როგორც სტეფან დოულინგი რამდენიმე წლის წინ BBC-ის სტატიაში აღნიშნავდა: „გზის გადაჭრის საერთაშორისო სტანდარტი არ არსებობს. ყველა ქვეყანაში ეს სხვადასხვანაირად ხდება.“ დოულინგის მიხედვით, ქვეყნის კულტურული ღირებულებების საკითხია ის, თუ როგორ ატარებს ხალხი მანქანას ან როგორ კვეთს ქუჩას. არის კი ეს ნამდვილად ასე?
საავტომობილო მოძრაობაში მონაწილე მხარეთა მავნე ჩვევები მსოფლიოს ბევრი ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ზოგ მათგანში ნაწილობრივ მოხერხდა ამ მავნე ჩვევების აღმოფხვრა, საქართველოში კი ეს პრობლემა კვლავაც მწვავედ დგას. მეტიც, ხშირ შემთხვევაში ეს მავნე ჩვევები ადგილობრივებისთვის უკვე მოცემულობადაა მიჩნეული და პრობლემად აღარც კი აღიქმება. თბილისში პირველად მყოფი უცხოელისთვის რუსთაველის, ჭავჭავაძის ან სხვა მთავარ გამზირებზე მოძრაობისთვის ერთი თვალის შევლებაც კი საკმარისია იმის გასაცნობიერებლად, რომ თბილისის საავტომობილო გადაადგილების სისტემაში პრობლემაა. დიახაც, პრობლემაა სისტემაში და არა კულტურაში.
თბილისის ქუჩებში მიმდინარე მოვლენებს ჩვენ თამაშთა თეორიის მეშვეობით გავაანალიზებთ. გამოყენებითი მათემატიკის ეს დარგი, როგორც წესი, ურთიერთსაწინააღმდეგო მიზნების მქონე აგენტებს შორის სტრატეგიული ურთიერთმოქმედებების გასააზრებლად გამოიყენება .,,სტრატეგიული ურთიერთმოქმედება“ კი უბრალოდ მეცნიერული ტერმინია ისეთი თამაშების მიმდინარეობის აღსაწერად, როგორიცაა, მაგალითად, ჭადრაკი. რეალურ ცხოვრებაში ტაქსის მძღოლთან ფასზე ვაჭრობაც ამგვარი ურთიერთქმედების მაგალითია. საბედნიეროდ, რიგ შემთხვევებში თამაშთა თეორია გვთავაზობს შესაძლო გამოსავალს.
თამაშთა თეორიის ამ შემთხვევისთვის არსებითი მიგნებებიდან პირველი არის ის, რომ ქალაქში მოძრაობის მონაწილეების ქმედებებს განსაზღვრავს მათი მოლოდინები იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცევიან სხვა მონაწილეები. მაგალითად, თუ ფეხით მოსიარულე არ მოელის, რომ ზებრაზე გადასვლისას მძღოლი მას გზას დაუთმობს, ის შეყოვნდება მანამ, სანამ 120 პროცენტით არ დარწმუნდება, რომ მოახლოებული მანქანა მართლაც ჩერდება. შეცდომის უზარმაზარი საფასურიდან გამომდინარე, ქალაქში მოძრაობის მონაწილეები მტკიცედ მიჰყვებიან ზემოხსენებულ სტრატეგიას და შესაბამისად საბოლოო შედეგიც სტაბილურად უცვლელია, ფეხით მოსიარულეებს გზას არ უთმობენ. ჩემი ყველა მცდელობა, წავიდე არსებული რეალობის წინააღმდეგ და დავუთმო გზა ფეხით მოსიარულეებს, მთავრდება მანქანის ბოლომდე გაჩერებით და ხანგრძლივი ხელის ქნევით მანამ, სანამ მათი მოლოდინები შესაბამისად არ შეიცვლება და გაოცებულები არ გადაკვეთენ გზას.
იმავე ლოგიკით, თბილისის სატრანსპორტო მოძრაობაში გათვიცნობიერებული არცერთი მძღოლი ზებრასთან არ უნდა უნელებდეს სვლას იმიტომ, რომ აზრი არ აქვს. ფეხით მოსიარულე მაინც არ დაიჯერებს, რომ გზას უთმობენ და მოთმინებით დაელოდება მანქანის გავლას (ან გაჩერებას იმ იშვიათ შემთხვევაში, როცა მძღოლი უცხოელი ან უჩვეულოდ თავაზიანია). მეტიც, მძღოლისთვის ზებრასთან შენელებაზე უფრო გონივრული აჩქარებაა. ამ საქციელით იგი ნათლად მიანიშნებს ფეხით მოსიარულეს, რომ გაჩერებას არ აპირებს, რათა ქვეითმა გზის გადაჭრა გულშიც კი არ გაივლოს.
ის, რომ ეს „არაცივილური“ შედეგი (როცა ქვეითებისთვის გზის არდათმობა უკვე ტრადიციაა) სტაბილურია, თამაშთა თეორიის ამ შემთხვევისთვის არსებითი მიგნებებიდან მეორეა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იქიდან გამომდინარე, რაც იციან ერთმანეთის შესახებ, არც ფეხით მოსიარულეებისთვის და არც მძღოლებისთვის სამოქმედო სტრატეგიის შეცვლას აზრი არ აქვს. შედეგად ვიღებთ თბილისს „არაცივილურ“ წონასწორობაში (კიდევ ერთი მეცნიერული ჟარგონი თამაშთა თეორიიდან) მანამ, სანამ ვინმე (პოლიტიკოსი) არ შეიწუხებს თავს და არ შეცვლის თამაშის წესებს, რაც თვისობრივად თამაშის მონაწილეების მოლოდინების შეცვლას გულისხმობს.
სხვანაირადაც რომ შეიძლება, ამის დასტური ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის უმეტესი ქალაქებია, სადაც თბილისთან შედარებით აბსოლუტურად საპირისპირო სურათია — მძღოლები პატივს სცემენ ფეხით მოსიარულეთა უფლებებს და ქვეითებიც თავდაჯერებით იყენებენ ამ უფლებებს. ასეთი წონასწორული მდგომარეობა უბრალოდ კი არ არსებობს, არამედ საკმაოდ სტაბილურიცაა. თუ მძღოლი მოელის, რომ ფეხით მოსიარულემ ზებრაზე უნდა გაიაროს, ის უნელებს სვლას იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ქვეითი ფეხს დადგამს ზებრაზე. შესაბამისად, ფეხით მოსიარულე, მოელის რა მძღოლისგან ასეთ მოქმედებას, უყოყმანოდ კვეთს ქუჩას. შედეგი სტაბილურია, იმიტომ რომ გერმანელი მძღოლი „თბილისურად“ არ მოიქცევა (რადგან ამისთვის ციხეში აღმოჩნდება) და შესაბამისად, არც გერმანელ ფეხით მოსიარულეს აქვს ქუჩის გადაჭრისას ყოყმანის მიზეზი.
სანამ პრობლემის გადაჭრის მეცნიერულ მეთოდზე გადავალთ, მინდა აღვნიშნო რომ ზუსტად იგივე კითხვები დაისმის სხვა ტიპის სტრატეგიულ ურთიერთქმედებების დროსაც. მათ შორის მნიშვნელოვანი მაგალითია წვრილმანი კორუფცია, როგორც ურთიერთქმედება ქრთამის ამღებსა და მიმცემს შორის. საქართველოს ბოლოდროინდელი გამოცდილებიდან (კარგიც და ცუდიც) ადვილი შესამჩნევია,რომ კარგად გამიზნულმა პოლიტიკამ ან კანონისა და წესრიგის დარღვევამ შეიძლება სწრაფად გადაგვიყვანოს ერთი წონასწორული მდგომარეობიდან მეორეში. მეტიც, კარგად განსაზღვრულ მტკიცე პოლიტიკას არა მხოლოდ მოლოდინების, არამედ კულტურის შეცვლაც კი შეუძლია.
აშკარაა, რომ სიტუაციიდან გამოსავალი პოლიტიკის გამკაცრებაა. საჭიროა მაღალი ჯარიმები და მკაცრი აღსრულება, როგორც მძღოლების, ასევე ფეხით მოსიარულეთა მიმართ. რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობის წესებს, საქართველოს უკვე აქვს უსაფრთხოების ღვედებთან დაკავშირებული დადებითი გამოცდილება. პოლიტიკამ უაღრესად კარგად იმუშავა და გამოიწვია მძღოლების მოქმედების მყისიერი ცვლილება. იდეალურ შემთხვევაში წესები ნებისმიერი დარღვევისთვის უნდა გამკაცრდეს მათ შორის ძალიან გავრცელებულ ტროტუარებზე პარკირებისთვისაც, რაც ქვეითებს კიდევ უფრო უზღუდავს მათთვის გამოყოფილ ისედაც შეზღუდულ სივრცეს. მისახედია მიწისქვეშა გადასასვლელებიც, რომლებიც ხშირად დაბინძურებული და ჩაბნელებულია, რაც ფეხით მოსიარულეებს გადასვლის დამატებით საბაბს უჩენს საავტომობილო გზის იმ მონაკვეთზე, სადაც გადასვლა ნებადართული არ არის, მითუმეტეს, რომ ამ დარღვევაზე ჯარიმა სასაცილოდ მცირეა (მხოლოდ 3 ლარი). რა თქმა უნდა, ამ ჯარიმის გაზრდაც მიზანშეწონილია.
გასაგები მიზეზების გამო, გარდამავალი პერიოდის განმავლობაში საჭიროა კანონის განსაკუთრებული სიმკაცრით აღსრულება, რათა სატრანსპორტო მოძრაობის მონაწილეებმა მოახერხონ მათი მოლოდინებისა და შესაბამისად საქციელის სათანადოდ შეცვლა. ხოლო მას შემდეგ, რაც ეს მოხდება, აღსრულების ინტენსივობა (და მასთან დაკავშირებული ხარჯები) შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს კიდეც იმიტომ, რომ ახალი წონასწორულ მდგომარეობა მდგრადია, ყოველ შემთხვევაში თამაშთა თეორიის თვალსაზრისით.
Comments
კარგი სტატიაა, განსაკუთრებით ბოლო ნაწილი (აღსრულება). ერთი ისაა, რომ სამ ლარიანი ჯარიმაც კარგად იმუშავებს, მთავარია აღსრულება. ვინც არღვევს, ის ამას დღეში მინიმუმ 5-6 ჯერ მაინც აკეთებს. ასე, რომ როცა დღიურად მას გამოუვა 15-20 ლარი, კეთილს ინებებს და დაემორჩილება. ამ ჯარიმის გაზრდა შესაძლებელია იმ ადგილებში, სადაც კანონიერი ალტერნატივაა, მაგ. მიწისქვეშა გადასასვლელის ზომოდან გადარბენა.
თემური გეთამხმებით. მაგრამ, აღსრულებისთვის პირველ რიგში საჭიროა მიწისქვეშა გადასასვლელების კეთილმოწყობა. ძალიან კარგი სტატიაა.
ზოგადად, დასკვნით ნაწილში იმასაც დავამატებდი, რომ სწორედ ამ მოლოდინებიდან გამომდინარე, ზებრაზე გადასვლის მოტივაცია ფეხით მოსიარულეს ხშირად უქრება. უფრო სწორად, რადგან მას მაინც არ უთმობენ, გადავა უშუალოდ ზებრაზე, თუ ქუჩის შუაში, ორივე თითქმის თანაბრად რისკიანად აღიქმება ფეხით მოსიარულეების მხრიდან. შესაბამისად, იზრდება ფეხით მოსიარულეების მხრიდანაც დარღვევები. აღარ უღირთ რამდენიმე ზედმეტი მეტრი გაიარონ ზებრამდე და ურჩევნიათ პირდაპირ გადაკვეთონ ქუჩა. ამ შემთხვევაში, მოსიარულეს მოლოდინია, რომ მძღოლები მაინც დაუთმობენ და მძღოლიც იძულებულია დაუთმოს. შედეგად, ორივე მხარე არღვევს და ორივე უკმაყოფილოა.
საკმაოდ საინტერესო სტატიაა. ვფიქრობ საგზაო სისტემაში არსებული პრობლემები ყველას გვეხება და კარგი იქნება თუ პროფესიული ფორუმი მოეწყობა ამ კუთხით და გარკვეული სტრატეგია შემუშავდება. თამაშთა თეორია საკმაოდ ეფექტური იქნება და ამასთან მათემატიკური მოდელირების მეთოდოლოგიის გამოყენებაც დიდ ეფექტს მოგვიტანს. სხვა ქვეყნის მაგალითების პირდაპირ გადმოტანა არ გამოგვადგება, მაგრამ მათი გათვალისწინება ხელშ შეუწყობს.
მაგალითისთვის: გაანალიზდეს პიკი საათებში მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიმართულებები და პრიორიტეტები, საცობის წარმოქმნის მიზეზები, გზების შესაძლებლობები. და გამოიკვეთოს მოზრაობის წესები სხვადასხვა ტიპის და კატეგორიის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისთვის; (ქვემოთ მოცემული ჩემი ვარაუდია და მაგალითისთვის მომყავს უბრალოდ)
1. სატვირთო და სადისტრუბოციო ავტომობილებს შეეზღუდოს მოძრაობა პიკი საათებში;
2. გამოყენებული იქნას რევერსიული მოძრაობა ზოგიერთ ქუჩებზე;
3. შუქნიშნებში "ლოდინის დროის" ოპტიმიზირება მიმართულებების და ნაკადის მიხედვით;
4. საგზაო-სარემონტო სამუშაოების შეზღუდვა პიკი საათებში;
5. ვებ-სივრცეში გადაკეტილი გზების შეახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, სანამ პიკი საათი დაიწყება და მძღოლებისთვის რჩევის მიცემა; ასევე დაზიანებული უბნების შესახებ რომ დროულად ეცნობოს (ხშირია გზაზე მიტოვებული თხრილის გამო რომ ფერხდება მოძრაობა);
6. სადაზღვევო შემთხვევის დადგომასთან დაკავშირებით ავტომობილის გადაადგილება შეიძლებოდეს ფოტოს გადაღების შემდეგ, სანამ პატრული და დაზღვევის ოფიცერი მოვა; რადგან ამა კიდევ უფრო მეტად არ გამოიწვიოს გზის შეფერხება;
7. მკვეთრი მოძროაბის მქონე ქუჩებზე არსებული ორგანიზაციებზე წანაცვლებითი სამუშაო გრაფიკის შეთავაზება და მის სანაცვლოდ შეღავათის გაწევა;
8. პიკი საათებში ბენზინ გასამართი სადგურების, ქუჩის-ჯიხურების, დახურვა-შესვენების გამოცხადება, სადაც რამდენიმე მანქანის გაჩერება იწვევს ქუჩაძე მოძროაიბს შეფერხებას;
წესებში ცვლილება განხორციელდეს უფრო მეტად მძღოლებისთვის და არა ფეხით მოსიარულეებისთვის;
ესე ზუსტად აყრებსი დამთხვევა ძალიან იშვიათად ყოფილა. 7 წელია რაც გერმანიიდან ჩამოვედი და გზის დათმობა-გადაკვეთასთან სულ ეს აზრი მაქვს. ვუჩერებ ყებრაზე ფეხით მოსიარულეს რომ გადავიდეს, ეს არ გადადის და უკნიდან კი მანქანები ისე აყვირებენ რამის დაწვან სიგნალი. მოკლედ მართალია ავტორი ჩვენით წესიერებას ვერ მივეჩვევით. სანამ პოლიტიკა და კანონი თავის დონეზე არ დადგება. ან ჩვეულებრივ მძღოლს რა უნდა მოსთხოვო, როცა პარტული არღვევს ისე, თითქოს პირველად იჯდეს საჭესთნ.
მეც სულ ვჩერდები ზებრაზე და უკან მომავალი მანქანები მისიგნალებენ.კარგი იქნება თუ იმ გადასასვლელებზე სადაც არ არის შუქნიშნები და მანქანები არ უთმობენ გზას ფეხით მოსიარულეებს დამონტაჟდება კამერები და ასეთ მძღოლებს თუნდაც სიმბოლური ათი ლარი მიუვა ვიდეო ჯარიმის სახით