ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

რა გვასწავლა „ხადორი 3-ის“ პროექტის გამოცდილებამ?

პანკისის ხეობაში მცირეჰესის („ხადორი 3“) მშენებლობის გამო ადგილობრივ მოსახლეობასა და სამშენებლო კომპანიას შორის კონფლიქტის შესახებ ცნობები სულ ცოტა ხნის წინ საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. „ხადორი 3“ მცირე ზომის ჰესია და მისი დადგმული სიმძლავრე 5.4 მეგავატს აღწევს, ხოლო წლიურად გამომუშავებული ენერგია - 27.5 მლნ. კვტ. სთ-ს. „ხადორი 3-ის“ მშენებლობა 21 აპრილს დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა ამ პროექტს დაუპირისპირდა, სამშენებლო კომპანიამ კი პროექტის განხორციელების უზრუნველსაყოფად საკითხში სამართალდამცავი ორგანოები ჩართო. მთავრობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაძაბულობა გამწვავდა და კონფლიქტში გადაიზარდა.

კონფლიქტი, როგორც ჩანს, ჰესის მშენებლობის და ფუნქციონირების გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ განსხვავებულმა მოლოდინებმა გამოიწვია. ადგილობრივი მოსახლეობის მძაფრი რეაქციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ პროექტის შესახებ მეტი შეგვეტყო, ეს საკითხი მაგალითის სახით შეგვესწავლა და საქართველოში მცირე ზომის ჰესების მშენებლობის შესაძლო შემაფერხებელი ფაქტორები გაგვეანალიზებინა.

გარემოს ზემოქმედების ანგარიში (გზშ) „ხადორი 3-ის“ ჰესისათვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე 2017 წლიდან იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი. ის „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს ძველი კანონის მიხედვით შემუშავდა, რომელიც 2017 წელს გაუქმდა, თუმცა პროექტი საკანონმდებლო ცვლილებების შემოღებამდე დამტკიცდა.

გარემოზე ზემოქმედების შეფასება ნებისმიერი ჰესის მშენებლობისა თუ ფუნქციონირების დაწყებამდე მრავალ ქვეყანაში სავალდებულო პროცედურაა, მათ შორის საქართველოშიც. გზშ-ის მთავარი მიზანია პროექტის შეფასება, რაც ტექნიკური დოკუმენტაციის, დაგეგმილი ღონისძიებებისა და ბუნებრივი და სოციალური გარემოს შესახებ ინფორმაციის შეფასებას გულისხმობს. გარემოსა  და ადგილობრივ მოსახლეობაზე მოსალოდნელი გავლენა (როგორც ნამეტი, ისე ჯამური)  პროექტის სხვადასხვა ფაზაში შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების, ანალიზისა და შეფასების შედეგად უნდა მოხდეს. გზშ-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია მიტიგაციის ღონისძიებების განსაზღვრა (საჭიროა უარყოფითი გავლენის განსაზღვრა), გარემოსდაცვითი და მონიტორინგის სქემების შემუშავება, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის უზრუნველყოფა.

გზშ მრავალმხრივი დოკუმენტია და პროექტის სხვადასხვა სახის გავლენას აანალიზებს. ჩვენ, როგორც ეკონომისტებმა, ვარჩიეთ „ხადორი 3-ის“ გზშ-ის ის ქვეთავები შეგვესწავლა, რომლებიც აღწერს როგორც ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ისე პროექტის სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას.

მას შემდეგ, რაც შესაბამის თავში აღწერილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შევისწავლეთ, მივიჩნიეთ, რომ ის არ გვთავაზობს ადგილობრივი პირობების ზუსტ აღწერას, ვინაიდან მონაცემები ან მუნიციპალიტეტს ან რეგიონს ეხება და არა პროექტის უშუალო ზემოქმედების არეალს. ეს ბადებს მნიშვნელოვან კითხვას: როგორ განისაზღვრება პროექტის ზეგავლენის არეალი? ეს მთლიანად მუნიციპალიტეტია, რეგიონი თუ ის დასახლებები, რომლებზეც პროექტის განხორციელებას უშუალო სოციალური, ეკონომიკური თუ ეკოლოგიური გავლენა აქვს? მიგვაჩნია, რომ ეს უკანასკნელი უფრო მართებული იქნებოდა, როდესაც საკითხი ისეთ მცირე ზომის ჰესებს ეხება, როგორიცაა „ხადორი 3“. შესაძლო სოციალურ-ეკონომიკური ზეგავლენის შესახებ ქვეთავის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ის საკმაოდ მარტივ მეთოდოლოგიას ეყრდნობა, რომელიც გავლენას „ნიშნით“ (დადებითი ან უარყოფითი) ან ინტენსივობის დონით (დაბალი, საშუალო ან მაღალი) აფასებს. მიუხედავად იმისა, რომ გავლენის ტიპები საკმაოდ ამომწურავია (მათ შორისაა რესურსების გამოყენების, დასაქმების, ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, გარემოს ზიანის რისკებისა და ეკონომიკური სარგებლის შეფასება), ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკმარისად დეტალური არ გახლავთ.

დოკუმენტი გვთავაზობს თითოეული ტიპის ზეგავლენის მხოლოდ ბუნდოვან აღწერასა და დაუსაბუთებელ რაოდენობრივ შედეგებს. ის არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას რაიმე კონკრეტული მეთოდოლოგიის ან მიდგომის შესახებ, რომელიც ზეგავლენის შეფასებისას იქნა გამოყენებული; გარდა ამისა, დოკუმენტი არ შეიცავს მითითებას რომელიმე წინამორბედი კვლევის ან ხარისხობრივი მონაცემების შესახებ, რომლებიც მათი ანალიზის დასკვნას გაამყარებდა. შესაბამისად, შეუძლებელია დოკუმენტში წარმოდგენილი იმ დაშვებების, დასკვნებისა და  ლოგიკური საფუძვლების მართებულობის შემოწმება, რომლებიც პროექტს ეკონომიკური სარგებლიანობის კუთხით აფასებს და ამტკიცებს. თავისუფლად შეიძლება  დავუშვათ, რომ პროექტი ინვესტორებისათვის ფინანსურად რენტაბელურია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმ დასკვნის გამოსატანად, აკისრებს თუ არა პროექტი დამატებით ეკონომიკურ ხარჯებს მესამე მხარეს (როგორიცაა ადგილობრივი მოსახლეობა).

მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ ორი მნიშვნელოვანი ასპექტი: 1) აღნიშნული გზშ-ის ანგარიშის ეკოლოგიური ექსპერტიზის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ზეგავლენის შესახებ ქვეთავები ხაზს არ უსვამს ამ ტიპის პრობლემებს; ის მხოლოდ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შედეგებს ეხება და პროექტის განმახორციელებელ ჯგუფს სამინისტროსათვის დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენას სთხოვს. 2) დასახლებების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში არ აღირიცხება. ისეთი მთავარი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, როგორებიცაა უმუშევრობა, ბიზნეს-აქტივობები და ა.შ.  სტატისტიკურად მხოლოდ რეგიონის ან, საუკეთესო შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის დონეზეა წარმოდგენილი. შესაბამისად, ნებისმიერი მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც  მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური გავლენის შეფასებას შეეცდებოდა, პროექტის ზეგავლენის არეალიდან მონაცემების დამატებით შეგროვებას მოითხოვდა, რათა ამ ინდიკატორების დადგენა შესძლებოდა. შესაბამისად, ჩნდება არჩევანი ორ მიდგომას შორის: პროექტის შედარებით იაფი სოციალურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება, რომელიც საკმარის დეტალებს არ შეიცავს (და, ძირითადად, შესაბამისი გრაფების შევსების მიზნით ტარდება), ან შედარებით ხარჯიანი, მაგრამ ზედმიწევნითი ანალიზის განხორციელება. რასაკვირველია, თუ არ არსებობს მოლოდინი, რომ ანალიზს დეტალურად გაარჩევენ, არც ხარჯიანი კვლევის ჩატარების სტიმული არსებობს.

მიგვაჩნია, რომ ვინაიდან გზშ-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ცხადად და გამჭვირვალედ აღწეროს პროექტის განხორციელების შესაძლო უარყოფით შედეგები მესამე მხარეზე, უნდა გაუმჯობესდეს მასში წარმოდგენილი ინფორმაციის ხარისხი და დეტალურობა სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური საკითხების შესახებ. ეს ხელს შეუწყობს დიალოგს ინვესტორებსა და ადგილობრივ თემს შორის, გაამარტივებს რისკების შემცირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას, განმუხტავს ან თავიდან აიცილებს პანკისის მსგავს დაპირისპირებებს.

უნდა ითქვას, რომ საბედნიეროდ, საქართველოში ყველა პროექტის ეკოლოგიური და სოციალური გავლენა ამჟამად ახალი (გაუმჯობესებული) კანონით რეგულირდება. კანონის მიხედვით, ადგილობრივი თემი  გარემოზე გავლენის შეფასების პროცესში რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე უნდა ჩაერთოს, რათა ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრება მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. თუმცა ზუსტი მონაცემებისა და უფრო დეტალური ანალიზის გარეშე შესაძლოა ვერც გაუმჯობესებულმა კანონმდებლობამ აირიდოს თავიდან გაუგებრობები და უსარგებლო დაძაბულობა მხარეებს შორის.

ჰესმა, რომელიც ყოველწლიურად 27.5 მლნ. კვტ.სთ.-ს გამოიმუშავებს ელექტროენერგიის სექტორში შესაძლოა დიდი ძვრები ვერ მოახდინოს, მაგრამ ცხადია, რომ მცირე ჰესებს საქართველოში გამომუშავებასა და მოხმარებას შორის მზარდი დეფიციტის დაფარვაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. ეს განსხვავება ზაფხულის1 გარდა თითქმის მთელი წელი ნარჩუნდება და უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება (იხ. გრაფიკი 1).

გრაფიკი 1. ელექტროენერგიის მოხმრებასა და გამომუშავებას შორის წლიური დეფიციტი, გადაცემის დანაკარგების გათვალისწინებით

შესაბამისი ღონისძიებების აქტიურად გატარების გარეშე, აღნიშნული დეფიციტი შესაძლოა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება შესაძლოა იყოს ისეთი განახლებადი ენერგიის წყაროების პოპულარიზაცია და მათში ინვესტიციების დაჩქარება, როგორებიცაა მცირე ჰესები, რომელთაც გარემოზე შედარებით ნაკლები უარყოფითი გავლენა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ პოლიტიკურ ან ბაზრის არასტაბილურობას, რომელიც ენერგიის მთავარ მიმწოდებლებს, რუსეთსა და აზერბაიჯანს უკავშირდება, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამოწვევა შეუძლია, რასაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური ხარჯები მოსდევს. მაგალითად,   Michael Schmidthaler და Johannes Reichl მიიჩნევენ, რომ 2003 წლის 28 სექტემბერს იტალიაში ელექტროენერგიის მიწოდების გათიშვამ საზოგადოებას2 1.15 მილიარდი ევროს ზარალი მიაყენა, რაც იტალიის წლიური მშპ-ს 0.1%-ს შეადგენს. პაკისტანის ბაზრის კვლევაში Arun P. Sanghvi განვითარებად ქვეყნებში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გავლენას აფასებს. ის მიიჩნევს, რომ 1984-1985 წლებში ელექტროენერგიის გათიშვის პირდაპირმა და არაპირდაპირმა ხარჯებმა 525 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რამაც პაკისტანის მშპ-ის 1.8%-ით შემცირება გამოიწვია.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მცირე ჰესების მშენებლობის საკითხი უმეტესწილად პოლიტიკური ნებიდან გამომდინარეობს, რომელიც ენერგოუსაფრთხოებას ისახავს მიზნად; მაგრამ, არასაჭირო დაძაბულობისა და კონფლიქტების თავიდან არიდების მიზნით, საჭიროა ჰესების მშენებლობის ნებართვის გაცემის ისეთი პროცესის ინსტიტუციონალიზაცია, რომელიც უფრო ინკლუზიური იქნება და ანალიზისას მტკიცებულებებს დაეყრდნობა; ობიექტურად და გამჭვირვალედ  შეაფასებს ნებართვის სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს, ზედმიწევნით შეაფასებს საზოგადოებისათვის მოსალოდნელ ხარჯებსა და სარგებელს (განსაკუთრებით იმ ადგილობრივი თემისათვის, რომელიც უშუალო ზეგავლენის არეალს წარმოადგენს).

პროექტების გარემოზე ზემოქმედების ანალიზის მაღალი ხარისხი შეგვიქმნის საფუძველს უფრო კონსტრუქციული დებატებისათვის და შეამცირებს ფაქტებით მანიპულირების ალბათობას. ჩვენი აზრით, საუკეთესო სამომავლო კურსი სწორედ ეს გახლავთ.


1 ზაფხულის პერიოდში იგულისხმება აპრილი, მაისი, ივნისი და ივლისი.
2 იტალიის სხვადასხვა რეგიონში ხანგრძლივობა მერყეობდა 3-16 დღეებს შორის


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners