ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

სოციალური კაპიტალი საქართველოში - საბჭოთა ნაბახუსევი?

ჩვენს ბლოგზე უკვე ისაუბრეს საქართველოს არასახარბიელო პოზიციაზე სოციალური კაპიტალის რეიტინგში (“Since When Do Georgians Trust Banks More Than Friends?”). ლეგატუმის კეთილდღეობის ინდექსის (Legatum Prosperity Index) 2012 წლის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო სოციალური კაპიტალის ქვეინდექსით 142 ქვეყნიდან 140-ე ადგილზე გავიდა! ერთი შეხედვით, ეს ფაქტი დაუჯერებელი და შოკისმომგვრელია. თუმცა თუ საკითხს ჩავუღრმავდებით და ძირფესვიანად გამოვიკვლევთ, რეიტინგში საქართველოს ასეთი პოზიციის მიზეზების მიგნებაც შეიძლება.

მსოფლიო ბანკი სოციალურ კაპიტალს შემდეგნაირად განმარტავს: „სოციალური კაპიტალი მოიცავს იმ ინსტიტუტებს, ურთიერთობებსა და ნორმებს, რომლებიც საზოგადოების სოციალური ურთიერთქმედების ინტენსივობასა და ხარისხს განსაზღვრავს... გამოცდილება გვიჩვენებს რომ საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს სწორედ სოციალური ერთობა წარმოადგენს. სოციალური კაპიტალი, საზოგადოებაში არსებული სოციალური ინსტიტუტების უბრალო ჯამი კი არა, მათი შემაკავშირებელი ინსტრუმენტია.“ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სოციალური კაპიტალი ადამიანთა ურთიერთთანადგომასა და საზოგადოების სასიკეთოდ თანამშრომლობას ეხება.

მკვლევარები განსხვავებენ ორი ტიპის: შემაკავებელ (bonding) და გამაერთიანებელ (bridging) სოციალურ კაპიტალს. შემაკავებელი სოციალური კაპიტალი გულისხმობს ჯგუფურ სოლიდარობასა და მჭიდრო კავშირებს. ამ ტიპის კაპიტალი ახასიათებს მჭიდრო ნათესავურ, ჩაკეტილ საოჯახო და კლანურ ურთიერთობებს. გამაერთიანებელი სოციალური კაპიტალი კი გულისხმობს ადამიანთა უფრო ფორმალურ თანამშრომლობას. უკანასკნელი, გულისხმობს რა ჯგუფის გარეთ კოოპერაციის ძიების სურვილს, აერთიანებს ადამიანებს სხვადასხვა ჯგუფებიდან. როგორც აღმოჩნდა, სწორედ გამაერთიანებელი სოციალური კაპიტალი არის ამაღლებული და გრძელვადიანი მიზნების მიღწევის ძირითადი ინსტრუმენტი. შესაბამისად, ქვეყნის განვითარებაში, შემაკავებელთან შედარებით, შემაკავშირებელი სოციალური კაპიტალი უფრო დიდ როლს თამაშობს.

2010 წლის ნოემბერ-დეკემბერში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ქართული საზოგადოება ძლიერი ჯგუფის შიდა სოლიდარობით ხასიათდება. ჯგუფებს შორის კავშირებთან მიმართებაში კი ქართველები იშვიათად ახდენენ ურთიერთობების ფორმალიზებასა და ინსტიტუციონალიზებას. კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ქვეყანა შემაკავებელი სოციალური კაპიტალის მოჭარბებასა და გამაერთიანებელი სოციალური კაპიტალის დეფიციტს განიცდის. ლეგატუმის კეთილდღეობის ინდექსის ქვეინდექსი კი უმეტესწილად სწორედ გამაერთიანებელ სოციალურ კაპიტალს ზომავს საზოგადოებაში ისეთ ქმედებებზე დაკვირვებითა და აღრიცხვით, როგორიცაა: მოხალისეობა, უცნობების დახმარება და საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის შემოწირულობების გაღება. შესაბამისად, ამ მეთოდით მიღებული მაჩვენებლები თანხვედრაშია CRRC-ის კვლევის შედეგებთან. საქართველო ლეგატუმის კეთილდღეობის ინდექსის სოციალური კაპიტალის კომპონენტში თითქმის ყველა მაჩვენებლით ჩამორჩება საშუალოს. ერთადერთი გამონაკლისია ქორწინების მაღალი დონე, რაც შემაკავებელი სოციალურ კაპიტალის სახესხვაობას წარმოადგენს.


საბჭოთა ნაბახუსევი

გამაერთიანებელი სოციალური კაპიტალის ნაკლებობის ერთ-ერთი მიზეზად შეიძლება ქვეყნის საბჭოური წარსული მივიჩნიოთ. ამ მოსაზრებას გარდამავალ ქვეყნებში სოციალურ კაპიტალზე მომუშავე მკვლევარების უმრავლესობა ეთანხმება. საბჭოთა პერიოდში ხალხი ძალიან იყო დამოკიდებული მეგობრებისა და ახლო ნათესავების ნდობაზე მაშინ, როცა გამაერთიანებელი სოციალური კაპიტალი ან საერთოდ არ არსებობდა, ან სახელმწიფოს მიერ კონტროლდებოდა. ბუნებრივია, რომ საზოგადოებაში, რომელმაც პირდაპირ თუ არაპირდაპირ გამოსცადა ისეთი ფორმალური იძულებითი კავშირები, როგორიცაა, ახალგაზრდა პიონერები, ადამიანთა უმეტესობა საზოგადოებრივი კავშირებისთვის თავის არიდებას ამჯობინებს. კომუნისტური პარტიის მიერ მართული და კონტროლირებული სამოქალაქო ინსტიტუტების გამოცდილება დღესაც დიდ ეჭვს იწვევს ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი გაერთიანების მიმართ. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წლის შემდეგაც კი, ფერმერებს არ სურთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბება. რთულია მათი დარწმუნება იმაში, რომ მსგავსი ორგანიზაცია შესაძლოა მათთვისვე სარგებლო აღმოჩნდეს.


გამაერთიანებელი სოციალური კაპიტალის ჩამოყალიბება

ამჟამად საქართველო დემოკრატიზაციისა და პოლიტიკური პარადიგმების ცვლილების პროცესშია. უკვე მრავალი წელია ქვეყანა ადმინისტრაციულ-მბრძანებლურიდან ლიდერობასა და ზედამხედველობაზე დაფუძნებულ საბაზრო ეკონომიკად გარდაქმნას ცდილობს. დასავლურ საბაზრო ეკონომიკებში კი გამაერთიანებელი სოციალური კაპიტალი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი სისტემის წარმატებული მართვა მეგობრულ და ოჯახურ კავშირებზე დაყრდნობით შეუძლებელია. თუ ასე მოხდება, მაშინ შედეგად მივიღებთ კორუფციასა და ნეპოტიზმს ისე, როგორც სამხრეთ იტალიაში, კერძოდ, სიცილიაში მოხდა. როცა საზოგადოება ისეთი არასწორი განვითარების გზას დაადგება, როგორც სიცილიის შემთხვევაში, მან ყველა ღონე უნდა იხმაროს სიტუაციის შესაცვლელად. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მმართველობისადმი საბჭოური ზემოდან ქვემოთ (top down) მიდგომა შეიცვალა დემოკრატიული ქვემოდან ზემოთ (bottom up) მიდგომით, ტრანსფორმაცია ჯერ კიდევ არაა დასრულებული თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში გამაერთიანებელი კაპიტალის მკვეთრი დეფიციტის გამო.

სამწუხაროდ, სოციალური კაპიტალის შექმნა და განვითარება მეტად რთული პროცესია და დიდ დროს მოითხოვს. მაშინაც კი, როცა საზოგადოება ნელი ტემპით იყენებს საკუთარ რესურსებს, სახელმწიფოს დამატებითი სტიმულებით პროცესის დააჩქარება შეუძლია. ამის კარგი მაგალითია თბილისის მერიის მიერ საცხოვებელი სახლების სახურავების შეკეთების დაფინანსების სქემა. სქემის ასამოქმედებლად ორი რამ არის საჭირო: პირველი, შენობის მობინედრეებმა უნდა აირჩიონ სახელმწიფო ინსტიტუტებში მათი წარმომადგენელი და მეორე, მათ უნდა გააჩნდეთ გარკვეული ხარჯების საკუთარ თავზე აღების სურვილი. ასეთი ფორმით სტრუქტურირებული დაფინანსების სქემა მეზობლებს შორის (რომლებიც არც ერთმანეთის ნათესავები არიან და არც მეგობრები) ფორმალური კოოპერაციის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, უბიძგებს რა მოქალაქეებს საზოგადოების წინაშე (ახლო სოციალური გარემოს გარეთ) პასუხისმგებლობის აღებისაკენ. შენობაში, სადაც მე ვცხოვრობ, წელიწადნახევარი დასჭირდა მეზობლების შეკრებას და სამეზობლოს წარმომადგენლის არჩევას. იმედი მაქვს მალე ახალი სახურავიც გვექნება!

საქართველოს წარმატება დიდადაა დამოკიდებული სოციალური კაპიტალის განვითარებაზე. მოახერხებს კი ქართული საზოგადოება გამაერთიანებელი კაპიტალის სიმწირის დაძლევას დროთა განმავლობაში? მიუხედავად ცვლილების გადაუდებელი აუცილებლობისა, მოცდა მოგვიწევს, რადგან საზოგადოებრივი ცვლილებებისთვის წლები კი არა, ათწლეულებია საჭირო.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners