ზაფხულში სოციალური ქსელები გაივსო ვიდეოებით, სადაც ხალხი (მათ შორის ცნობილი ადამიანები სხვადასხვა სფეროდან) თავზე ყინულით სავსე წყალს ისხამდა. საზოგადოების ნაწილმა, ეს ფაქტი დადებითად მიიღო და საკმაოდ გაერთო კიდეც ვიდეოების ყურებით (ზოგმა თავადაც კი მიიღო მონაწილეობა Ice Bucket Challenge-ში), ნაწილში კი გაღიზიანება გამოიწვია ამ საქველმოქმედო კამპანიამ, რომელიც რთული გასარჩევი იყო მეგობრებისა და ნაცნობების მიერ დაგზავნილი ჩვეულებრივი “სპამების” შემოტევისაგან. თუმცა, საზოგადოების მესამე ნაწილის რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა: მათ დაიწყეს აღნიშნული ქცევის მორალურ ასპექტზე საუბარი.
მათთვის, ვისაც არ სმენია აღნიშნული კამპანიის შესახებ: ყინულიანი წყლის გამოწვევა - the Ice Bucket Challenge, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის (ALS) წამლის კვლევებისათვის საჭირო ფონდების მოსაზიდად შექმნილი საქველმოქმედო აქცია იყო. აღნიშნული დაავადების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსხვერპლი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ცნობილი ინგლისელი ფიზიკოსი, სტივენ ჰოკინგია. საზოგადოების უმეტესი ნაწილი თვლის, რომ აღნიშნულ დაავადებასთან ბრძოლისათვის საჭირო ფულის შეგროვებაში მონაწილეობა კეთილშობილური საქციელია, მაგრამ არიან ადამიანები რომელთა აზრითაც, „ეს კამპანია უბრალოდ გართობისა და შეჯიბრებისათვისაა, და ადამიანებს, რომლებიც მასში მონაწილეობას იღებენ, სრულიად არ ადარდებთ ALS.“ უფრო მეტიც, იყვნენ ისეთები, ვინც ფიქრობდნენ, რომ ეს უბრალოდ „ალტრუიზმის ნიღბის უკან დამალული ნარცისიზმის“ გამოხატულება იყო.
ეს მოსაზრება საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამტკიცებს რომ კეთილი საქმე, თუ ის ეგოისტური მოტივით არის ჩადენილი, უვარგისი ხდება. თუმცა, ადამიანებმა, რომლებიც ამას ამტკიცებენ, შესაძლოა არც იცოდნენ, რომ კითხვა კეთილი საქმის მოტივისა და მისი მორალური ღირებულების კავშირის შესახებ, არა მხოლოდ ფილოსოფოსთა განხილვის თემას წარმოადგენს, არამედ, საკმაოდ დიდ პრაქტიკულ გამოყენებასაც ჰპოვებს ეკონომიკისა და სამართლის სფეროებში. მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი...
კანტი არ მიიღებდა გამოწვევას
თუ რომელიმე ეთიკურ პრობლემასთან დაკავშირებით არასტანდარტულ ფილოსოფიურ შეხედულებას ეძებთ, გირჩევთ ემანუელ კანტის (1724-1804) მოსაზრება გადაამოწმოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ ფილოსოფოსმა ჩამოაყალიბა ახალი, რევოლუციური ეთიკური სისტემა, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა დასავლური სამყაროს შეხედულებები რიგ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად: თავისუფლება, ან მორალური ვალდებულებები. საკმაოდ გასაოცარი მიღწევაა ადამიანისათვის, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, კენიგსბერგში (ახლანდელ კალინინგრადში) მდებარე საკუთარ სახლს 30 კილომეტრზე მეტი მანძილით არ გასცილებია.
მოკლედ რომ ვთქვათ, კანტი არ მიიღებდა მონაწილეობას Ice Bucket Challenge-ში. უფრო მეტიც, ის იმავე მიზეზით დაგმობდა ამ საქველმოქმედო კამპანიას, რითაც ზემოაღნიშნული დღევანდელი მოწინააღმდეგეები. ქმედება, რომელიც გამოწვეულია ადამიანის სურვილით, სხვის თვალში უკეთ გამოჩნდეს, ან უბრალოდ, ნარცისიზმის გამოხატულებაა, არ შეიძლება ჩაითვალოს მორალურ ქცევად. ამის ახსნა შედარებით რთულია და დაკავშირებულია კანტის თეორიასთან, რომლის თანახმადაც, ქცევის მორალურობა „მორალის საყოველთაო კანონის“ მიხედვით უნდა შეფასდეს. კანტის აზრით, მორალური ქცევა არ შეიძლება იყოს სხვა მიზნის მიღწევის საშუალება. თუ შენ მონაწილეობას მიიღებ Ice Bucket Challenge-ში იმისათვის, რომ აჩვენო, რამდენად კარგი და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი ხარ, მაშინ ეს არ შეიძლება ჩაითვალოს მორალურ ქცევად.
კანტის თანამედროვე ფრიდრიხ შილერისათვის, ეს მოსაზრება იმდენად აბსურდულად ჟღერდა, რომ სარკასტული ლექსიც კი მიუძღვნა (რითმა თარგმანის შედეგად დაიკარგა):
„საბედნიეროდ, ვეხმარები ჩემს მეგობრებს, მაგრამ ვაი, რომ ამას ვაკეთებ სიხარულით. შემიპყრო გრძნობამ, რომ არ ვარ სათნო ადამიანი.“ (ციტატა J.A. Gauthier (1997), “Schiller's Critique of Kant's Moral Psychology: Reconciling Practical Reason and an Ethics of Virtue”, Canadian Journal of Philosophy 27, pp. 513-544).
კანტის მოსაზრება, შესაძლოა ცოტა ექსტრემალურად ჟღერდეს, მაგრამ ის კარგად ერგება კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს. მაგალითად, თუ შენ მანქანით დაეჯახები შენს უფროსს, შენი განზრახვა ამ დროს იქნებამთავარი განხილვის საგანი სასამართლოზე და სწორედ ეს ვითარება გადაწყვეტს, გაგიშვებენ თუ არა ციხეში ჩადენილი ქმედებისთვის. თუ თქვენ დაარწმუნებთ მოსამართლეს, რომ არ დაგინახავთ, როგორ კვეთდა თქვენი უფროსი გზას, შესაძლოა, სასჯელი მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქდეთ. მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ თქვენ უფროსს თან წაყვანა შესთავაზეთ და ამ დროს, სანამ ის გზას კვეთდა იმისათვის, რომ მანქანაში ჩამჯდარიყო, თქვენ მას განზრახ დაეჯახეთ, მაშინ სასჯელი გაცილებით მძიმე იქნება.
ლოგიკა ამ ყველაფრის უკან ასეთია: თქვენ ითვლებით დამნაშავედ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გააზრებულად და წინასწარი განზრახვით მიაყენეთ ზიანი სხვა ადამიანს. ანალოგიურად, კანტის აზრით, ადამიანის საქციელი მხოლოდ მაშინ იმსახურებს შექებას, როდესაც ის განზრახ აკეთებს კეთილ საქმეს (და არა რამე სხვა მიზეზის გამო).
ეკონომისტები მიიღებდნენ მონაწილეობას
ეკონომიკა ძირითადად დაფუძნებულია უტილიტარიზმის ფილოსოფიურ ცნებაზე, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანტის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას. პირველი უტილიტარისტი იყო ჯერემი ბენთამი (1748-1832), რომელმაც, კანტისგან განსხვავებით, ქმედების ღირებულება შეაფასა არა მორალთან მიმართებაში, არამედ შედეგებზე დაყრდნობით.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ფილოსოფიურ-ეთიკურ დებატებში საკმაოდ გავრცელდა ნაცისტების და მესამე რაიხის მაგალითად მოყვანა, განსაკუთრებით, თუ საკითხში კანტისნაირიგერმანელიფილოსოფოსიიყო ჩარეული. ავსტრალიელი ფილოსოფოსის, პიტერ სინგერის წიგნში „პრაქტიკული ეთიკა“ გვხვდება მაგალითი, რომელშიც გესტაპო (მესამე რაიხის "საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია") აკაკუნებს კარზე და ეძებს ებრაელებს, რომლებიც თქვენს სხვენში იმალებიან. კითხვა არის შემდეგი: როგორ მოიქცეოდა ამ სიტუაციაში უტილიტარისტი და როგორ მოიქცეოდა კანტის თანამოაზრე?
თუ თქვენ კანტის თანამოაზრე ხართ, მაშინ შედეგებს არ აქვს მნიშვნელობა და მთავარია, ქმედება ემთხვეოდეს „მორალის საყოველთაო კანონს“, რომელიც, თავის მხრივ, გამორიცხავს ტყუილის თქმის შესაძლებლობას. შესაბამისად, თქვენ უნდა აღიაროთ გესტაპოსთან, რომ მალავთ ებრაელების ოჯახს სხვენში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სრულიად გააზრებული გაქვთ, რა საშინელი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ აღიარებას. მეორე მხრივ, თუ თქვენ ხართ უტილიტარისტი, უნდა შეაფასოთ მოსალოდნელი შედეგი და შესაბამისად მოატყუოთ გესტაპო.
ამ ორ მოსაზრებას შორის განსხვავების საჩვენებლად გამოსადეგი, ნაკლებად ჰიპოთეტური მაგალითი იქნებოდა 2006 წელს მომხდარი ფაქტი, როდესაც გერმანიის უზენაესმა სასამართლომ უარყო კანონი, რომელიც მთავრობას მისცემდა უფლებას, ჩამოეგდო სამოქალაქო თვითმფრინავი, თუ მას ძალით დაიმორჩილებდნენ და შეიქმნებოდა შესაძლებლობა, ის გამოყენებული ყოფილიყო ტერორისტული მიზნებისათვის (როგორც 9/11ის შემთხვევაში). ვერდიქტის გამოცხადებისას, სასამართლომ პირდაპირ მიმართა კანტის თეორიას. მეორე მხრივ, უტილიტარისტების აზრით, თვითმფრინავის მგზავრები ნებისმიერ შემთხვევაში დაიღუპებოდნენ და კანონის მიღებას, ტერორისტების მიზანში მყოფთა სიცოცხლის გადარჩენა მაინც შეეძლო.
რომ მივუბრუნდეთ Ice Bucket Challenge-ს, ბენთამი და მისი მიმდევრები არც კი იკითხავდნენ, რა მოტივი დევს ყინულიანი წყლის გადასხმის უკან და შეაქებდნენ ALS-თან ბრძოლისათვის საჭირო მნიშვნელოვანი თანხების მოსაზიდად შექმნილ აღნიშნულ კამპანიას.
ეს ეკონომისტები იხრებიან უტილიტარიზმის მხარეს. უფრო მეტიც, მათი მოსაზრებით, ნებისმიერი ქმედების უკან არსებობს მხოლოდ ეგოისტური მოტივი და ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს შედეგია. უკანასკნელი 15 წლის ერთ ერთი ყველაზე განხილვადი და პოპულარული ნაშრომი ერნსტ ფერის და კლაუს მ. შმიდტის „სამართლიანობის, კონკურენციისა და კოოპერაციის თეორიაა“ (The Quarterly Journal of Economics 114, 1999, pp. 817-868), რომელიც ამტკიცებს, რომ გავრცელებული ალტრუისტული ქცევა ბევრ სიტუაციაში შეიძლება აიხსნას საკუთარი სარგებლიანობის ფუნქციით, რომელშიც ასევე შედის სხვისი კეთილდღეობა. აღნიშნული თეორიის თანახმად, ადამიანები ახდენენ საკუთარი სარგებლიანობის მაქსიმიზაციას მაშინაც კი, როდესაც ექსპერიმენტში მონაწილეობის დროს, საკუთარ თანხას უნაწილებენ სხვებს, რადგან სწორედ ამ ქცევისგან იღებენ დამატებით სარგებელს. მაშინ როდესაც არაეკონომისტებისათვის ეს შესაძლოა საკმაოდ ტრივიალურად ჟღერდეს, ბევრი ამ ნაშრომს ეკონომიკის საფუძვლადაც კი თვლის. როგორც ჩანს, ეკონომისტები ცდილობენ სრულიად გამორიცხონ ალტრუიზმის შესაძლებლობა, ისე, როგორც ჩვენ ეს გვესმის.
ეკონომიკურ ხედვას ამ საკითხებთან დაკავშირებით პრაქტიკული შედეგები აქვს. სამართლის ეკონომიკური თეორია უარყოფს მოტივაციის როლს და კონცენტრირებას ახდენს შედეგებზე. თუ თქვენ დაეჯახეთ თქვენს უფროსს მანქანით, ეკონომისტები იტყოდნენ, რომ ამ შემთხვევაში თქვენი განზრახვა და მოტივები არ არის მთავარი. თუ ეს მოხდა განზრახ, რა თქმა უნდა, იმსახურებთ დასჯას, მაგრამ თუ ეს მოხდა შემთხვევით, რადგან არ მიაქციეთ ყურადღება, რომ გზაზე ვიღაც გადადიოდა თქვენი მანქანის წინ, მაინც უნდა დაისაჯოთ. ნობელის ლაურეატი გარი ბეკერი (1930-2014) სამართლის ეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი ინიციატორი, აღნიშნავდა, რომ სასჯელის ერთადერთი დანიშნულება არის კანონის განმეორებითი დარღვევის თავიდან აცილება. თუ მანქანით დაჯახება არალეგალურია, მაშინ მოსალოდნელი სასჯელი უნდა იყოს იმდენად მძიმე, რომ ეს მეორედ არ გაიმეორო, რა თქმა უნდა, იმ ალბათობის გათვალისწინებით, რომ დაგიჭერენ. ბეკერის მიერ შემოთავაზებული თეორიის თანახმად, სასჯელის ერთადერთი ფორმა სიკვდილით დასჯა უნდა იყოს, უბრალო კანონდარღვევის შემთხვევაშიც კი, ხოლო განსხვავება დანაშაულის სიმძიმის მიხედვით, მხოლოდ დაჭერის ალბათობებს შორის უნდა იყოს.
რა არის ჩვენი საბოლოო დასკვნა Ice Bucket Challenge-თან დაკავშირებით? ნაწილობრივ ვიზიარებთ კანტის მოსაზრებას და ვეთანხმებით, რომ მონაწილეთა უმრავლესობა ამას მხოლოდ სხვის დასანახად აკეთებს. მაგრამ, მეორე მხრივ, როგორც ეკონომისტები, ჩვენ ვართ უტილიტარისტები და ვაღიარებთ იმ 90 მილიონი დოლარის მნიშვნელობას, რომლის შეგროვებაც ამ კამპანიამ მოახერხა კეთილი საქმისათვის. ასე რომ, ძვირფასო საზოგადოებავ, გააგრძელეთ ყინულიანი წლის გადასხმა და კეთილი საქმის კეთება და ნუ შეუშინდებით ცივ ამინდს!
Comments
მესამე მსოფლიო ომის შემდეგ, ფილოსოფიურ-ეთიკურ დებატებში საკმაოდ
"mesame msoflio..."?
"....მეორე მხრივ, თუ თქვენ ხართ უტილიტარისტი, უნდა შეაფასოთ მოსალოდნელი შედეგი და შესაბამისად მოატყუოთ გესტაპო."
ჰოოო??? "შეაფასოთ მოსალოდნელი შედეგი" ვისთვის???
დარწმუნებული ხართ რო უტილიტარისტი მხოლოდ ხიზნებისთვის "მოსალოდნელ შედეგს" გაითვალისწინებს და იმ ტყუილიდან საკუთარი თავისთვის მოსალოდნელ შედეგს არ შეხედავს? მით უმეტეს თუ მხოლოდ ეგოიზმს აღიარებს