ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

როგორ მოქმედებს ასაკი საქართველოს რეგიონების „ინკლუზიურ ზრდაზე“

ამჟამად ფერმერობა საქართველოში „იძულებითი საქმიანობაა“ – ქართველ „ფერმერთა“ დიდი უმრავლესობა პროფესიული თვალსაზრისით არც არის ფერმერი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, იარსებონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებით. საქართველოს რეგიონებში მოგზაურობისას მაშინვე შეამჩნევთ, რომ ამ იძულებითი საქმიანობით ძირითადად ასაკოვანი თაობაა დაკავებული. ისინი კი, ვისაც ცხოვრება უფრო ხელსაყრელ შესაძლებლობებს სთავაზობს, ქალაქად მიდიან. ასეთები კი, ძირითადად, ახალგაზრდები არიან.

რამდენ მოქნილობასა და მოტივაციას შეიძლება ველოდეთ სოფლად დარჩენილი ასაკოვანი თაობისგან? რამდენად შეძლებენ ისინი ახალი ეტაპის დაწყებას და საკუთარი მეურნეობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად წარმართვის მიზნით ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების ათვისებას? არსებითი კითხვა არის შემდეგი: შეძლებს ეს თაობა მომავალი ათწლეულის განმავლობაში სოფლის მეურნეობის წარმართვას, თუ იქნებიან მხოლოდ სამუშაო ძალა, რომელიც დამოკიდებული იქნება ქალაქიდან თუ საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ახალგაზრდა, პროფესიონალ მეწარმეებზე, რომლებიც თავის თავზე აიღებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის გარდაქმნას?


რა არის საჭირო მეწარმეობისთვის?

შუმპეტერის აზრით, მეწარმეობა შეიძლება გავიგოთ როგორც მომგებიან შესაძლებლობათა აღმოჩენისა და გამოყენების (დაბოლოს, განადგურების) პროცესი. პოლ ჰ. დემბინსკი ფრაიბურგის უნივერსიტეტიდან გვთავაზობს დაწვრილებით თეორიას, თუ რას გულისხმობს მეწარმეობა (“Multi-modal Causation Grid for the Study of Entrepeneurship: An Aristoteliian Perspective”, University of Fribourg, Global Value Chain Research Group, 2006).

როგორც წესი, მეწარმეობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რესურსებისა და შესაძლებლობების აღმოჩენისა და გამოყენების შესაძლებლობა. როდესაც მსგავს შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ შესაძლებლობათა მატერიალური ფორმა – უნდა არსებობდეს საბაზრო მოთხოვნა, რომელსაც მეწარმე დააკმაყოფილებს, და ინსტიტუციური ფორმა – სამართლებრივი და სოციალური შეზღუდვები, რომლებიც განსაზღვრავს სამეწარმეო საქმიანობის არეალს. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში საქართველოს არ ჰქონია მატერიალური ფორმის ნაკლებობის პრობლემა – თითქმის არ არსებობდა მატერიალურ-ეკონომიკური საქმიანობა, თუმცა იყო დიდი მოთხოვნა პროდუქტებსა და მომსახურებაზე, რისი მიწოდებაც მეწარმეებს შეეძლოთ. მაგრამ, თუკი ვინმე იწყებდა წარმატებულ ბიზნესს, კორუმპირებული მთავრობის წევრები და ცნობილი „კანონიერი ქურდები“ (მაფიის განსაკუთრებული, ქართული ფორმა) მაშინვე ახდენდნენ მის კონფისკაციას. შედეგად, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ინსტიტუციური ფორმა თითქმის არ იძლეოდა წარმატებული მეწარმეობის განვითარების საშუალებას. დემბინსკის თეორია თავისუფლად შეიძლება მოვარგოთ საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობას: მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუციური ფორმა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ამჯერად საქართველო ცდილობს, გაარკვიოს, რა პროდუქცია და მომსახურებები შესთავაზოს მსოფლიოს. ამიტომ დღეს წარმატებული მეწარმეობის შემაფერხებელი შეზღუდვა უფრო მატერიალურ ფორმაში უნდა ვეძიოთ და არა ინსტიტუციურ ფორმაში.

თუმცა, თუ დემბინსკის დავუჯერებთ, მეწარმეობა არ გულისხმობს მხოლოდ ეკონომიკური აგენტების მოღვაწეობისთვის საჭირო პირობებს, ის, ასევე, გულისხმობს ამ აგენტების ხასიათის თვისებებსა და ქცევებს. თუნდაც არსებობდეს უამრავი ბიზნეს-შესაძლებლობა და გამართული ინსტიტუციური წყობა, საჭიროა, რომ ეკონომიკურ მოთამაშეებს ჰქონდეთ იდეები და მზად იყვნენ რისკის გასაწევად. მეწარმედ გახდომისთვის მათ უნდა ჰქონდეთ ხედვა (მეწარმეობის იდეალური ფორმა) და კონკრეტული, მიღწევადი მიზნები, თუ როგორ წარმართონ თავიანთი ბიზნესი (ტელეოლოგიკური ფორმა).

ამ თეორიით ქართული სოფლის მეურნეობის შეფასების შემთხვევაში, ეკონომისტთა უმრავლესობა შეთანხმდებოდა, რომ საქართველოში უამრავი შესაძლებლობის აღმოჩენაა შესაძლებელი, არც ინსტიტუციური ფორმა წარმოადგენს განსაკუთრებულ წინააღმდეგობას. შესაბამისად, როგორც ინსტიტუციური, ისე მატერიალური ფორმა, ხელს უწყობს სამეწარმეო საქმიანობას. თუმცაღა კითხვა რჩება კითხვად – აქვს თუ არა რეგიონებში დარჩენილ ასაკოვან თაობას ხედვა, განავითაროს მცირე მეურნეობა, ან აქვს სურვილი, მიიღოს ამ ხედვის განხორციელებისთვის საჭირო კონკრეტული გადაწყვეტილებები?


უენერგიო ასაკოვნები

ზემოხსენებულმა პოლ ჰ. დემბინსკიმ Academic Swiss Caucasus Net-ის (Gebert Rüf Stiftung-ისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივა) დახმარებით განახორციელა კვლევითი პროექტი „მეწარმოების წარმოშობა და განვითარება“. კვლევის უმთავრესი მიზანი იყო საქართველოს სამეწარმეო დინამიკის შესწავლა გრძივი კვლევის მეშვეობით, როგორც პოტენციური, ისე არსებული მეწარმეების გამოკითხვის საშუალებით. უფრო კონკრეტულად კი, პროექტი მიზნად ისახავდა, გაერკვია, როგორ გადადიან მეწარმეები ე.წ. „შეუმჩნეველიდან“ „შემჩნეულ“ ეკონომიკაში და როგორ ვითარდება და იზრდება საწარმოები, მათ შორის, მიკრო-საწარმოები. პროექტის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები, ასევე, გამოავლენს (ასაკოვანი) ქართველი ფერმერების სამეწარმეო პოტენციალსა და მოტივაციას, რაც არის ამ სტატიის ძირითადი თემა. ამ კვლევით პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ აქ: www.ascn.ch/en/research/Entrepreneurship.html

პროექტის მონაცემთა ბაზა შეიქმნა ინტერვიუების მეშვეობით, რომლებიც 2013 წლიდან ყოველ 6 თვეში ერთხელ ტარდებოდა. ინტერვიუებში მონაწილეობა მიიღო 350 თვითდასაქმებულმა და 250 მიკრო და მცირე საწარმომ საქართველოში.

გამოკითხულ თვითდასაქმებულთა 60 პროცენტი თავს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით ირჩენს. დანარჩენები შემოსავალს იღებენ მომსახურებებიდან, როგორიცაა, მაგალითად, ტრანსპორტი, კერძო საოჯახო მეურნეობა, ვაჭრობა. გამოკითხულ თვითდასაქმებულთა ერთი მესამედი 60 წელს ზემოთ იყო, 24 პროცენტი – 39 წელს ქვემოთ, ხოლო 44 პროცენტი – 40-59 წელს შორის.

როგორც კვლევამ აჩვენა, ასაკის ცვლადი ეკონომიკური საქმიანობისგან დამოუკიდებელია. არასამეურნეო საქმიანობით დაკავებულ თვითდასაქმებულთა შორის გვხვდება როგორც 39 წელს ქვემოთ, ისე 60 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები. ასაკი, ასევე, დამოუკიდებელია ისეთი „ფორმალური ცვლადებისგან“, როგორიცაა, მაგალითად, საბანკო ანგარიშის ქონა, ბუღალტერიის წარმოება, წერილობით ხელშეკრულებებთან ურთიერთობა. და მიუხედავად იმისა, რომ თვითდასაქმებულთა უმრავლესობა არის „საჭიროებიდან გამომდინარე მეწარმე“ ნებისმიერ ასაკში, ამ კვლევის უხუცესი სეგმენტი აშკარად განსხვავდება ყველაზე ახალგაზრდა სეგმენტისგან მოტივაციის, თავდაჯერებულობისა და რისკებისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით. უფრო მეტი თვითდასაქმებული ახალგაზრდა გეგმავს უფრო მეტი პროდუქციის გაყიდვას მომდევნო 6 თვიდან 2 წლამდე შუალედში. ანალოგიურად, 39 წელს ქვემოთ თვითდასაქმებულთა 74 პროცენტი მზადაა, გაიაროს გადამზადების კურსი საკუთარი მეურნეობის გაუმჯობესების მიზნით, მაშინ, როდესაც 60 წელს ზემოთ მყოფ თვითდასაქმებულთა მხოლოდ 20%-ია თანახმა ამაზე. ასევე, 39 წელს ქვემოთ მყოფ თვითდასაქმებულთა 57 პროცენტი მზადაა, გაწიოს ფინანსური რისკი უფრო მეტი პროდუქციის წარმოების სანაცვლოდ, მაშინ, როდესაც 60 წელს ზემოთ მყოფ თვითდასაქმებულთა მხოლოდ 14 პროცენტია ამაზე თანახმა.

39 წელს ქვემოთ მყოფ თვითდასაქმებულთა ნახევარი მზადაა, დაიწყოს სხვა საქმიანობა  იმ უნარ-ჩვევებით, რაც აქვთ, მაშინ, როდესაც 60 წელს ზემოთ მყოფ თვითდასაქმებულთა მხოლოდ 32 პროცენტია ამაზე თანახმა. დაბოლოს, „წარუმატებლობის შიში“ ახალი საქმიანობის დაწყებაში ხელს შეუშლის ახალგაზრდა თვითდასაქმებულთა 39 პროცენტს, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი 60 პროცენტია ასაკოვან მონაწილეებში. შედეგები შეჯამებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

ეს შედეგები, მეტნაკლებად წარმაოჩენს, თუ რას უნდა ველოდეთ, კერძოდ, გვეუბნება, რომ რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი, მით უფრო იკლებს მასში „სამეწარმეო მუხტი“.

 

AgeStructure1


შევინარჩუნოთ ახალგაზრდები სოფლად

როგორც სალომე გელაშვილი წერს: „ბევრი იდეა სცადეს [ქართულ სოფლის მეურნეობაში], ფერმერებს დურიგეს ტექნიკა, წაახალისეს, შეექმნათ კოოპერატივები, მაგრამ ვერცერთმა ამ იდეამ ვერ განაპირობა პროდუქტიულობის არსებითი გაუმჯობესება. ქართველ ფერმერებს შორის შემართების ნაკლებობა არის ამ ღონისძიებათა ხშირად ამბივალენტური შედეგების მიზეზი“ (ს. გელაშვილის სტატია „ფერმერები შემართებისა და ინიციატივების გარეშე“ შეგიძლიათ იხილოთ ISET-ის ბლოგზე).

„შემართების ნაკლებობა“, შესაძლოა, უმთავრესად გამოწვეული იყოს სოფლად დარჩენილთა ხანდაზმული ასაკით. თუმცა ს. გელაშვილის სტატიაში განხილულ ქართველი ფერმერების დაბალი მოტივაციის გამომწვევ სხვა ფაქტორთაგან განსხვავებით, ჩვენ ადამიანის ასაკთან დაკავშირებით ვერაფერს ვიზამთ. ეს ცუდი ამბავია, რადგან მზარდი პროდუქტიულობა არის გადამწყვეტი ქართული სოფლის მეურნეობისთვის, მაგალითად, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით სარგებლობისთვის.

თუ, მეორეს მხრივ, ისინი, ვინც ავითარებენ ქართულ სოფლის მეურნეობას, წარმოშობით არიან არა სოფლიდან, არამედ მაღალკვალიფიციური და მოტივირებული სოფლის მეურნეობის ახალგაზრდა, ქალაქიდან (უფრო მეტიც, უცხოეთიდან) მოსული მეწარმეები, ინკლუზიური ზრდის მიღწევა რთული იქნება, რადგან ყველას ექნებოდა უფლება, ისარგებლოს ეკონომიკური განვითარებით.

ამ კონფლიქტის გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის, რომ დავარწმუნოთ ახალგაზრდები, დარჩნენ სოფელში. როგორც მრავალთაობიანი ოჯახების წევრებს, მათ შეუძლიათ, ხელი შეუწყონ სამეწარმეო მუხტის განვითარებას, რასაც ასაკოვნები მოკლებულნი არიან. თუ ახალგაზრდა თაობის სამეწარმეო შემართება წარმართავს ფერმების განვითარებას შიგნიდან, სოფლად მცხოვრები ასაკოვნები მიიღებენ მონაწილეობას ამ განვითარებაში, თუნდაც მოკლებულნი იყვნენ მეწარმედ გახდომისთვის საჭირო ენერგიას.

სამწუხაროდ, ძალიან ძნელია, განვჭვრიტოთ, რამდენად შესაძლებელია ამისი მიღწევა.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners