ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ქალის ფასი: რა ეკონომიკური ლოგიკა იმალება საქორწინო გადასახდელების უკან?

ეკონომისტებს მიდრეკილება აქვთ ეძებონ ეკონომიკური საფუძვლები ყველა მოვლენის უკან. ეს  დაავადებასავითაა და ვაღიარებ, რომ მეც ამ სენით ვარ დაავადებული.

ზაფხულის მიწურულს ვიყავი შატილში, საქართველოს მთიანეთის ისტორიულ სოფელში, ჩეჩნეთის საზღვართან ახლოს. ეს უნიკალური, ქვითა და ქვითკირით ნაშენი, დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებული სიმაგრე ძალაუნებურად აღძრავს ფიქრებს წინაპრებზე. ჩვენი გიდი მოგვიყვა სხვადასხვა ფაქტს  მთიელთა ცხოვრების შესახებ.  ერთმა მათგანმა განსაკუთრებით მიიპყრო ჩემი ყურადღება: „ურვადის“, ანუ საქორწინო გადასახდელის (გამოხატული თანხით,  საქონელით ან უძრავი ქონებით) არსებობამ, რომელსაც სიძე ან მისი ოჯახი უხდიდა პატარძლის ოჯახს. ფაქტობრივად, ეს პატარძლის ფასი იყო. ჩემი ინტერესი იმან გააღვივა, რომ საქორწინო გადასახდელის ტრადიცია საქართველოს ბარშიც იყო გავრცელებული, ოღონდ მზითევის სახით. ყველა ტრადიცია მოტივირებულია გარკვეული სტიმულებით და მე, როგორც ეკონომისტს, მიმაჩნია, რომ ეს სტიმულები პირველ რიგში ეკონომიკურია. ამიტომაც, მთელი მოგზაურობის განმავლობაში თავიდან არ მშორდებოდა ფიქრი იმაზე, თუ რა ეკონომიკური აზრი იმალება ორი ტრადიციის უკან; კერძოდ, რამ განაპირობა  საქართველოს მთიან რეგიონში ურვადის, ხოლო ბარში მზითევის არსებობა.

სანამ ზემოაღნიშულ კითხვას გავცემდეთ პასუხს, ნება მომეცით, ავხსნა, თუ როგორ ვხედავ მე მზითევსა და ურვადს ეკონომიკურ ჭრილში. ურვადი „ფასია“, რომელსაც სიძე პატარძალში იხდის. ამის საპირისპიროდ, მზითევი ერთგვარ „უარყოფით ფასს“ წარმოადგენს: მას პატარძლის მშობლები იხდიან მათი შვილის გათხოვებაში. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ეს ორი ტრადიცია არ წარმოადგენს ერთმანეთის საპირისპირო ცნებას.  მზითევი ქონებაა, რომელიც ეძლევა პატარძალს თავისი ახალი ოჯახისთის. ეს ქონება პატარძალს ეკუთვნის და ის მას თავის ქმართან ერთად განკარგავს. მეორე მხრივ, ურვადი ერთგვარი ეკონომიკური კომპენსაციაა, რომელსაც სიძე უხდის პატარძლის ოჯახს მათი დანაკარგის ასანაზღაურებლად. ურვადიცა და მზითევიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც ქორწინების „საწყისი ინვესტიცია“.

თბილისში დაბრუნების შემდეგ შევეცადე ჩემი კითხვის პასუხი ეკონომიკურ ნაშრომებში მეპოვა. პირველი, რაც დავინახე ოჯახის შემადგენლობის შესახებ არსებულ თითქმის ყველა კვლევაში - მონოგამურსა თუ პოლიგამურში - იყო ის, რომ ურვადი უფრო პოლიგამურ საზოგადობებშა მიღებული, მზითევი კი - მონოგამურში. იმ საზოგადოებებში, სადაც რესურსების სიჭარბეა, ოჯახები უარყოფით ფასს აწესებენ სიძეების მოსაზიდად. იქ კი, სადაც რესურსების სიმწირეა და კაცებს რამდენიმე ცოლი ჰყავთ, სიძეებს უწევთ ხარჯის გაღება. ანუ, თუ ეკონომიკურ ჭრილში განვიხილავთ, ქორწინებასთან დაკავშირებული გადასახდელები ის „ფასებია“, რომლებიც ქორწინების ბაზარს აწონასწორებენ. ურვადი და მზითევი ერთმანეთს უტოლებს სიძეთა და პატარძალთა მოთხოვნასა და მიწოდებას. შესაბამისად, როცა სიძეების „მარაგი“ მათ მოთხოვნაზე ნაკლებია, პატარძლები იხდიან მზითევს, როცა პატარძლებზეა ჭარბი მოთხოვნა, მაშინ სიძეებს უწევთ  თანხის გაღება.

ერთი შეხედვით, ეს მოდელი ვერ ახსნის საქართველოს მთიანეთსა და ბარში არსებულ ტრადიციებს შორის სხვაობას, რადგანაც პოლიგამია საქართველოში ზოგადად არ იყო გავრცელებული. თუმცა, თუ ქალს განვიხილავთ, როგორც რესურსს და მის - როგორც რესურსის - სიმწირეზე გავამახვილებთ ყურადღებას, შეგვიძლია ნაწილობრივ ავხსნათ საქორწინო გადასახდელების ტრადიციებს შორის სხვაობა. საქართველოს მთიანეთი მჭიდროდ არაა დასახლებული, ამიტომ ქალთა არჩევანი მცირეა. სიტუაციას ამ მხრივ ისიც ამძიმებს, რომ ნათესავებსა და ერთი ხატის მფარველობის ქვეშ მყოფ ადამიანებს შორის ქორწინება მიუღებელია.

თუკი ზემოაღნიშნულს გარი ბეკერის თეორიის ჭრილში განვიხილავთ, მთიანეთისა და ბარის ტრადიციებს შორის განსხვავების მიზეზები კიდევ უფრო ნათელი გახდება. მისი შრომა „ტრაქტატი ოჯახის შესახებ“ (1993) საქორწინო გადასახდელებს ქალის ეკონომიკურ ღირებულებას უკავშირებს. ამ მოვლენის უკეთ აღსაწერად ბეკერმა შექმნა ქორწინებათა ბაზრის მოდელი. მის მოდელში ქორწინება  განხილულია როგორც თანამშრომლობა, რომელიც შექმნილია წარმოების (შინამეურნეობის, საბაზრო ან ორივე) ეფექტიანობის ასამაღლებლად. საქორწინო გადასახდელების ადრესატის განსხვავებულობა კი მომდინარეობს სიძეების ჰეტეროგენულობიდან (ანუ, განსხვავებული სოციო-ეკონომიკური სტატუსიდან) და ქალთა ეკონომიკური ღირებულებიდან. კერძოდ, ისეთ ჰომოგენურ საზოგადოებაში (ანუ, საზოგადოებაში სოციო-ეკონომიკური სტატუსის შედარებით მცირე ვარიაციით), სადაც ქალები წარმოებაში პირდაპირ იღებენ მონაწილეობას და ოჯახის სტატუსი მათ მიერ გაწეულ შრომაზეა დამოკიდებული, მათი ეკონომიკური ღირებულება შედარებით დიდია და სიძეები უხდიან ფულს პატარძლების მშობლებს მათი შვილის შრომითი და რეპროდუქციული უნარების დასასაკუთრებლად. ბეკერის თეორიამ გამოხმაურება ბოსერუპის (1970) საქორწინო გადასახდელების შესახებ ჩატარებულ კვლევაში ჰპოვა. როგორც ამ კვლევამ აჩვენა, იმ საზოგადოებებში, რომელთაც ურვადის გადახდის ტრადიცია აქვთ, ქალებს დიდი სასოფლო-სამეურნეო ჯაფა აკისრიათ. საინტერესოა ისიც, რომ ურვადის ტრადიციის მქონე საზოგადოებებში მსუბუქი სასოფლო-სამეურნეო იარაღებია (მაგალითად, თოხი) გავრცელებული - ეს საშუალებას აძლევს ფიზიკურად მამაკაცთან შედარებით სუსტ ქალს, მოსავლის მოსაყვანად იმუშაოს. მეორე მხრივ, მზითევი უფრო მიღებულია ისეთ საზოგადოებებში, რომლებიც გუთნებს იყენებენ. ამ შემთხვევაში ქალის როლი ხვნა-თესვაში ბუნებრივად შეზღუდულია მისი ფიზიკური შესაძლებლობების გამო. ზემოაღნიშნული თეორიის მიხედვით  მზითევი უფრო გავრცელებულია ისეთ საზოგადოებებში, რომელთაც მკაფიო სოციალური სტრატიფიკაცია გააჩნიათ, ურვადი კი ჰომოგენურ საზოგადოებებში უფროა მიღებული და შედეგად, მზითევის ტრადიციის არსებობა დაკავშირებულია კომპლექსური სოციალური წყობილების არსებობასთან. ამის შესანიშნავი მაგალითია ერთი მხრივ ინდოეთი, სადაც მზითევის ტრადიცია ძლიერია და საზოგადოება მკაფიოდ იყოფა კასტებად და მეორე მხრივ სუბსაჰარული აფრიკა, რომლის ჰომოგენურ საზოგადოებებშიც ურვადია მიღებული.

საქართველოს შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მთიანეთისა და ბარის ტრადიციებს შორის განსხვავება ამ რეგიონებში ქალის ეკონომიკურ ღირებულებას შორის განსხვავებას ეფუძნება. მთიანეთის ოჯახებში ქალის როლი მოსავლის მოწევაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, დიდთოვლობის პერიოდში გზების ჩაკეტვის გამო მთიანეთის სოფლები თვეობით წყდებოდა გარესამყაროს რაც ვაჭრობას შეუძლებელს ხდიდა. ასეთ მდგომარეობაში ქალი, რომელსაც თავად შეეძლო სახლისთვის საჭირო ნივთების დამზადება, კიდევ უფრო ღირებული ხდებოდა ეკონომიკური თვალსაზრისით. ამის საპირისპიროდ, საქართველოს დაბლობებს ყოველთვის ჰქონდათ განვითარებული წარმოება, რომელიც ჰეტეროგენულს ხდიდა კაცებს მათი ქონებრივი შესაძლებლობის მხრივ. ქალთა ეკონომიკური როლი კი არ იცვლებოდა და ისინი ჰომოგენურნი რჩებოდნენ. ასეთ სიტუაციაში სასურველი სასიძოს მისაზიდად ქალის ოჯახს მხოლოდ მზითევის დაწესებაღა რჩებოდა.

საქართველოში საქორწინო გადასახდელების ტრადიცია ნელ-ნელა ქრება და ისტორიის კუთვნილებად იქცევა. საქორწინო გადასახდელები მშობლებისა და ნათესავების აქტიური ჩარევით მომხდარ ქორწინებასთან ასოცირდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თანამედროვე ახალგაზრდობა უფრო და უფრო დამოუკიდებელი ხდება მშობლებისგან პარტნიორის არჩევის საკითხში, ლოგიკურია, რომ საქორწინო გადასახდელების როლი მცირდება. ქალიშვილის „გამზითვების“ მაგივრად მშობლები სულ უფრო მეტად ირჩევენ თავიანთი ქონების მის განათლებაში დაბანდებას. რაც შეეხება ურვადს, ის სრულიად გაქრა ინდუსტრიალიზაციისა და ურბანიზაციის შედეგად. მე შევეცადე ამეხსნა საქართველოში არსებული საქორწინო გადასახდელების ტრადიციებს შორის სხვაობის შესაძლო მიზეზები. ამჟამად საქორწინო გადასახდელები ფართოდაა გავრცელებული განვითარებად ქვეყნებში და დიდ როლს თამაშოს ქალთა კეთილდღეობასა და საზოგადოებაში ქონების გადანაწილებაში. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ემპირიული კვლევები ინტენსიურად არ ტარდება და განზოგადება რთულია.

საქორწინო გადასახდელების ისტორია საქართველოში მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ იწვევს ტრადიციის მიერ მოტანილი ეკონომიკური სარგებლის გაქრობა თავად  ტრადიციის გაქრობას. საინტერესოა, იგივე ბედი ეწევათ თუ არა სხვა ტრადიციებს, თუ ერთ დღეს ისინი ეკონომიკურ სარგებელს ვეღარ მოიტანენ? თუ ზოგიერთი ტრადიცია იმდენად ძლიერია, რომ ხალხი მას ყოველგვარი რაციონალური მიზეზის გარეშე დაიცავს?

Rate this blog entry:
5 Comments

Related Posts

Comments

 
Guest - Merab Pholadashvili on პარასკევი, 22 ნოემბერი 2013 18:01

ამ ტრადიციას რა ანაცვლებს, უკვალოდ ხომ არაფერი ქრება?

ამ ტრადიციას რა ანაცვლებს, უკვალოდ ხომ არაფერი ქრება?
Guest - Nino Khelaia on პარასკევი, 22 ნოემბერი 2013 20:00

კაია ვარგა:))) ისე შატილში ვიღაცამ ამიხსნა რო წინ დიდი მთა რომ არის ციხის მოპირდაპირე მხარეს, იქ ქალებს გათხოვების წინ მძიმე ტვირთი უნდა აეტანათ სირბილით თუ ჩქარა, და ეგ ანუ გამოცდა იყო სასოფლო ჯაფის წინ?

კაია ვარგა:))) ისე შატილში ვიღაცამ ამიხსნა რო წინ დიდი მთა რომ არის ციხის მოპირდაპირე მხარეს, იქ ქალებს გათხოვების წინ მძიმე ტვირთი უნდა აეტანათ სირბილით თუ ჩქარა, და ეგ ანუ გამოცდა იყო სასოფლო ჯაფის წინ?
Guest - Maka on შაბათი, 23 ნოემბერი 2013 15:39

მადლობა ნინო. მეც ამიხსნეს ეგ შატილში და სწორედ მანდ დავინტერესდი ამ განსხვავებებით

მადლობა ნინო. მეც ამიხსნეს ეგ შატილში და სწორედ მანდ დავინტერესდი ამ განსხვავებებით
Guest - Maka on შაბათი, 23 ნოემბერი 2013 15:47

როგორც ჩანს, ეგ იყო სწორედ გამოცდა სასოფლო ჯაფის წინ. მერაბ თქვენს კომენტარს რაც შეეხება, გარკვეულწილად ამ ტრადიციამ ტრანსფორმაცია განიცადა და როგორც უკვე ავღნიშნე ჩანაცვლდა გოგოების გამზითვების ნაცვლად მათ განათლებაში ფულის ინვესტირებით. თუმცა პირადად ჩემი აზრით, როცა კი საფუძველი გამოეცლება რაიმე ტრადიციას ის უკვალოდაც შეიძლება გაქრეს.

როგორც ჩანს, ეგ იყო სწორედ გამოცდა სასოფლო ჯაფის წინ. მერაბ თქვენს კომენტარს რაც შეეხება, გარკვეულწილად ამ ტრადიციამ ტრანსფორმაცია განიცადა და როგორც უკვე ავღნიშნე ჩანაცვლდა გოგოების გამზითვების ნაცვლად მათ განათლებაში ფულის ინვესტირებით. თუმცა პირადად ჩემი აზრით, როცა კი საფუძველი გამოეცლება რაიმე ტრადიციას ის უკვალოდაც შეიძლება გაქრეს.
Guest - Merab Pholadashvili on კვირა, 24 ნოემბერი 2013 02:45

არ დაგეთანხმები, გააკეთე დაშვება, რომ საფუძველი წყვილის მომავალი კეთილდღეობა იყო, ეს ყოველთვის აქტუალური იქნება. იდეაში მაშინ პრიორიტეტი ქალის არა განათლება არამედ ფიზიკური შესაძლებლობა იყო, ის რაც ღვთისგან იყო ბოძებული, თუ ეს არ გააჩნდა გოგოს, მაშინ მშობლები მის მზითევზე ფიქრობდნენ. . . ეხლანდელი სიტუაცია როგორია? გოგოს თუ წარმატებულია, ის ბიჭისთვის მიმზიდველია (ნუ რეალობას ვერ გაექცევი) და ესეც ღვთისგანაა ბოძებული, ნიჭი სწავლის ყველას არ აქვს და ამ შემთხვევაში მიმზიდველი ხდება გოგოს მშობლების ფინანსური შსაძლებლობა. მოკლედ ძველი ფიზიკური შესაძლებლობა შეცვალა გონებრივმა. შეიცვალა ისიც რომ, ეხლა მშობლების მაგივრად წყვილები თავად წყვეტენ ყველაფერს. განვითარდა სამყარო :) და აი მივადექით სიყვარულის როლს ამ ყველაფერში, თუმცა ეხლა ჩემთან დილის ექვსია და დავიძინე. და თუ ჩემმა უძილო კომენტარმა რეალობა ჰპოვა შენს ნაშრომში მაკა, მზად ვარ გავაგრძელო :)

არ დაგეთანხმები, გააკეთე დაშვება, რომ საფუძველი წყვილის მომავალი კეთილდღეობა იყო, ეს ყოველთვის აქტუალური იქნება. იდეაში მაშინ პრიორიტეტი ქალის არა განათლება არამედ ფიზიკური შესაძლებლობა იყო, ის რაც ღვთისგან იყო ბოძებული, თუ ეს არ გააჩნდა გოგოს, მაშინ მშობლები მის მზითევზე ფიქრობდნენ. . . ეხლანდელი სიტუაცია როგორია? გოგოს თუ წარმატებულია, ის ბიჭისთვის მიმზიდველია (ნუ რეალობას ვერ გაექცევი) და ესეც ღვთისგანაა ბოძებული, ნიჭი სწავლის ყველას არ აქვს და ამ შემთხვევაში მიმზიდველი ხდება გოგოს მშობლების ფინანსური შსაძლებლობა. მოკლედ ძველი ფიზიკური შესაძლებლობა შეცვალა გონებრივმა. შეიცვალა ისიც რომ, ეხლა მშობლების მაგივრად წყვილები თავად წყვეტენ ყველაფერს. განვითარდა სამყარო :) და აი მივადექით სიყვარულის როლს ამ ყველაფერში, თუმცა ეხლა ჩემთან დილის ექვსია და დავიძინე. და თუ ჩემმა უძილო კომენტარმა რეალობა ჰპოვა შენს ნაშრომში მაკა, მზად ვარ გავაგრძელო :)
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners