ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

სურსათის ფასებს ცეცხლი უკიდია

სურსათის ფასების ინდექსის (FPI) მიხედვით, 2019 წლის ნოემბერში, 2018 წლის ამავე თვესთან შედარებით, ფასებმა საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე 13.4%-ით მოიმატა და მთლიანი სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) ცვლილებაში 4.02 პროცენტულ პუნქტი შეადგინა. 2011 წლის აგვისტოდან მოყოლებული საკვების წლიურმა ინფლაციამ ყველაზე მაღალ ნიშნულს ბოლო თვეებში მიაღწია (იხ. გრაფიკი 1)1.

გრაფიკი 1: სურსათის ფასის წლიური ინფლაცია (2010 წლის იანვარიდან 2019 წლის ნოემბრამდე)

ფასები გაიზარდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ყველა ქვეკატეგორიისთვის. ყველაზე დიდი ფასნამატი დაფიქსირდა ხილსა და ყურძენზე (30%), ბოსტნეულზე (16.2%), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (15.4%), თევზსა (14.5%) და ხორცზე (13.1%). 2018 წლის ნოემბრიდან ხორბლის პურისა და მარცვლეულის კატეგორიის პროდუქტები, გასულ წლთან შედარებით, საშუალოდ უფრო ძვირად იყიდებოდა, 2019 წლის ნოემბერში კი, ამ კატეგორიის პროდუქტებზე წლიური ფასები 11.9%-ით გაიზარდა (2019 წლის ნოემბერი, 2018 წლის ნოემბრთან შედარებით).

სურსათის გაზრდილი ფასები განსხვავებულად მოქმედებს სხვადასხვა ეკონომიკური შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე. მაშინ, როდესაც მდიდარ შინამეურნეობებს უკეთ შეუძლიათ ხარჯების დარეგულირება და სურსათის გაძვირებასთან გამკლავება, ღარიბი ოჯახები ხშირ შემთხვევაში მალნუტრიციის რისკის წინაშე არიან, რადგან მათი შემოსავლის დიდი ნაწილი ფასების მომატებამდეც საკვებზე იხარჯებოდა. სხვა განვითარებადი ქვეყნების მსგავსად, საშუალო ქართული ოჯახის სამომხმარებლო დანახარჯის დიდ ნაწილს საკვები შეადგენს (2018 წელს 43%). ცხადია, ბოლო პერიოდში სურსათის ფასების ზრდამ (მათ შორის, ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე) უმთავრესი ზიანი საკვების მომხმარებლებს მიაყენა, რომელთა უმეტესობა შედარებით ღარიბ ოჯახებს მიეკუთვნება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთ ადამიანზე ყოველთვიური სოციალური დახმარების მაქსიმალური ოდენობა 60, საშუალო მომხმარებლისთვის კი ყოველთვიური საარსებო მინიმუმი 173.3 ლარია, მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ნაწილისთვის, მათ შორის სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მცხოვრები 20.1 პროცენტისთვის, სამომავლოდ საარსებო მინიმუმის ხელმისაწვდომობაც კი პრობლემატური იქნება.

საქართველო სასურსათო საქონლის წმინდა იმპორტიორია, ამაში შედის როგორც პირველადი საქონელი, ისე გადამუშავებული პროდუქტები. საქართველოში მოხმარებული საკვები პროდუქტების ნახევარზე მეტი იმპორტირებულია (ი. ე. მესხია). 2018 წელს ხორცის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 52 პროცენტს შეადგენდა, ბოსტნეულის – 59 პროცენტზს, ხორბლის – 15 პროცენტს, ფრინველის – 34 პროცენტს.

საკვების იმპორტზე დამოკიდებულება ვალუტის კურსის, საერთაშორისო ფასებისა და ნავთობის ფასების მერყეობასთან მიმართებაში სურსათის ფასებს უფრო მოწყვლადს ხდის. გარდა ამისა, საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ ქვეყანაში გაურკვევლობის დონე გაზარდა, გავლენა იქონია სამომავლო მოლოდინებზე და მეტი ზეწოლა მოახდინა როგორც გაცვლით კურსზე, ისე ფასებზე.

ქართული ლარის გაუფასურება: სურსათსა და მომსახურებაზე ფასების მომატების პირველი და უმთავრესი მიზეზი გაცვლითი კურსია. ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში (USD) უწყვეტად უფასურდებოდა. 2019 წლის ნოემბერშიც, ქართული ლარი (GEL) აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, და ამ ორ ვალუტას შორის გაცვლითი კურსის საშუალო მაჩვენებელმა 2.97-ს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ თვესთან (2018 წლის ნოემბერი) შედარებით 10%-ით მეტია. ლარის გაუფასურებამ ზრდადი ზეწოლა მოახდინა იმპორტირებული საკვები პროდუქტების ფასებზე ლარში, ასევე იმპორტირებულ საწარმეოო საშუალებებზე (მაგ. შხამქიმიკატები და სასუქები, საწვავი, რძის ფხვნილი და ა.შ.). მეორე გრაფიკი გვიჩვენებს FPI-ის დინამიკას და აშშ დოლარის ქართულ ლართან მიმართებაში გაცვლითი კურსის ყოველთვიურ საშუალო მაჩვენებელს. ცხადია, გაცვლითი კურსი სურსათის ფასების ინფლაციის ტემპს განსაზღვრავს.

გრაფიკი 2: FPI-ს დინამიკა და აშშ დოლარის ლართან მიმართებაში ყოველთვიური საშუალო გაცვლითი კურსი

გაცვლითი კურსის ცვალებადობა სავაჭრო ბალანსზე მკვეთრად აისახება. ქართული ლარის გაუფასურებამ უცხოურ ბაზარზე სამამულო საქონლის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების გზით ქვეყნის სავაჭრო ბალანსი (ექსპორტს მინუს იმპორტი) გაზარდა, უცხოური საქონელის გაძვირების გამო კი ადგილობრივ ბაზარზე მათი კონკურენტუნარინობის კლება გამოიწვია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს იანვრიდან ნოემბერამდე სავაჭრო ბალანსი 1.4%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ექსპორტის ღირებულებამ 11.7% მოიმატა და 3.38 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, იმპორტი კი 2.3% შემცირდა და 8.12 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გაზრდილი საერთაშორისო ფასები: კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც ფაზებზე იქონია გავლენა საერთაშორისო ბაზარზე სურსათის ღირებულებაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს მოსახლეობის სამომხმარებლო კალათის დიდ წილს იმპორტირებული პროდუქტები შეადგენს, აქედან გამომდინარე, საკვებ პროდუქტებზე საერთაშორისო ფასების ცვლილება მათზე მკვეთრად აისახება. ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ მსოფლიოში სურსათის ფასები უფრო მერყევია, ვიდრე შიდა ბაზარზე წარმოებული საკვების ფასი (Vavra and Goodwin, 2005). ამრიგად, მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის  ბაზრებს დიდი გავლენა აქვს საკვები პროდუქტების ადგილობრივ ფასებზე. სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სურსათის ფასების ინდექსის თანახმად, 2019 წლის ივნისიდან მსოფლიო ბაზარზე ფიქსირდება საკვების ფასებზე ზრდა. 2019 წლის ნოემბერში სურსათის მსოფლიო ფასმა აღნიშნული წლის მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია; გასული წლის ანალოგიურ თვესთან (2018 წლის ნოემბერთან) შედარებით მსოფლიო ფასები 9.5% გაიზარდა. ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ პროდუქტებზე: ხორცი, რძე, შაქარი და მცენარეული ზეთი. უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციები ადგილობრივ ბაზრებზე აისახოს.

ნავთობის გაზრდილი ფასები: ნავთობის მაღალი ფასი საკვების ტრანსპორტირების ხარჯებს ზრდის „ფერმიდან სუფრამდე“ და, შესაბამისად, გავლენას ახდენს საბოლოო პროდუქტის ღირებულებაზეც. ნავთობის ფასები არამხოლოდ სატრანსპორტო ხარჯებს ზრდის, არამედ აისახება წარმოების ხარჯებზეც: ნავთობპროდუქტები სასუქის მნიშვნელოვანი კომპონენტია და მარცვლეულის მოპოვების ხარჯების 20%-ს შეადგენს2. მაგალითად, 2001-2007 წლებში ნავთობის მაღალმა ფასებმა სიმინდის, ხორბლისა და სოიოს მოყვანის ხარჯები 40%-ით გაზარდა. ნავთობის ფასების ბოლოდროინდელი ზრდა საქართველოში სურსათის ფასებზეც მოქმედებს.


რას უნდა ელოდოს ქართველი მომხმარებელი

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ სურსათის ფასების ბოლოდროინდელი ზრდა ძირითადად ქართული ლარის აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურებით, საერთაშორისო ბაზარზე სურსათის ფასების ზრდითა და საწვავის ღირებულების მომატებით იყო განაპირობებული. მომდევნო თვეების მოლოდინებს ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს:

საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ფასების დინამიკის ადგილობრივ ბაზარზე ასახვა: რამდენიმე თვეა საჭირო, იმისთვის, რომ მსოფლიო ფასები ადგილობრივი სურსათის ღირებულებაზე აისახოს. გადმოცემის ხანგრძლივობა განსხვავდება სამომხმარებლო საქონლის მიხედვით. მაგალითად, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ხორბლის საერთაშორისო ფასის ქართულ ფქვილზე ასახვისთვის შვიდი თვეა საჭირო. შესაბამისად, შესაძლოა საერთაშორისო ფასების აღმავალი ტენდენცია სამამულო ბაზრებზე რამდენიმე თვის დაგვიანებით აისახოს და ადგილობრივი სურსათის ღირებულების ზრდა გამოიწვიოს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ( სებ) მიერ განხორციელებული ინტერვენციები: იქედან გამომდინარე, რომ წლიური ინფლაციის დონე მისი 2019-2021 წლების (3%) მიზნობრივი ნიშნულიდან საკმაოდ შორსაა, ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა რამოდენიმე ინტერვენცია განახორციელა: სებ-მა საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე გაყიდა  აშშ დოლარი და აუქციონზე გაიტანა ლარში ნომინირებული სახელმწიფო ობლიგაციები. მოკლევადიან ინტერვენციებთან ერთად, ფასების სამომავლო დასტაბილურების მიზნით ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკაც გაამკაცრა. 2019 წლის სექტემბრის დასაწყისიდან, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი ეტაპობრივად 6.50-დან 9.00-მდე გაზარდა, რაც 2008 წლის ნოემბრიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, მან უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 30-დან 25 პროცენტამდე შეამცირა. ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის დასარეგულირებლად მის ხელთ არსებული ყველა მონეტარული ინსტრუმენტი გამოიყენა. ამ ინტერვენციებიდან ზოგიერთს შედეგი მოკლევადიან პერიოდშივე აქვს, თუმცა დაახლოებით 6 თვე არის საჭირო იმისთვის, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა ფასებზე აისახოს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციები საკვების ფასებზე პირდაპირ გავლენას არ მოახდენს. სავარაუდოდ, დღესასწაულებთან დაკავშირებული მოთხოვნის ზრდის გამო ძირითად საკვებ პროდუქტებზე ფასები მკვეთრად მოიმატებს. სავარაუდოდ, ზამთარში მიწოდების დეფიციტიდან გამომდინარე, სურსათის ფასები აღმავალ ტრენდს შეინარჩუნებს, რაც  ნიშნავს იმას, რომ უახლოეს თვეებში  მომხმარებლები სურსათის ხარჯების კიდევ უფრო მეტ ზრდას უნდა ელოდონ.


1 უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წელს სურსათის ფასები მაღალი იყო, რაც ძირითადად მსოფლიო სურსათის კრიზისმა განაპირობა
https://www.thebalance.com/why-are-food-prices-rising-causes-of-food-price-inflation-3306099 


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners