ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

თბილისის ცენტრალური პარკის პროექტი – ქალაქს მეტი მწვანე სივრცე სჭირდება

წლებია, თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობა უარესდება, რაზეც არაერთი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია:

მოსახლეობის ზრდა – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, ბოლო ათ წელიწადში, დედაქალაქის მოსახლეობა 8%-ით გაიზარდა;

თბილისი ბიზნეს საქმიანობის ცენტრია – საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვრის თვის მდგომარეობით, ეკონომიკურად აქტიური ორგანიზაციების 42% თბილისშია თავმოყრილი;

• პირველი ორი ფაქტორი მჭიდრო კავშირშია სამშენებლო სექტორში საქმიანობის მაღალ აქტივობასთან – 2019 წელს მშენებლობის ნებართვების 48% თბილისში გაიცა (საქსტატი). ისიც აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში, სამშენებლო პროექტები ქალაქის მწვანე ზოლის ხარჯზე ვითარდება;

• ავტომობილების მფლობელთა ყველაზე მაღალი წილი თბილისში ფიქსირდება – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ავტომობილების 36% თბილისშია რეგისტრირებული.

როგორც ვხედავთ, ქალაქის ეკოლოგიაზე ზეწოლა იზრდება, ამიტომ აუცილებელია გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც უფრო ჯანსაღი საცხოვრებელი სივრცის შექმნას შეუწყობს ხელს. ითვლება, რომ ამის მიღწევის ერთ-ერთი ეფექტური გზა ურბანული პარკების განვითარებაა. სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის ტენდენცია საპირისპიროზე მეტყველებს: ერთ სულ მოსახლეზე მწვანე სივრცის ფართობი თბილისში მკვეთრად შემცირდა; თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შეფასება აჩვენებს, რომ 2010-2018 წლებში ერთ სულ მოსახლეზე მწვანე სივრცის ფართობი1 5.6-დან 1.3 კვ.მ-მდე შემცირდა, რაც საშუალო ევროპულ სტანდარტზე – 10-15 კვ.მ. ერთ სულ მოსახლეზე –  მკვეთრად დაბალია.


ურბანული პარკები – ფართოდ გავრცელებული გამოსავალი

ამ მიმართულებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მწვანე სივრცეები და ბუნებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები ქალაქის ცხოვრების გაუმჯობესების ყველაზე ეფექტური მიდგომაა (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, 2017 წ.). განმარტების თანახმად, ურბანული პარკი არის სპეციალურად გამოყოფილი ღია სივრცე, სადაც მცენარეები და წყალი დომინირებს და საზოგადოების ფართო გამოყენებისთვისაა განკუთვნილი (Maruthaveeran, 2015). ეს არის ქალაქის მაცხოვრებლების ბუნებასთან მეტი ურთიერთობის საუკეთესო მეთოდი. ისტორიულად, ურბანული პარკების ძირითადი დანიშნულება ქალაქებში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებაა, რადგან ასეთი პარკები ამცირებს ურბანული ტემპერატურის დონეს, იცავს ხმაურისგან, აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და ეკოლოგიური მრავალფეროვნების წყაროა. თუმცა ურბანული პარკების მნიშვნელობა მხოლოდ გარემოსდაცვითი პერსპექტივით არ შემოიფარგლება.

კვლევებმა აჩვენა, რომ ურბანული პარკები მნიშვნელოვნად ზრდის ქალაქის მოსახლეობის სოციალიზაციისა და რეკრეაციის დონეს, რიგ შემთხვევებში, იმდენად, რომ გარემოზე პოზიტიური ზემოქმედების ფაქტორსაც კი ჩრდილავს, რადგან, განმარტების თანახმად, რეკრეაცია არის აქტივობა, როდესაც ადამიანებს აქვთ თავისუფალი არჩევანი, დრო დაუთმონ  ფიზიკურ, სოციალურ, ინტელექტუალურ, შემოქმედებით და სულიერ აქტივობებში მონაწილეობას, რაც ზრდის ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ კეთილდღეობას (Elis, 2016). ცენტრალური პარკი ნიუ-იორკში, ბოსტონ ქომონი ბოსტონში და მონსანტოს ტყე-პარკი ლისაბონში არის საუკეთოს მაგალითი იმისა, რომ ურბანული პარკი შეიძლება ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობადაც იქცეს. ეს პარკები ერთმანეთისგან განსხვავებულად არის მოწყობილი, თუმცა მათი საერთო მახასიათებელი ისაა, რომ სამივე მათგანი გართობის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს ვიზიტორებს, მათ შორის ბაღებს, მუზეუმებს, ატრაქციონებს. განსხვავებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასეთ პარკში არის დიდი გამწვანებული სივრცე, სადაც შეგიძლიათ შეხვდეთ და დაისვენოთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, რაც ასე იზიდავს პარკის სტუმრებს.

როგორც ვხედავთ, ურბანული პარკები მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების სოციალურ განვითარებაში, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში ისინი მომგებიან ინვესტიციად არ აღიქმება. პარკების მოვლა-პატრონობა დიდ ხარჯებთან ასოცირდება და, როგორც წესი, ეს ხარჯები ბევრად აღემატება მიღებულ შემოსავალს, ამიტომ პარკებით იშვიათად ინტერესდებიან კერძო ინვესტორები. აქედან გამომდინარე,  უმეტესად, ურბანული პარკების კეთილმოწყობა ადგილობრივ თვითმმართველობებს ეკისრებათ და საზოგადოებას გადაეცემა საზოგადოებრივი საქონლის სახით2. ვინაიდან ადგილობრივი ხელისუფლება მთავარი სუბიექტია, რომელიც ურბანული პარკების განვითარებასა და მართვაზეა პასუხისმგებელი, მნიშვნელოვანია, დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული იყოს ქალაქის მოსახლეობის სურვილები და საჭიროებები.


ურბანული პარკები თბილისში და საზოგადოებრივი საჭიროებები

ცოტა ხნის წინ თბილისის მერმა ყოფილი იპოდრომის პარკის სარეაბილიტაციო პროექტი წარადგინა, რომლის მიზანიც მისი თბილისის ცენტრალურ პარკად ტრანსფორმაციაა, რაც ქალაქში რეკრეაციული ზონების ხელმისაწვდომობას გაზრდის. შემოთავაზებული გეგმა საზოგადოების წევრებს შორის მნიშვნელოვანი განხილვის საგნად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი აღფრთოვანებულია კონცეფციით, სხვები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამ გეგმას. ოპონენტების უმეტესობა არ უარყოფს, რომ პარკს რეაბილიტაცია სჭირდება, თუმცა შიშობს, რომ პარკის შემოთავაზებული მიმართულებით განვითარებამ შეიძლება მას პირველადი რეკრეაციული ფუნქცია დაუკარგოს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, უკეთ შეგვესწავლა ადგილობრივი საზოგადოების სურვილები და საჭიროებები. ამისთვის შევადგინეთ კითხვარი და გავავრცელეთ სოციალურ მედიაში. რესპონდენტებს ვთხოვეთ, გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები თბილისის ცენტრალური პარკის შემოთავაზებულ პროექტსა და თბილისში არსებულ პარკებსა და მწვანე სივრცეებზე. კვლევაში მონაწილეობა თბილისის 224 მაცხოვრებელმა მიიღო.

ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ არსებული პარკები მოსახლეობაში საკმაოდ პოპულარულია (გამოკითხულთა 40% კვირაში რამდენჯერმე სტუმრობს პარკებსა და სხვა მწვანე სივრცეებს). მეტიც, გამოკითხულთა 93% აცხადებს, რომ ისინი უფრო ხშირად ესტუმრებოდნენ პარკებს, ასეთი სივრცეები უფრო ახლოს რომ იყოს მათ სამუშაოსა თუ საცხოვრებელთან. ხოლო იმ რესპონდენტებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ უფრო ხშირად არ ივლიდნენ პარკებში, მიაჩნიათ, რომ უკვე არსებობს პარკები და მწვანე სივრცეები, რომლებიც მათ სახლთან და სამუშაო ადგილთან საკმაოდ ახლოსაა.

აშკარაა, რომ COVID-19-ის პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაზარდა მწვანე სივრცეებსა და პარკებში ვიზიტორების რაოდენობა და, ზოგადად, ამ საზოგადოებრივი საქონლის ღირებულება მოსახლეობაში. გამოკითხულთა 58% აცხადებს, რომ პანდემიის დროს უფრო მნიშვნელოვანი გახდა მწვანე სივრცეებში სტუმრობის შესაძლებლობა. ამის მიუხედავად, მხოლოდ 24%-მა აღნიშნა, რომ უფრო ხშირად ახერხებდა პარკების მონახულებას, ძირითადად იმიტომ, რომ მათ სამუშაო ან საცხოვრებელთან ახლოს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. გამოკითხულთა 99% მიიჩნევს, რომ თბილისში უფრო მეტი ურბანული პარკი და მწვანე სივრცეა საჭირო. ეს შედეგები აშკარად ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ქალაქში ნამდვილად დგას უფრო მეტი მწვანე სივრცის განვითარების საჭიროება.

რესპონდენტებს ვთხოვეთ, 10-ქულიანი სისტემით შეეფასებინათ ყოფილი იპოდრომის პარკის სარეაბილიტაციო პროექტიც. რესპონდენტთა 52%-მა პროექტი 1-5 ქულით (ნეგატიურად) შეაფასა, დანარჩენმა 48%-მა კი – 6-10 (პოზიტიურად) ქულით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი აზრი ორადაა გაყოფილი.

რესპონდენტთა პასუხების უფრო დეტალური შესწავლით ირკვევა, რომ საზოგადოების აზრის გაყოფის ძირითადი მიზეზები შემოთავაზებული პარკის მახასიათებლებია. ახალი თბილისის ცენტრალური პარკი სავარაუდოდ 26 სხვადასხვა ზონად იქნება დაყოფილი, მათ შორის იქნება: კვების ზონა, საგანმანათლებლო ცენტრი, შადრევნებისა და მანქანის პარკირების ზონები. თუმცა წარმოდგენილი „გაუმჯობესებები“, სავარაუდოდ, იმ მწვანე ადგილების ხარჯზე იგეგმება, რომლებსაც ამჟამად მოსახლეობა სხვადასხვა რეკრეაციული მიზნებისთვის იყენებს. ამასთან, ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება ჩვენი რესპონდენტების მიერ გამოკვეთილ პრიორიტეტებს: 61% აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია არსებული მწვანე სივრცის გაზრდა ურბანული პარკების შიგნით (მაგ. ბალახი, ხეები და ა.შ.); ამას მოსდევს მრავალ ფუნქციური ზონების საჭიროება (28%); მეტი ადგილი სპორტული საქმიანობისთვის (7%); და ვიზიტორების კომფორტის ძირითადი ელემენტებით, როგორიცაა სასმელი წყლითა და საზოგადოებრივი საპირფარეშოებით უზრუნველყოფა (4%).

ადგილობრივი მოსახლეობის სურვილები და საჭირობები დასტურდება იმითაც, რომ ადამიანები უფრო ხშირად სტუმრობენ ისეთ ადგილებს, სადაც მეტი მწვანე სივრცეა (იხ. გრაფიკი 1), თუნდაც ეს მათი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილისგან შორს იყოს. 39% იმ რესპონდენტებისა, რომლებიც ხშირად სტუმრობენ თბილისის ყველაზე მწვანე ადგილებს (ლისის ტბას, იპოდრომის პარკს, თბილისი ზღვას და ა.შ.), აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადგილები ახლოს არ არის მათ საცხოვრებელ ზონასთან, ისინი ამ ადგილებს სტუმრობენ იმიტომ, რომ მოსწონთ იქ არსებული გარემო. გარდა ამისა, რესპონდენტთა უმრავლესობა, რომლებმაც სხვა სასურველი ადგილები მიუთითეს (მოწოდებულ ალტერნატივებს მიღმა), სტუმრობს სამეზობლოში მდებარე პატარა პარკებს ან ტყე-პარკებს (მაგ. დიღმისა და კრწანისის ტყე-პარკები), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ მწვანე გარემოში მეტი დროის გატარება სურთ.

გრაფიკი 1. თბილისში არსებული მწვანე სივრცეები და პარკები, რომლებსაც მოსახლეობა ყველაზე ხშირად სტუმრობს3

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის რეაბილიტაცია, თავის მხრივ, პოზიტიური ინიციატივაა. აზრთა სხვადასხვაობის მთავარი მიზეზი ის არის, რომ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული განვითარება სრულად არ მოდის შესაბამისობაში საზოგადოების საჭიროებებსა და სურვილებთან. როგორც ჩვენი მცირე კვლევის შედეგებმა აჩვენა, ნებისმიერი საზოგადოებრივი სარგებლის გაზრდა შეიძლება, თუ მოსახლეობის სურვილები უკეთესად იქნება ინტეგრირებული ცენტრალური პარკის დაგეგმვის პროცესში; და, რაც მთავარია, ეს უნდა მოხდეს მწვანე სივრცეების დაკარგვის მინიმუმამდე შემცირებითა და არსებული ლანდშაფტის მაქსიმალურად შენარჩუნებით, რათა თბილისის შუაგულში ადამიანების ურთიერთკავშირი ბუნებასთან გაიზარდოს.


[1] ერთ სულ მოსახლეზე მწვანე სივრცის ფართობი აღნიშნავს მთლიანი მწვანე ფართობის შეფარდებას ქალაქის მოსახლეობის რაოდენობასთან.
[2] საზოგადოებრივი საქონელი – პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც ყველა მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი. საზოგადოებრივი საქონლის ადმინისტრირება ხდება სახელმწიფოს მიერ და მისი დაფინანსების წყაროა საგადასახადო შემოსავლები.
[3] გრაფიკზე წარმოდგენილი პასუხების ჯამო გადააჭარბებს 100%-ს, რადგან რესპოდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეთითებინათ ერთზე მეტი პასუხი.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners