ცოტა ხნის წინ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ირაკლი ალასანია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს 2012 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა. მინისტრის მოხსნა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის (და არამარტო) ბევრი წარმომადგენლისათვის, თუმცა თავდაცვის მინისტრების ცვლილება არცთუ უჩვეულოა საქართველოსთვის. ალასანია ერთ-ერთი იმ მინისტრთაგანია, ვინც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი ხნის მანძილზე მოახერხა ამ საკვანძო მნიშვნელობის პოსტის შენარჩუნება. მინისტრობის ორწლიანი და ერთთვიანი ხანგრძლივობით, იგი მეორე ადგილს ინაწილებს დავით კეზერაშვილთან, ყველაზე ხანგრძლივვადიანი (2 წელი და 11 თვე) მინისტრის, ბაჩო ახალაიას შემდეგ. ამ რეიტინგით, მეოთხე ირაკლი ოქრუაშვილია, მინისტრობის 1 წლისა და 11 თვის ვადით. სხვა მინისტრები მხოლოდ 3-დან 8 თვემდე რჩებოდნენ პოსტზე.
ალასანიამ არც ღარიბაშვილის ეპითეტები „ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური“ უნდა მიიღოს შეურაცხყოფად. ყველა მის გრძელვადიან წინამორბედს წილად გაცილებით უარესი ხვდა. ახალაია ახლაც 3-წლიან სასჯელს იხდის. კეზერაშვილი კი 2013 წლის დასაწყისში დააკავეს საფრანგეთში და ბეწვზე გადაურჩა ექსტრადიციას. ოქრუაშვილს, ჯერ კიდევ 2008 წელს, დაუსწრებლად მიუსაჯეს 11-წლიანი პატიმრობა. შევარდნაძის უკანასკნელ თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძეს კი, ჯერ კორუფციის უსაფუძვლო ბრალდებების მოგერიება მოუწია, შემდეგ კი, საერთოდ წავიდა პოლიტიკიდან. დიმიტრი შაშკინმა, სააკაშვილის უკანასკნელმა თავდაცვის მინისტრმა, 2012 წლის პოლიტიკურ შტორმს თავი ქვეყნიდან წასვლით დააღწია.
ფაქტია, რომ თავდაცვის სამინისტროში მომხდარი გადანაცვლებები ქართული პოლიტიკისთვის უცხო სულაც არ არის. როგორც პირველი გრაფიკი გვიჩვენებს, ყველა დანარჩენი უწყებაც საკმაოდ ხშირად იცვლიდა ხელმძღვანელობას. სხვათა შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არის უწყება, რომელსაც ყველაზე ნაკლები სტაბილურობა ახასიათებდა ამ თვალსაზრისით, 2012 წლის ოქტომბრამდე. 2004 წლიდან მოყოლებული, უწყებას 11 ხელმძღვანელი ჰყავდა. მინისტრის პოსტზე ერთმანეთს ისეთი მძიმე პოლიტიკურ ფიგურებს, როგორიცაა კახა ბენდუქიძე, ენაცვლებოდნენ ისეთ მსუბუქები, როგორიცაა ვერა ქობალია.
გრაფიკი 1. მინისტრების რაოდენობა ვარდების რევოლუციის შემდეგ, სამინისტროების მიხედვით
მინისტრების ცვლილების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ აქ.
რეგიონული კონტექსტი
საქართველო აშკარად გამოირჩევა პოლიტიკური ცვლილებებისა და მინისტრთა გადაადგილებების სისწრაფით ახლო მეზობლებისაგან. უპირველეს ყოვლისა, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელშიც ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილება მოხდა 2012 წელს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საქართველო მინისტრთა პოზიციებზე მობილობითაც ძალიან გამოირჩევა მეზობლებისგან.
სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც გაცილებით ნაკლები როტაციაა სამთავრობო სტრუქტურებში. აზერბაიჯანი საერთოდ უკიდურესი შემთხვევაა, სადაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი, არც მეტი, არც ნაკლები, 90-იანი წლების შუა ხანებიდან ჯიუტად ინარჩუნებენ თანამდებობებს ალიევ-ფაშაევის მმართველი კლანისადმი ერთგულების ან ოჯახური კავშირების წყალობით. მაგალითად, საფარ აბიევი 17 წლის (1995-2013) განმავლობაში იყო აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი; კამალადინ ჰეიდაროვი (ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი აზერბაიჯანელი) კი, ისეთ სარფიან პოზიციებს იკავებდა, როგორიცაა სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე (1995-2006) და საგანგებო სიტუაციების მინისტრი (2006-დღემდე). ცვლილების ნიავმა მხოლოდ ამ ბოლო დროს დაუბერა, როცა რამდენიმე გრძელვადიანი მინისტრი (თავდაცვის, ეკონომიკისა და მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კომუნიკაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების) გადადგა და სისტემას ახალი კადრების მიღების საშუალება მისცა.
სიტუაცია შედარებით უფრო დინამიური იყო სომხეთში, რომელსაც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან სამი პრეზიდენტი ჰყავდა: ლევონ ტერ-პეტროსიანი (1991-1998), რობერტ ქოჩარიანი (1998-2008) და სერჟ სარგსიანი (2008-დღემდე). სარგსიანი, სომხეთის ახლანდელი პრეზიდენტი, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტს 9 წლის მანძილზე იკავებდა (1993-95, 2000-2007), შუა პერიოდში კი, მსახურობდა უმაღლეს პოზიციებზე უშიშროების სამსახურებში. მისი მემკვიდრე, სეირან ოჰანიანი, თავდაცვის სამინისტროს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. ფაქტიურად, სომხეთის მინისტრების უმრავლესობა ინარჩუნებს პოზიციებს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან, რაც ნორმადაც კი შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნებისათვის.
პოლიტიკურ პოზიციებზე რა დოზის ცვლილება შეიძლება ჩაითვალოს დადებით მოვლენად ქვეყნისთვის?
ეკონომიკაში, როგორც წესი, საგადასახადო განაკვეთსა და შედეგად მოკრებილ საგადასახადო შემოსავლებს შორის დამოკიდებულებას ე.წ. ლაფერის მრუდით ასახავენ. იდეა მარტივია: თუ საგადასახადო განაკვეთი, მაგალითად საშემოსავლო გადასახადი 0%-ია, მაშინ მთავრობა საგადასახადო შემოსავლების შეკრებას ვერ მოახერხებს. იგივე მოხდება, თუკი განაკვეთი 100%-ს მიაღწევს, რადგან აღარავის ენდომება მუშაობა, თუ მის მთლიან ხელფასს მაინც სახელმწიფო წაიღებს. მარტივი ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არსებობს რაღაც ოპტიმალური საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი (არა მაინცდამაინც 50%!), რომელიც მთავრობას საგადასახადო შემოსავლების მაქსიმუმს მიაღწევინებს.
თუ მსგავს ლოგიკას მთავრობის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე როტაციას მივუსადაგებთ, (აზერბაიჯანის ტიპის) ნულოვანი, ან თითქმის ნულოვანი დენადობა აშკარად სუბოპტიმალური შედეგია. ამ შემთხვევაში ახალ ადამიანებსა და ახალ იდეებს არ ეძლევათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკუთარი წვლილის შეტანის საშუალება, სისტემა კი კორუმპირებული ხდება და საზოგადოების ხარჯზე უმცირესობა მდიდრდება. თუმცა არც ქართული კარუსელი უნდა ჩაითვალოს იდეალურ მოდელად. შეუძლებელია, სწორი გადაწყვეტილების მიღებას მოელოდე მინისტრისგან, რომელსაც ხსნიან მანამ, სანამ საკუთარი მდივნის სახელს დაიმახსოვრებს, რომ არაფერი ვთქვათ იმ სექტორის უკეთ გაცნობაზე, რომელზეც პასუხისმგებლობა დააკისრეს. ეს სიმართლეა ნებისმიერი სექტორისთვის, იქნება ეს თავდაცვა, საგარეო ურთიერთობები, სოფლის მეურნეობა, მთლიანად ეკონომიკა თუ განათლება.
სომხეთისა და განსაკუთრებით, აზერბაიჯანისაგან განსხვავებით, ქართული პოლიტიკური სპექტრი გაცილებით ახალგაზრდა და ცვალებადია. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე საქართველოს რვა პრემიერ-მინისტრი ჰყავდა, ზურაბ ჟვანიადან ირაკლი ღარიბაშვილის ჩათვლით. აქედან ექვსი სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, 2004-2012 წლებში იკავებდა პოსტს. 32 წლის ირაკლი ღარიბაშვილს, ამჟამინდელი ქართული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, აშკარად აკლია პოლიტიკური გამოცდილება. ეს ყველაფერი აისახება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხში (გაიხსენეთ, რამდენი საკანონმდებლო აქტი შეჩერდა ან გაუქმდა ბოლო წლებსა და თვეებში), მოუთმენლობაში (როგორც საქმის კეთების პროცესში, ასევე გუნდის მიმართ) და რიტორიკაში (ღარიბაშვილის შენიშვნები ალასანიას პიროვნულ თვისებებთან დაკავშირებით ამის ნათელი მაგალითია).
გრაფიკი 2. შეცვლილი მინისტრების წილი (%), საქართველო, 2004-2014
2014 წლის ბოლომდე ჯერ კიდევ ორი თვე დარჩა, მაგრამ მინისტრთა დენადობამ ამ წლისთვის უკვე მიაღწია საგანგაშო 60%-იან მაჩვენებელს — მეოთხე ყველაზე მაღალ ნიშნულს უკანასკნელი ათწლეულისათვის. პირველი სამი პიკი 2004, 2008 და 2012 საარჩევნო წლებში დაფიქსირდა. ამჟამინდელი დენადობა 2007 წლის შესაბამის მაჩვენებელსაც კი აღემატება. ეს კი იყო წელი, როცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ რიცხვები კრიზისზე მიუთითებს, კონკრეტულად ალასანიას წასვლა არ უნდა გავიგოთ, როგორც მნიშვნელოვანი ცვლილება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ორიენტაციაში (მიუხედავად საპარლამენტო ოპოზიციისა და ალასანიას მცდელობისა, ამაზე გაამახვილონ ყურადღება). უკანასკნელი მოვლენები ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო ახალბედა დემოკრატიაა, რომელსაც პრობლემები არ ელევა.
თუმცა, ყველა სამწუხარო ამბავში შეიძლება პოზიტიური დეტალის აღმოჩენა და როგორც ბევრი დამკვირვებელი, ამ ფონზე შეიძლება დადებითად შევაფასოთ ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი არაა ახალი კადრი. იმ გამობრძმედილი კარიერული დიპლომატის დანიშვნა, რომელიც წლების მანძილზე იყო ჩაბმული საქართველოსა და ევროპის ურთიერთობის პროცესში, მიუთითებს იმაზე, რომ ნელა, მაგრამ განუხრელად საქართველოს სახელმწიფო ძლიერებასა და სიცოცხლისუნარიანობას იკრებს.
Comments