გასული წლის ელექტროენერგიის მოხმარებისა და გამომუშავების დინამიკას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ წლის უმეტეს ნაწილში საქართველო ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყანა იყო და მოხმარება თითქმის ყოველთვის აჭარბებდა ადგილობრივ გამომუშავებას. ბოლო 12 თვის განმავლობაში გამონაკლისი იყო მაისი და ივნისი, როდესაც გამომუშავებასა და მოხმარებას შორის სხვაობა მცირე დროით პოზიტიური გახდა, თუმცა ივლისში კვლავ ნეგატიურ მაჩვენებელს დაუბრუნდა. თუ გამომუშავებასა და მოხმარებას შორის სხვაობის 2010 წლის მონაცემებს შევხედავთ, როდესაც ქვეყანას თითქმის 7-ჯერ მეტი ელექტროენერგია (1524.4 გვტ.სთ.) გაჰქონდა ექსპორტზე, ვიდრე იმპორტით შემოჰქონდა (222.1 გვტ.სთ.), თბოელექტროსადგურების წარმოება კი 682.8 გვტ.სთ-მდე იყო შემცირებული, დავინახავთ, რომ ეს საკმაოდ სერიოზული ცვლილებაა. 2010 წელს ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებაზე (9374.9 გვტ.სთ.) ადგილობრივი მოხმარების (8441.1. გვტ.სთ.) 111% მოდიოდა და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდიოდა თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყნის სტატუსის მოპოვების მიმართულებით. ცვლილებები 2011 წელს დაიწყო, როდესაც ქვეყანაში „მშრალი წელი“ დადგა, მოხმარებამ კი ზრდა განაგრძო. დროთა განმავლობაში, სხვა ფაქტორები (შედარებით დაბალი ელექტროენერგიის ტარიფები და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა) ზრდიდა მოთხოვნას, შიდა გამომუშავების მოცულობა (კერძოდ, ჰიდროელექტროენერგია) კი ფეხს ვერ უწყობდა მას.
მაინც რამდენად დიდია სხვაობა გამომუშავებასა და მოხმარებას შორის? 1-ლი გრაფიკიდან ვხედავთ, რომ 2020 წლის თებერვალში, სხვაობა 273 მლნ. კვტ.სთ-მდე გაიზარდა (რაც მთლიანი გამომუშავების 32% და მთლიანი მოხმარების 24%-ს შეადგენს). 2020 წლის იანვართან შედარებით, გამომუშავებასა და მოხმარებას შორის ნეგატიური სხვაობა 70%-ით გაიზარდა, წინა წელთან შედარებით კი თითქმის გასამმაგდა. 2020 წლის თებერვალში გამომუშავებასა და მოხმარებას შორის ნეგატიური სხვაობის ზრდა ელექტროენერგიის შემცირებულმა გამომუშავებამ (2019 წლის თებერვალთან შედარებით, 9%-ით შემცირდა) და გაზრდილმა მოხმარებამ (2019 წლის თებერვალთან შედარებით 8%-ით გაიზარდა) გამოიწვია. 2020 წლის იანვართან შედარებით, გამომუშავება და მოხმარება შემცირდა, თუმცა ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირებამ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას 12%-ით გადააჭარბა.
შედეგი კიდევ უფრო დამაფიქრებელი და დამაბნეველია, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ 2019 წლის თებერვალის შემდეგ ელექტროენერგიის ბაზარს ცხრა ჰიდროელექტროსადგური1 (მთლიანი დადგმული სიმძლავრის 2%) და ერთი თბოელექტროსადგური (მთლიანი დადგმული სიმძლავრის 5%) შეემატა. მიუხედავად იმისა, რომ გამომუშავების დადგმული სიმძლავრე გაიზარდა, ელექტროენერგიის გამომუშავებაში ვარდნა მაინც დაფიქსირდა.
იმისათვის, რომ დავადგინოთ, რამ განაპირობა გამომუშავებასა და მოხმარებას შორის ნეგატიური სხვაობის ზრდა, აუცილებელია, გავაანალიზოთ, რატომ შემცირდა ელექტროენერგიის გამომუშავება. რა გახდა ამის მიზეზი? ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ ნეგატიური სხვაობა მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება?
ქართული ელექტროენერგიის ბაზარი დამოკიდებულია წყლის, ქარისა და თერმული წყაროების მიერ გამომუშავებულ ენერგიაზე. მთლიანი ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. ბოლო ცამეტი (2007-2019) წლის განმავლობაში, ზაფხულის პერიოდში (მაის-აგვისტოში) მთლიანი გამომუშავების 84-100% ჰიდროელექტროსადგურებზე მოდიოდა, დანარჩენ თვეებში ეს წილი იკლებდა, თუმცა მთლიანი გამომუშავების 50%-ზე მეტი იყო. 2007-2019 წწ-ში გამონაკლისი იყო 2012 წლის მარტი და 2017 წლის თებერვალი, როდესაც მთლიანი გამომუშავების 50%-ზე მეტი თბოელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს. იგივე განმეორდა 2020 წლის იანვარშიც. 2020 წლის თებერლვაში, თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ მთლიანი გამომუშავების 47% შეადგინა, მაშინ როდესაც ჰიდროელექტროსადგურებმა 52% აწარმოეს (იხ. გრაფიკი 2).
საქართველოს კონტექსტში ჰიდროელექტოსადგურების გამომუშავება უკიდურესად მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ყურადღება იმ ფაქტორებზე გავამახვილოთ, რაც გავლენას ახდენს მასზე.
პირველი ფაქტორი, რომელსაც განვიხილავთ, არის ნალექიანობის მაჩვენებლის ევოლუცია, რაც ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებაზე აისახება. გარემოს ეროვნული სააგენტოს (NEA) მონაცემებით, 2019-2020 წწ-ში2 დაფიქსირდა ყველაზე დაბალი ნალექი 2007-2008 წწ-ის შემდეგ და 12%-ით ნაკლები 2018-2019 წწ-ის იგივე პერიოდთან შედარებით. შესაბამისად, ნალექის მაჩვენებლის ეს დინამიკა თანხმობაშია ბოლო თორმეტი თვისა და გასული წლების განმავლობაში ჰესების გამომუშავების პოტენციალის შემცირებასთან, რაც აისახა კიდეც გამომუშავებასა და მოხმარებას შორის ნეგატიური სხვაობის ზრდაში.
სხვა მონაცემებს თუ შევხედავთ, წყლის საშუალო დონე ქვეყნის უდიდეს ენგურჰესის წყალსაცავში 2020 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, 4%-ით, 452 მეტრიდან 433 მეტრამდე შემცირდა. კიდევ ერთი ფაქტორი, რითიც შეიძლება ჰესების გამომუშავების შემცირება აიხსნას, სარეაბილიტაციო სამუშაოების აუცილებლობაა. ქვეყნის ორ უმსხვილეს ჰესზე გამომუშავების შემცირება არის გამომუშავებასა და მოხმარებას შორის ნეგატიური სხვაობის ძირითადი მიზეზი, რადგან ენგურისა და ვარდნილის ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანი გამომუშავების 17%-ს შეადგენს (რაც 2017 წლის თებერვალში დაფიქსირებული 13%-ის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია3).
ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში გამომუშავებასა და მოხმარებას შორის ნეგატიური სხვაობის შევსება აზერბაიჯანიდან და/ან რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის ზრდის ხარჯზე ხდებოდა. 2020 წლის თებერვალში, საქართველომ 312 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია შემოიტანა იმპორტით. ელექტროენერგიის იმპორტთან ერთად, გასულ წელს ელექტროენერგიის დიდი წილი თბოელექტროსადგურებმა გამოიმუშავა. ვინაიდან თბოელექტროსადგურების მუშაობისთვის იმპორტირებული გაზია საჭირო, რომელიც იმავე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი და/ან რუსეთი) შემოდის, ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოების საკითხი იმაზე უფრო მწვავეა ვიდრე ამას გამომუშავებასა და მოხმარებას შორის ნეგატიური სხვაობა აჩვენებს. უცხოური ენერგორესურსების კონცენტრირება არ არის ერთადერთი პრობლემა. ელექტროენერგიის იმპორტისა (იხ. გრაფიკი 3) და გაზის ფასების (ახლა ფიქსირებული 143 აშშ დოლარი ათას კუბურ მეტრზე) ზრდასთან ერთად, რასაც ძირითადად გაცვლითი კურსის რყევები განაპირობებს, ადგილობრივი მოთხოვნის უცხოური ელექტროენერგიით ან გაზით დაკმაყოფილება დროსთან ერთად სულ უფრო ძვირი ხდება.
რა უნდა გაკეთდეს?
ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც გამომუშავებასა და მოხმარებას შორის სხვაობის ზრდის პირველი ნიშნები გაჩნდა, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა შეაფასა პოლიტიკის რამდენიმე ვარიანტი, რაც შეიძლება პოლიტიკოსებმა გამოიყენონ.
იმ დროს ჩვენ ვამტკიცებდით, რომ საჭირო იყო:
- გამომუშავების ახალი მოცულობისთვის ინვესტიციების მოზიდვა, ელექტროენერგიის წყაროების დივერსიფიცირება, რადგან „წვიმიან სეზონებზე დამოკიდებულება არ არის საუკეთესო გამოსავალი“;
- ენგურისა და ვარდნილის ჰესებზე გამომუშავების სრული მოცულობის ათვისების უზრუნველყოფა;
- ენერგოეფექტურობის პროგრამების წახალისება და უზრუნველყოფა, რომ ელექტროენერგიის ტარიფები ასახავს ელექტროენერგიის გამომუშავების რეალურ ხარჯს.
შვიდი წლის შემდეგ, აშკარაა, რომ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
მოქმედ გამომუშავების სტრუქტურაში ჰესებს ჯერ კიდევ წამყვანი როლი აქვს. მომავალი საინვესტიციო პროექტების სიის4 მიხედვით, დაგეგმილი პროექტების მთლიანი დადგმული სიმძლავრის (6038 მეგავატი) 63%-ს ჰესები გამოიმუშავებს, ქარის სადგურებზე ენერგიის 20%, თბოელექტროსადგურებზე 9% და მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურებზე 9% მოდის. შემცირებული ნალექის მაჩვენებელი და გაზრდილი ტემპერატურა არახელსაყრელ პირობებს ქმნის ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებისთვის, ამიტომ, ჩვენი აზრით, მიწოდების მხარის პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს არატრადიციული განახლებადი ენერგიის პროექტების წახალისება და ამ გზით ელექტროენერგიის გამომუშავების წყაროების დივერსიფიცირების ხელშეწყობა, პარალელურად კი სწრაფად და სრულად უნდა აღდგეს ენგურის გამომუშავების სიმძლავრე.
მოთხოვნის მხარის პოლიტიკის უკეთ მართვაც შესაძლებელია. მეტი აქცენტი შეიძლება გაკეთდეს ენერგოეფექტურობის პოპულარიზებაზე. დაგეგმილმა ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ამ პროცესს, თუ ელექტროენერგიის ფასები უფრო ზუსტად ასახავს ელექტროენერგიის რეალურ ხარჯებს.
ამასობაში, საქართველოს ენერგეტიკის სისტემას კვლავ არ აქვს სტაბილური წვდომა ხელსაყრელ ფასად ხელმისაწვდომ ელექტროენერგიაზე. უნდა ველოდეთ, რომ 2021 წელს ბაზარი გადაიტვირთება, რადგან ენგურჰესი სადერევაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაიხურება (სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დაიწყება და თითქმის 4 თვე გაგრძელდება). თუმცა ეს საშუალებას მოგვცემს, ენგური მიუახლოვდეს გამომუშავების რეალურ პოტენციალს, რაც მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში.
რომ შევაჯამოთ, ვინაიდან შეუძლებელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რამდენ ხანს გაგრძელდება ნეგატიური სხვაობა გამომუშავებასა და მოხმარებას შორის, იმედი გვაქვს, ბევრი რამ გაკეთდება ტენდენციის შესაცვლელად და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად.
1 ორი სეზონური (მესტიაჭალაჰესი 1 და 2) და შვიდი მცირე ჰესი (ოროჰესი, ავანიჰესი, საშუალაჰესი 2, ჭაპალაჰესი, ხელრა ჰესი, იფარი ჰესი, ძამაჰესი).
2 მაგალითად, 2019-2020 წწ. გულისხმობს ნალექების მაჩვენებელს 2019 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით.
3 ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ენგურჰესმა თითქმის ორი კვირით შეწყვიტა ელექტროენერგიის გამომუშავება.
4 წყარო: ენერგეტიკის სამინისტრო.
Comments