2013 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკაში ახალი ერა დაიწყო. „კოჰაბიტაციის“ ერთწლიანი პერიოდი, რომლის დროსაც ძალაუფლება ორ მოქიშპე პოლიტიკურ ძალას შორის იყო გადანაწილებული, ოფიციალურად დასრულდა. ახლა უკვე შეგვიძლია უკან მოვიხედოთ და შევაფასოთ, თუ რა გავლენა მოახდინა პოლიტიკურმა სიტუაციამ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.
ორნაწილიან სტატიაში ჩვენ გავაანალიზებთ განვლილი პერიოდის ზოგიერთ ეკონომიკურ ტენდენციას საქართველოში. უპირველეს ყოვლისა, ამ კუთხით განვიხილავთ ზოგად მაჩვენებლებს ორ (საპარლამენტო და საპრეზიდენტო) არჩევნებს შორის (2012 წლის IV კვარტლიდან 2013 წლის II კვარტლის ჩათვლით) და შემდეგ გამოვიკვლევთ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების მიზეზებს.
ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს მაღალი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი ჰქონდა, რომელიც დროებით შეფერხდა 2009 წელს, როდესაც 2008 წლის ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ზეგავლენით ქვეყანაში 3.8%–იანი კლება დაფიქსირდა. თუმცა, საქართველოს ეკონომიკა სწრაფად „მოვიდა გონს“ და 2010 წლიდან მოყოლებული, საშუალო ეკონომიკური ზრდა საქართველოში 7%–ს შეადგენდა. ეს პერიოდი შეწყდა 2012 წლის მე–4 კვარტალში, ანუ იმ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, რომლის წყალობითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა.
2012 წლი არჩევნების შემდეგ ეკონომიკის ზრდა მნიშვნელოვნად შენელდა (გრაფიკი 1) და საქსტატის ბოლო ოფიციალური მონაცემებით (1.5%–იანი რეალური ზრდა 2013 წლის მე–2 კვარტლისათვის), შენელება ჯერ კიდევ გრძელდება. დამატებით ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომიკური ზრდის უკანასკნელი პროგნოზების გათვალისწინებით, 2013 წლის მშპ–ს მოსალოდნელი რეალური ზრდა დაახლოებით 2.4%–ია, რაც ძალიან ახლოსაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ 2013 წლის ოქტომბრის ანგარიშში საქართველოს ეკონომიკისთვის გამოცხადებულ პროგნოზთან (2.5%).
2013 წლის განმავლობაში საქართველოში ცხარე დებატები მიმდინარეობდა ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების მიზეზებთან დაკავშირებით. ახალი მთავრობა (ქართული ოცნება) ამას ძველს (ერთიან ნაციონალურ მოძრაობას) აბრალებდა, ძველი კი – ახალს და თანდათან იზრდებოდა ორივე პარტიით უკმაყოფილო ადამიანთა რიცხვიც.
ამგვარ პოლიტიკური „თითის მიშვერის“ პროცესში გასაკვირი არაფერია, თუმცა „კოჰაბიტაციისას“ ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება მაინც ბადებს გარკვეულ კითხვებს: რომელმა სექტორებმა ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი ზრდის ტემპის შემცირებაში და რამდენადაა პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე ქვეყნის შიდაპოლიტიკური დაპირისპირება?
სამთავრობო გადახარჯვა 2012 წელს?
ძველი მთავრობის კრიტიკოსების აზრით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის სტრატეგიის ნაწილი სამთავრობო გადახარჯვა იყო, რამაც 2012 წელს „ხელოვნურად გაზრდილ“ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლამდე მიგვიყვანა. თავის მხრივ, ამით შესაძლოა ახსნილიყო საპარლამენტო არჩევნების შემდგომი დაბალი ეკონომიკური ზრდაც (რადგან ძველი მთავრობის ფასადური პროექტები დასრულდა).
ერთი შეხედვით, ეს არგუმენტი საკმაოდ ლოგიკურია: თუ ძველი მთავრობა ზედმეტად ბევრს ხარჯავდა არჩევნებამდე, ეს არამარტო „ხელოვნურად გაზრდიდა“ მშპ–ს ზრდის მაჩვენებელს, არამედ შესამჩნევად გაზრდიდა თავად რეალური მშპ–საც. შესაბამისად, არჩევნების შემდგომი კვარტლების ანალოგიური მაჩვენებელი თუნდაც გაზრდილიყო, ზრდის მაჩვენებელი მაინც დაბალი იქნებოდა, ვინაიდან მიმდინარე წლის დამატებული ღირებულება ბევრად ვერ გადააჭარბებდა წინა პერიოდის „ხელოვნურად გაზრდილ“ მაჩვენებლებს.
სეზონურად კორექტირებული მშპ–ს მაჩვენებლების წელი წელთან პრინციპით შედარებისას ირკვევა, რომ ეს არგუმენტი არცთუ უსაფუძვლოა. მე–2 გრაფიკზე ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდა აჩქარდა 2011 წლის III და განსაკუთრებით, IV კვარტლიდან (ანუ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე).
იმავე გრაფიკზე ნათლად ჩანს, რომ 2011 და 2013 წლების კვარტალური ზრდის ტემპი თითქმის ერთნაირია (შესაბამისი მრუდები თითქმის პარალელურია, იხ. გრაფიკი 2). ეს კი მიუთითებს, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის დაბალი მაჩვენებლები გამოწვეულია არა იმდენად თავად ეკონომიკური ზრდის შენელებით, არამედ უფრო ერთჯერადი ჩავარდნით საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე (2012 წლის მე–4 კვარტალი).
მეცნიერული ჟარგონით რომ ვთქვათ, მშპ–ს ზრდა გამოხატავს ტიპიურ დამოკიდებულებას თავის წინა პერიოდის მნიშვნელობაზე, ანუ ერთი სუსტი კვარტალი დაბლა „ექაჩება“ ყველა მომდევნო კვარტალს (ამ ეფექტზე ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტი ჯერ კიდევ მარტში მიუთითებდა).
და მაინც, იყო თუ არა არჩევნების შემდგომი ჩავარდნა მთლიანად სამთავრობო დანახარჯების შემცირებით გამოწვეული? მე–3 გრაფიკზე ნათლად ჩანს სამშენებლო სექტორში ზრდის მაჩვენებლის დიდი მერყეობა, კერძოდ, მნიშვნელოვნად გაზრდილი ზრდის ტემპი არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში, რომლებიც არჩევნების დასრულებისთანავე რადიკალურად ეცემა. ეს ის სექტორია, რომელშიც მთავრობის სამშენებლო და ინფრასტრუქტურული დანახარჯები დიდ როლს თამაშობს. თუმცა მხოლოდ სამშენებლო სექტორში მყისიერი ვარდნა ცალკე აღებული ვერ ხსნის არჩევნების შემდგომ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას.
სამშენებლო სექტორის წილი საქართველოს მშპ–ში დაახლოებით 7–8%–ია. ამ წონის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია დავთვალოთ, რომ მიუხედავად ორნიშნა ზრდის მაჩვენებლებისა არჩევნებამდე 4 კვარტლის განმავლობაში, სამშენებლო სექტორის წვლილი ამ პერიოდის განმავლობაში მშპ–ს 7.7%–იან რეალურ ზრდაში მხოლოდ 1.8% იყო. ეს ნიშნავს, რომ სამშენებლო სექტორის ზრდა ამ პერიოდში მშპ–ს ზრდის მხოლოდ დაახლოებით 23.1%–ს შეადგენდა, მაშინ, როცა მთავარი წილი მშპ–ს ზრდისა (33.2%) სამრეწველო სექტორიდან მოდიოდა. ამავე დროს, სამრეწველო სექტორის ზრდის მაჩვენებლებში უჩვეულო ცვლილებები არჩევნებამდელ პერიოდში არ შეინიშნებოდა.
იმავე ლოგიკით შესაძლებელია დავთვალოთ, რომ სამშენებლო სექტორში ზრდის ტემპის ვარდნის წილი მშპ–ს ზრდის ტემპის ვარდნაში 43.5% იყო (მშპ–ს ზრდა არჩევნების შემდგომი სამი კვარტლის განმავლობაში საშუალოდ 5.6%–ით დაეცა, რაშიც სამშენებლო სექტორის ვარდნის წვლილი 2.4% იყო).
როგორც ვხედავთ, სამშენებლო სექტორში ვარდნამ მართლაც ითამაშა მნიშვნელოვანი როლი მშპ–ს ზრდის ტემპის დაცემაში. თუმცა დაახლოებით 60% ზრდის შენელებისა ეკონომიკის სხვა სექტორებიდან მოდის, განსაკუთრებით სამრეწველო, სატრანსპორტო და ვაჭრობის სფეროებიდან.
ზემოთქმულიდან გამომდინარე შემდეგი დასკვნების გაკეთებაა შესაძლებელი
უპირველეს ყოვლისა, სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნების შემდგომი ვარდნა მშპ–ს ზრდაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაშიც მოხდებოდა, თუკი ისინი არჩევნების შემდეგაც არ განაგრძობდნენ ისეთივე (ან უფრო დიდი) მასშტაბებით ხარჯვას სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
მეორე, როგორც ჩანს 2013 წლის IV კვარტალში ამავე წლის წინა კვარტლებთან შედარებით გაცილებით მაღალი ზრდაა მოსალოდნელი 2012 წლის დაბალი მაჩვენებლის გამო.
და ბოლოს, საქმე მხოლოდ არჩევნებში (და წინასაარჩევნო კამპანიაში) არაა. მაშ რა იყო ის დანარჩენი მიზეზები, რამაც გავლენა მოახდინა ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებაზე და რა იყო „კოჰაბიტაციის“ სპეციფიკური ეფექტები საქართველოს ეკონომიკაზე? ამაზე შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ.
Comments