ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

გაქცევს თუ არა შენი სმარტფონი უნებლიე „ბოროტმოქმედად“?

რთულია იმის უარყოფა, რომ სმარტფონებზე უკვე არაჯანსაღად დამოკიდებულები ვართ. მათ მუდმივად ვიყენებთ მოგზაურობების აღსაბეჭდად, რათა შემდეგ  მთელი მსოფლიო ხელის ერთ გაწვდენაზე გვქონდეს. თუმცა ამ პატარა, ძვირფას მოწყობილობებს ბნელი მხარეც აქვს, რომელსაც ჩვენ, მომხმარებლები გაუცნობიერებლად ვუწყობთ ხელს. სამწუხაროდ, სმარტფონების მიწოდების ჯაჭვის უარყოფით გავლენაზე დეტალურად ვერ ვისაუბრებთ, თუმცა შევეცდებით, ეს სტატია ერთგვარი გამოღვიძება და შეხსენება იყოს, რომ უკეთ გავაცნობიეროთ, თუ რას ვუჭერთ მხარს უნებლიედ, როგორც მომხმარებლები. განვიხილავთ იმასაც, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ჩვენ და მთავრობებმა, რომ ეს უარყოფითი შედეგები თუნდაც ნაწილობრივ მაინც ავირიდოთ თავიდან.


კობალტის მოპოვება და ადამიანის უფლებების დარღვევები

კობალტი, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო სმარტფონების განუყოფელი კომპონენტებია. კობალტი მრავალჯერადი დატენვის ყველა ლითიუმ-იონის ბატარეაში გამოიყენება და ელექტრონული მოწყობილობებისა და რეაქტიული ძრავების ცენტრალური კომპონენტია. კობალტის მსოფლიო მიწოდების 60%-ზე მეტი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მაღაროებზე მოდის. აღნიშნული მიწოდების 20% კი ადგილობრივების ხელითაა მოპოვებული ("Guardian-ის“ ჟურნალისტის მონაცემებით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მაღაროებში დაახლოებით 255 000 ადგილობრივი მუშაა დასაქმებული) და მის უმეტესობას უცხოეთის მფლობელობაში მყოფი ინსდუსტრიული კომპანიები მოიხმარენ, რომელთა შორისაც ლომის წილი ჩინურ კომპანიებს ეკუთვნის. ჰეტეროგენულ ქვას, რომელიც კობალტს შეიცავს, ადგილობრივები ტბის წყალში ავლებენ და შემდეგ მოვაჭრეებზე ყიდიან. კობალტის დამუშავების შედეგად მიიღება კობალტის ჰიდროქსიდი, რომელიც ექსპორტით გადის ჩინეთში. ნაწილების მსხვილი მწარმოებლები და ცნობილი ელექტრონული კომპანიები დამუშავებულ კობალტს ჩინეთში შეისყიდიან და სწორედ იმ ტელეფონებს ამზადებენ, რომლებსაც მომხმარებლები ასე მოუთმენლად ელიან. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში როგორც ზრდასრული მუშები, ისე ოთხი წლიდან ბავშვები კობალტის მოპოვების პროცესში არიან ჩართულნი. სტანდარტული პროცედურა ქვის მოპოვებას შიშველი ხელებით, დამცავი ხელთათმანებისა და სხვა საშუალებების გარეშე ამოთხრას გულისხმობს. შედეგად, ადგილობრივები ნარჩენ მტვერს შეისუნთქავენ და ხშირად, დღეში თორმეტ საათზე მეტის გატარება მძიმე, დამქანცველ გარემოში უწევთ. მათი შრომის ანაზღაურება კი დღეში სულ რაღაც 0.10-0.65 აშშ. დოლარია. გარდა ამისა, გვირაბები ხშირად ინგრევა და მათ ქვეშ მუშები ცოცხლად იმარხებიან. კობალტის მოპოვება უარყოფითად მოქმედებს  ახალდაბადებულ ბავშვებზეც, რომელთაც ხშირად ინფექციები და სხეულზე გამონაყარი აღენიშნებათ, რასაც „Mining Review Africa-ს“ მიერ 2019 წლის ექიმთან ინტერვიუც ადასტურებს.

„Amnesty International-ის“ 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ისეთი მსხვილი კომპანიების მიწოდების ჯაჭვი, როგორებიცაა „Apple”, „Microsoft“, „Samsung SDI“, „Sony“ და სხვები აღიარებენ, რომ მხოლოდ მცირე მონიტორინგით შემოიფარგლებიან, რაც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მწირი სახელმწიფო რეგულაციებითაა განპირობებული. 2017 წელს „Amnesty International-ის“ დამატებითმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტები ჯერ კიდევ შეინიშნებოდა; მაგალითად, მაშინ, როდესაც „Samsung SDI-მ“ და „Apple-მა“ მიწოდების ჯაჭვის გასაუმჯობესებლად ძალისხმევა გააძლიერეს და ადეკვატური ზომები მიიღეს, 20 შესწავლილი კომპანიის უმრავლესობამ მინიმალური ან ნულოვანი რეაგირება მოახდინა. ტელეფონების მსხვილი მიმწოდებლები ბოლო წლებში სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ მიწოდების ჯაჭვების გაუმჯობესებას (გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა, 2019 წ.), თუმცა ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემები, რომლებზეც აუცილებელია შესაბამისი რეაგირება.


ეკოლოგიური ხარჯები

გარდა იმისა, რომ მეტალის ინდუსტრიული მოპოვება და გადამუშავება დიდი ოდენობით წიაღისეულ საწვავს საჭიროებს, ეს პროცესი ადგილობრივი დასახლებების მძიმე ეკოლოგიურ დაბინძურებასთანაა დაკავშირებული (2018). ელექტრონული მოწყობილობების უარყოფითი ეკოლოგიური გავლენა მათი ხმარებიდან ამოღების შემდეგაც ვრცელდება. მდგომარეობა განსაკუთრებით სავალალოა განვითარებად ქვეყნებში, სადაც მათ ნაგავსაყრელებზე ყრიან, რის შედეგადაც ნიადაგში ტოქსიკური ნივთიერებები იჟონება. ეს უარყოფითად მოქმედებს ნაგავსაყრელებზე მომუშავე ადამიანებზე. ელექტრონული მოწყობილობების ინდუსტრია წელიწადში დაახლოებით 41 მილიონ ტონა ნარჩენს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენები, პირდაპირი მნიშვნელობით, ოქროს საბადოა, სამარცხვინოდ, აღნიშნული მასის  მცირე წილი, მხოლოდ 16%, გადამუშავდება. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად, ელექტრონულ მოწყობილობებში 300 ტონა ოქროს იყენებენ და შესაძლებელია ამ მასის სხვა პროდუქტებში ხელახლა გამოყენება. როგორც  „American Electronics TakeBack Coalition-ის“ ანგარიშშია (2014 წ.) აღნიშნული, ერთი მილიონი ტელეფონის გადამუშავებით 24 კგ. ოქროსა და 9 000 კგ. სპილენძის მიღებას შევძლებდით. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მონაცემებზე დაყრდნობით, 2016 წელს, მსოფლიოში 435 000 ტონა მასის ტელეფონები იქნა გადაყრილი, რაც ნედლი მასალის ღირებულების მხრივ 10.7 მილიარდ აშშ დოლარს უდრის. თუ მხედველობაში მეორადი მოხმარების ტელეფონებსაც ვიქონიებთ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწევს. თუმცა გადამუშავების ბაზარი საგრძნობლად ჩამოუვარდება ახალი მოწყობილობების შექმნის მასშტაბებს, რადგან მომხმარებელი მუდმივად სიახლეებს ითხოვს და სავსებით გამართულად ფუნქციონირებად ტელეფონებს ხშირად იღებენ ხმარებიდან.


ქართული პერსპექტივა

საქართველოს ჯერჯერობით არ გააჩნია ერთიანი ეროვნული სისტემა, რომელიც ძველი მობილური ტელეფონების მოძრაობას მათი სიცოცხლისუნარიანობის ყველა ეტაპზე უწევს კონტროლს; იქნება ეს მათი გადამუშავება შემდგომი მოხმარებისათვის თუ მათი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით გადაყრა. გარდა ამისა, ქვეყანაში არ არსებობს ელექტრონული ნარჩენების ოფიციალური სტატისტიკა და ამ ტიპის ნარჩენებისათვის განკუთვნილი სპეციალური ნაგავსაყრელები.

ამ ფაქტორების მიუხედევად, მობილური ტელეფონების გადამუშავებისა და ხელახალი გამოყენებისათვის გარკვეული შესაძლებლობები მაინც არსებობს. მაგალითად, მეორადი მოხმარების ნივთების ისეთი ვებ-გვერდები, როგორებიცაა, Mymarket.ge და Extra.ge. ადამიანები მეორადი ელექტრონული მოწყობილობების გასაყიდად აქვეყნებენ პოსტებს ფოტოებით, შესაბამისი მახასიათებლებითა და საკონტაქტო ინფორმაციით. მომხმარებლებს კი მათთვის იდეალური ტელეფონის შერჩევა შეუძლიათ. გარდა ამისა, მცირე ზომის ფინანსური დაწესებულებები, ლომბარდები მომხმარებლებს თანხას ძველი სმარტფონების  სანაცვლოდ სთავაზობენ, მათ გარანტიის სახით იბარენ. ხშირად, სმარტფონები ამ დაწესებულებებში რჩება და მათი საბოლოო დანიშნულება ხშირ შემთხვევაში გაურკვეველია. სავარაუდოა, რომ ეს ტელეფონები სხვა გადაყრილ ტექნიკასთან ერთად არაოფიციალურ პატარა მაღაზიებში იყრის თავს, სადაც ტელეფონების შეკეთებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, „Apple-სა“ და „Samsung-ის“ ავტორიზებულმა წარმომადგენლებმა საქართველოში ერთგვარი კამპანია წამოიწყეს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს ძველი ტელეფონების სანაცვლოდ (მისი მდგომარეობიდან გამომდინარე) ახალი ტელეფონს ფასდაკლებით მიღება შეუძლიათ.

რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. ამიტომაც, პრობლემის საბოლოო აღმოსაფხვრელად ორი აშკარა გზა არსებობს: ბრძანება-კონტროლისა და ბაზრისკენ მიმართული პოლიტიკა.

ბრძანება-კონტროლის პოლიტიკის შემთხვევაში, დაწესებულებებს საქართველოს რეგულაციებზე დაყრდნობით მოუწევთ მოქმედება (ნებართვა, აკრძალვა, სტანდარტული პროცედურები და აღსრულება) რათა თავიდან აიცილონ სახიფათო ქმედებები და პრაქტიკები და, საჭიროების შემთხვევაში, სანქციებიც დააწესონ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიდგომის ლოგიკა საკმაოდ ერთმნიშვნელოვანია, ის კანონის აღსრულებისათვის საჭირო კომპეტენციებისა და რესურსების  გაძლიერების გზით ეროვნული კანონმდებლობისა და კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას მოითხოვს, რათა საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებებს მაქსიმალურად დავუახლოვდეთ. გარდა ამისა, აღსრულების სრული ჯაჭვის შესაძლებლობების განვითარება განხორციელების წარმატებული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილიც იქნებოდა.

მეორე მხრივ, სტიმულებზე დაფუძნებული მექანიზმები ინდივიდუალურ არჩევანზეა მიმართული და სასურველი ქცევა შესაბამისად „ჯილდოვდება“,არასასურველი ქცევა კი მეტ დანახარჯთანაა დაკავშირებული. მაგალითად, შესაძლებელია დამატებითი გადასახადების დაწესება ახალი სმარტფონის შეძენისას, რაც მათ გააძვირებდა და მიღებული შემოსავალი ნარჩენების მართვის გაუმჯობესებისკენ მიიმართებოდა. ამ პროცესის დანერგვა ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებლების (და არაპირდაპირ, მომხმარებლების) პასუხისმგებლობის გაზრდის პარალელურად ხდება; მწარმოებლები ამგვარად მოწყობილობების ხმარებიდან ამოღების დანახარჯებს დაფარავდნენ. ეს პოლიტიკა ბრძანება-კონტროლის მექანიზმსაც მოიცავს, ვინაიდან ეს სისტემა მეწარმეებს აიძულებს, გადამუშავებასა და მსგავსი პროცესების დაფინანსებაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ.

მიუხედავად იმისა, თუ რა გზას აირჩევს მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობა აუცილებელია ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების, გადამუშავების მნიშვნელობისა და ნარჩენების სეგრეგაციის გამართული სისტემის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.


პრობლემის გადაწყვეტის რა გზები არსებობს?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრობლემის გადაწყვეტის ზოგიერთი გზა მთავრობების უფრო მკაცრ რეგულაციებს, ძლიერ ფინანსურ სტიმულებსა და ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს უკავშირდება, რამაც მომხმარებლებისა და მწარმოებლების ქცევაზე უნდა იქონიოს გავლენა. ჩვენ, როგორც მომხმარებლებს, შეგვიძლია „Fairphone-ის” ტელეფონები შევიძინოთ, რომლის წარმოებასაც მინიმალურ უარყოფით სოციალური, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ გავლენა აქვს. ასევე შეგვიძლია დროებით გადავდოთ ჩვენი მოწყობილობების ახლით შეცვლა და დავრწმუნდეთ, რომ ძველ მოდელებს შესაბამისი წესების დაცვით ვიშორებთ.

გაუმჯობესებულ ტექნოლოგიურ პროცესებსა და ნედლეულის მოპოვების მზარდ დანახარჯებს ასევე შეუძლია ხელშეწყობა. გადაწყვეტის ინოვაციური გზები, როგორიცაა ცარიელი ლითიუმ-იონის ბატარეებიდან კობალტის მიღება „American Manganese-ის“ მიერ უფრო და უფრო ხშირად გამოყენებადი მეთოდია. ერთ ტონა კობალტზე ფასის ბოლოდროინდელმა, მკვეთრმა ზრდამ “Tesla-ს“ მიმწოდებელი „Panasonic” აიძულა, საკუთარ ბატარეებში კობალტის შემცველობა ნელ-ნელა შეემცირებინა.

ამგვარად, სიტუაციის გაუმჯობესება მომხმარებლების ცნობიერების ამაღლებისა და ტექნოლოგიური ცვლილებების დახმარებითაა შესაძლებელი. როგორც განვითარებადმა, ასევე განვითარებულმა ქვეყნებმა ძალისხმევის გაზრდითა და შესაბამისი ეკონომიკური ინსტრუმენტებისა და სტანდარტების მეშვეობით „სმარტფონების ციებ-ცხელების“ უარყოფითი შედეგები მინიმუმამდე უნდა შეამცირონ. ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი მომხმარებელს ეკისრება. მართალია, ჩვენს საყვარელ სმარტფონებს საკმაოდ დიდი უარყოფითი გავლენა აქვს, მაგრამ მისი მინიმიზაციისათვის საკმაოდ ბევრის გაკეთება შეგვიძლია.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners