოლოგების მიერ. 1995 წელს გამოცემულ ნაშრომში „ნდობა: საზოგადოებრივი ღირსება და კეთილდღეობის შექმნა“ გამოჩენილი მეცნიერი ფრენსის ფუკუიამა წერდა: „საზოგადოებაში გავრცელებული უნდობლობა [...] ყველა სახის ეკონომიკურ საქმიანობას აკისრებს ერთგვარ გადასახადს, გადასახადს, რომლის გადახდაც მაღალი ურთიერთნდობით აღჭურვილ საზოგადოებებს არ უწევთ".
ნდობა არამარტო მკვეთრად ამცირებს ტრანზაქციულ დანახარჯებს, ის ასევე წარმოადგენს გამაერთიანებელი სოციალური კაპიტალის წყაროს. სოციალური კაპიტალის კონცეფციის საფუძველს წარმოადგენს ადამიანების ურთიერთთანამშრომლობის უნარის ეკონომიკურ აქტივად ანუ კაპიტალად აღქმა. ჰარვარდელი პოლიტოლოგი რობერტ პუტმანი განასხვავებს გამაერთიანებელ და შემაკავებელ სოციალურ კაპიტალს. შემაკავებელი სოციალური კაპიტალი ადამიანთა ჯგუფის ფარგლებში (როგორიცაა ოჯახი, კლანი, ან ეთნიკური ქვეჯგუფი) თანამშრომლობის უნარზე მიუთითებს, ხოლო გამაერთიანებელი სოციალური კაპიტალი ადამიანების სხვადასხვა ჯგუფებთან თანამშრომლობისადმი მზადყოფნას აღწერს. როგორც აღმოჩნდა, კარგად ფუნქციონირებადი საზოგადოებები მდიდარია გამაერთიანებელი სოციალური კაპიტალით, შემაკავებელი სოციალური კაპიტალის სიუხვით კი შედარებით ნაკლებად განვითარებული საზოგადოებები გამოირჩევიან. კამორა (სამხრეთ იტალიაში) მდიდარია შემაკავებელი სოციალური კაპიტალით ისევე, როგორც ბევრი სამხრეთ ამერიკული კრიმინალური დასახლება, რომელსაც საზოგადობისათვის სიკეთე არ მოაქვს. ზოგადად, შემაკავებელი კაპიტალის გავლენა ძალიან არაერთგვაროვანი და ბუნდოვანია. ბევრი აფრიკული ქვეყანა შეპრყობილია ნეპოტიზმითა და ტრიბალიზმით, რაც შემაკავებელი სოციალური კაპიტალის ნაირსახეობას წარმოადგენს. გამაერთიანებელი სოციალური კაპიტალის არსებობა კი, ანუ უცხო ადამიანებსა და სხვა ჯგუფის წარმომადგელებთან ურთიერთობის მზაობა, ცალსახად სასარგებლოა საზოგადოებისათვის.
საქართველოს რეიტინგი ლეგატუმის კეთილდღეობის ქვეინდექსში, რომელიც სოციალურ კაპიტალს ზომავს, ძალიან დაბალია. 2013 წელს ჩვენი ქვეყანა 138-ე ადგილს იკავებდა 142 ქვეყნიდან. ეს რეიტინგი წინააღმდეგობაში მოდის იმ შთაბეჭდილებასთან, რაც საქართველოში პირველად მოხვედრისას ექმნება ადამიანს. უცხოელები ხშირად გაკვირვებულები რჩებიან ქართველების პატიოსნებით, რომლებიც უარს აცხადებენ ზედმეტი თანხის აღებაზე და არასოდეს აბრუნებენ არასწორ ხურდას (იხილეთ ფლორიან ბირმანის სტატია “Georgian Decency as a Competitive Advantage”, სადაც ავტორი სწორედ მსგავს გამოცდილებაზე საუბრობს). ბირმანის თანახმად, როდესაც საქართველოში ტაქსით მგზავრობთ ფასზე წინასწარი შეთანხმების გარეშე, მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მძღოლმა მოგთხოვოთ დაუსაბუთებლად მაღალი თანხის გადახდა.
თავსატეხ იქრება, თუ შევხედავთ ლეგატუმის ქვეინდექსში შემავალ კითხვებს, რომელთა მეშვეობითაც ქვეყანაში სოციალური კაპიტალის დონეს განსაზღვრავენ. კითხვა „ხართ თუ არა დაქორწინებული“ არანაირად მეტყველებს გამაერთიანებელ სოციალურ კაპიტალზე და ნაკლებად ასახავს შემაკავებელ სოციალურ კაპიტალსაც. დაქორწინებულია თუ არა ადამიანი, უფრო მეტად დაკავშირებულია საზოგადოებაში აღიარებულ სოციალურ-კულტურულ ნორმებთან, რომელთა კავშირიც შემაკავებელ სოციალურ კაპიტალთან არცთუ ცალსახაა. მსგავსად, კითხვა „რამდენად შეგიძლიათ გქონდეთ მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარების იმედი?“ ზომავს შემაკავებელ და არა გამაერთიანებელ სოციალურ კაპიტალს. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ლეგატუმის ინდექსს უამრავი მეთოდოლოგიური პრობლემა აქვს. საინტერესოა, სინამდვილეში როგორია სოციალური კაპიტალი საქართველოში?
ნდობის მნიშველობა აღიარებული იყო რენესანსის ეპოქაშიც. ამ XVII საუკუნის გრავიურაზე ვკითხულობთ "Ditat Servata Fides", რაც ნიშნავს „ნდობა ამდიდრებს“. შეგვიძლია გავიხსენოთ გაბრიელ როლენჰაგენის (1583-1619)ცნობილი ციტატა : “Ut praestes videas, si quid promittis amico, nam servata fides ditat et auget opes”, რომელიც ქართულად ასე ჟღერს: „ყველაზე უსაფრთხოდ სიმდიდრეს მოიპოვებს ის, ვინც ერთგულია მარად” ( წიგნის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქედან).
ენდობით თქვენს თანამემამულეს?
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების (CRRC) მიერ განხორციელებული კვლევა - კავკასიის ბარომეტრი გვაწვდის ინფორმაციას კავკასიურ საზოგადოებებში ნდობის დონის შესახებ. კვლევა მოიცავს ბევრ კითხვას ინსტიტუციური ნდობის შესახებ, როგორიცაა ხელისუფლების სხვადასხვა დონეებისადმი, მედიისადმი და საეკლესიო ინსტიტუტებისადმი ნდობა (რაც მნიშველოვანია გამაერთიანებელი სოციალური კაპიტალისთვალსაზრისით), მაგრამ მე მინდა ყურადღება გავამახვილო ორი სახის კითხვაზე, რომლებიც ინტერპერსონალურ ნდობას ეხება: „როგორ ფიქრობთ, ზოგადად, ადამიანს შეუძლია ენდოს საქართველოში მცხოვრები ხალხის უმეტესობას, თუ, პირიქით, დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ხალხთან ურთიერთობისას?“ და „მოუწონებდით თუ არა თქვენი ეროვნების წარმომადგენელს საქმიან ურთიერთობას სხვადასხვა ეროვნების (ჩამოთვლილია) წარმომადგენლებთან?“
2013 წლის შედეგები მოცემულია გრაფიკზე. რადგანაც CRRC ამ კვლევას სამხრეთ კავკასიის რეგიონში ატარებს, ჩვენ გვაქვს დადებითი პასუხების პროცენტული განაწილება აზერბარიჯანის, საქართველოსა და სომხეთისათვის. საქართველო მართალაც რომ ყოფილიყო დაბალი ნდობის მქონე ქვეყანა მცირე გამაერთიანებელი კაპიტალით, მაშინ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს (რომლებიც 2013 წლის ლეგატუმის კეთილდღეობის სოციალური კაპიტალის ქვეინდექსის რეიტინგში ჩვენზე უკეთეს პოზიციებზე არიან) ჩვენზე მეტი დადებითი პასუხი უნდა ჰქონოდათ. 2013 წლის რეიტინგში აზერბაიჯანი სოციალური კაპიტალის ქვეინდექსში იკავებს 79-ე ადგილს, ხოლო სომხეთი 129-ეს. შედეგები საპირისპიროს გვიჩვენებს. საქართველო პირველია, როდესაც საქმე ზოგად ნდობას ეხება. საქართველოს მოქალაქეების 29% ათბალიან კითხვას, სადაც კოდი ‘1’ ნიშნავს „ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ხალხთან ურთიერთობისას”, ხოლო კოდი ‘10’ ნიშნავს „ხალხის უმეტესობას შეგვიძლია ვენდოთ,” პასუხობს შვიდით ან მეტით მაშინ, როდესაც იგივე მონაცემი სომხეთისათვის არის 15% და აზერბაიჯანისათვის — 26%.
მოუწონებდით თუ არა თქვენი ეროვნების წარმომადგენელს საქმიან ურთიერთობას სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთან?
უფრო კონკრეტულად ეს კითხვა გვიჩვენებს ქართველების დამოკიდებულებას სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ და ნდობასაც, რადგან საქმიანი ურთიერთობები ნდობაზეა დაფუძნებული. ჯერ შევხედოთ შედარებით ‘ნეიტრალურ“ ჯგუფებს, ანუ ჯგუფებს, რომლებთანაც ჩვენს ქვეყნებს არ აქვთ მიმდინარე პოლიტიკური კონფლიქტი. შემდეგი გრაფიკი გვიჩვენებს, რამდენი პროცენტი მიიჩნევს მისაღებად საკუთარი ეროვნების წარმომადგენლის საქმიან ურთიერთობას ევროპელთან, ირანელთან, ებრაელთან და ამერიკელთან. როგორც ირკვევა, სამხრეთ კავკასიაში ქართველებს აქვთ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თითქმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ეთნიკური ჯგუფის მიმართ, გამონაკლისს მხოლოდ ირანელები წარმოადგენენ, რომლებთან მიმართებაშიც აზერბაიჯანელებს ჩამოვრჩებით. თუმცაღა, უნდა გავითავლისწინოთ, რომ ირანი და აზერბაიჯანი შიიტური საზოგადოებებია. კულტურული და ეთნიკური კავშირებიდან გამომდინარე, ადვილად აიხსნება აზერბაიჯანელების განსაკუთრებული დამოკიდებულება ირანელებისადმი. მსგავსად, აზერბაიჯანელების დაბალი ნდობა ევროპელებისა და ამერიკელებისადმი შეიძლება აიხსნას განსხვავებული რელიგიითა და დიდი კულტურული სხვაობით.
ეს მონაცემები არა მარტო იწვევს საფუძვლიან ეჭვს საქართველოში დაბალი ნდობის დონის შესახებ, არამედ საპირისპიროს შესახებ მეტყველებს.
საკმაოდ საინტერესო და მრავლისმეტყველია კავკასიელი ერების დამოკიდებულება იმ ეთნიკური ჯგუფების მიმართ, რომლებთანაც სამხედრო კონფლიქტი გვაქვს. აზერბაიჯანელების მხოლოდ 1% მიიჩნევს მისაღებად საკუთარი თანამემამულის საქმიან ურთეირთობას სომეხთან მაშინ, როცა მსგავსი მაჩვენებელი სომხებისათვის არის 22%. სურათი ძალიან განსხვავებულია საქართველოს შემთხვევაში. ქართველების 72%-ისთვის მისაღებია საკუთარი თანამემამულეების საქმიანი ურთიერთობა ოსებთან, იგივე მაჩვენებელი აფხაზებთან და რუსებთან მიმართებაში არის 73% და 80%, შესაბამისად. იქმნება შთაბეჭდილება რომ ქართველები არ ფიქრობენ განსხვავებულად იმ ეთნოსებთან მიმართებაშიც კი, რომლებთანაც პოლიტიკური კონფლიქტები აქვთ. მისაღებობის დონეები თითქმის ერთნაირია „ნეიტრალურ“ და კონფლიქტურ ეთნიკურ ჯგუფებთან მიმართებაში. როგორც ჩანს, ქართველების ღიაობა სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან ურთიერთობისადმი დამოუკიდებელია პოლიტიკისაგან, რაც გამოგვარჩევს მეზობელი ქვეყნებისაგან.
რომ შევაჯამოთ, ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ნდობისა და გამაერთიანებელი სოციალური კაპიტალის უფრო მაღალი დონეა, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში. რა თქმა უნდა, რამდენიმე კითხვაზე დაყრდნობით ამის მტკიცება დაუშვებელია ისე, როგორც ამას ლეგატუმის ინსტიტუტი აკეთებს. უბრალოდ, მინდოდა ყურადღება გამემეხვილებინა იმ ფაქტზე, რომ ლეგატუმის კეთილდღეობის ინდექსი კარგად ვერ ზომავს გამაერთიანებელ სოციალურ კაპიტალს და რომ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების მონაცემებით შეიძლება ნდობისა და სოციალური კაპიტალის უკეთ შეფასება. აღნიშნული შეფასება კი ლეგატუმის ინდექსის რეიტინგისაგან განსხვავებულ სურათს გვაძლევს.
Comments