ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

აზერბაიჯანის ეკონომიკა და ნავთობის ფასები: ღვთის წყალობა?

ნედლი ნავთობის საერთაშორისო ფასებმა ბოლო სამწელიწადნახევრის განმავლობაში 110 აშშ დოლარს მიაღწია, თუმცა 2014 წლის აგვისტოში მოულოდნელად მკვეთრად დაეცა და სულ რაღაც 5 თვეში ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 50 აშშ დოლარი შეადგინა. უკვე ერთი წელი გავიდა და, როგორც ჩანს, ბარელი ნავთობის არსებული ფასი უცვლელი დარჩება, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში მაინც.


დამნაშავე ტექნოლოგია

ამ ვარდნის უმთავრესი მიზეზი უდავოდ იყო ტექნოლოგიური მიღწევები აშშ-ში ფიქალის ნავთობისა და გაზის მოპოვების საქმეში. ეს იმდენად დიდი გარღვევა იყო, რომ აშშ უკვე მზად არის, თავად გახდეს  ენერო-რესურსების წმინდა ექსპორტიორი. გრძელვადიანი კონტრაქტების მქონე გაზის ბაზრისგან განსხვავებით, ნედლი ნავთობის ბაზარი ძალიან სენსიტიურია მიწოდებაში მომხდარი ცვლილებებისადმი. 2014 წელს აშშ-მა 15.9%-ით გაზარდა ნავთობის წარმოება, რის შედეგადაც მსოფლიოს საერთო ნედლი ნავთობის მოპოვება 12.3%-ით გაიზარდა. „ჭარბი მიწოდებისა“ და ჩინეთიდან (მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ახალი ბაზრიდან) მოსალოდნელზე სუსტი მოთხოვნის გამო, ნავთობის ფასებმა მომენტალურად იწყო ვარდნა და მალე მიაღწია ნიშნულს, რომელიც 2005 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. უფრო მეტიც, მსოფლიოს ნავთობის უმსხვილესმა მომპოვებლებმა – ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრებმა – გადაწყვიტეს, არ შეემცირებინათ მიწოდება. ეჭვგარეშეა, მათ იმედი აქვთ, რომ არსებული მოცულობის ნავთობის წარმოების შენარჩუნებით შეძლებენ როგორც საკუთარი კოლექტიური საბაზრო წილების შენარჩუნებას, ისე ნიადაგის ნავთობის მეტოქეების ბაზრიდან გაძევებას. შეიძლება ეს გონივრული სტრატეგიაც იყოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფიქალის ნავთობის მოპოვების არსებული მეთოდი ჯერ კიდევ საკმაოდ ძვირადღირებულია, გონივრული ზღვრული მოგება საჭიროებს მაღალ ფასებს, OPEC-ის მთავარ მოთამაშეს, საუდის არაბეთს კი აქვს იაფი ნავთობის უზარმაზარი რეზერვები, რათა თავი დაიცვას ფასების ვარდნისგან გამოწვეული შედეგებისგან.


დარტყმა აზერბაიჯანის ეკონომიკაზე

ნავთობის ბაზარზე მომხდარმა ცვლილებებმა გავლენა მოახდინა მთელ მსოფლიოზე, განსაკუთრებით კი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებზე. აზერბაიჯანს შეუძლია სამართლიანად იამაყოს საკუთარი მსოფლიოს უძველესი ნავთობის ჭაბურღილებით, თუმცა საკუთარი, მსოფლიო წარმოების 1%-იანი წილით ნამდვილად არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ნედლი ნავთობის ფასებზე.

ამიტომ, როდესაც „შავი ოქროს“ ფასები მკვეთრად დაეცა, აზერბაიჯანი იძულებული გახდა, მიჰყოლოდა დინებას, რასაც სერიოზული გავლენა ჰქონდა მის ეკონომიკაზე. ფასების ვარდნამ არამხოლოდ შეამცირა ექსპორტი (იხ. ქვემოთ მოცემული გრაფა) და სახელმწიფო შემოსავლები (რომელიც 2014 წელთან შედარებით 2015 წლის პირველ 6 თვეში 15.4%-ით შემცრიდა), არამედ პირდაპირი გავლენა მოახდინა აზერბაიჯანის ეროვნულ ვალუტაზე, რომლის ღირებულებაც მანამდე ფიქსირებული იყო აშშ დოლართან.

შემცირებულმა ნავთობის ფასებმა გამოიწვია აზერბაიჯანულ ეკონომიკაში დოლარის შემოდინების შემცირება. ამან, აშშ დოლარის ზოგადად ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებაში გამყარებასთან ერთად, აიძულა აზერბაიჯანი, 2015 წლის თებერვალში ერთი მესამედით გაეუფასურებინა მანათი. მანამდე ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა საკუთარი უცხოური ვალუტის რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი გაფლანგა, უიმედოდ ცდილობდა რა საყრდენის გამაგრებას.


შეიძლება ვარდნა ნავთობის სექტორში სასარგებლო აღმოჩნდეს სხვა სექტორებისთვის?

ნავთობი და გაზი შეადგენს აზერბაიჯანის მშპ-ის 40%. ყველაზე დიდ, მშპ-ის არასანავთობო კონტრიბუტორ (13.4% 2015 წელს) მშენებლობის სექტორში ძირითადად დომინირებს სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები. სამშენებლო საქმიანობის დიდი ნაწილი უკავშირდება ამბიციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც აზერბაიჯანმა 2015 წლის ივნისის პირველი ევროპული თამაშებისთვის მოსამზადებელ ეტაპზე განახორციელა. სრულიად ბუნებრივია, რომ საჯარო მშენებლობის ხარჯები (თავად სექტორიც) ისევე შემცირდება, როგორც ნავთობისა და გაზის შემოსავლები შემცირდა.

მშენებლობას მნიშვნელობით მოსდევს საბითუმო და საცალო ვაჭრობა (მშპ-ის 9.9%) და სოფლის მეურნეობა (6.3%). სოფლის მეურნეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ სექტორში დასაქმებულია ქვეყნის მთლიანი მუშახელის 38%. თუმცა მის კონკურენტუნარიანობაზე წლების განმავლობაში გავლენას ახდენდა ე.წ. „ჰოლანდიური დაავადება“. რამდენადაც ნავთობის მაღალი ფასები ამყარებდა მანათის ღირებულებას რეგიონის სხვა ვალუტებთან მიმართებაში, იმდენად ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები ვერ უწევდა კონკურენციას უფრო იაფ თურქულ და ქართულ პროდუქციას (გამონაკლისია „არასატარიფო“ ბარიერები, რომელიც აზერბაიჯანმა საკმაოდ ფართოდ გამოიყენა, რათა კონკურენცია გაეწია უფრო ეფექტური მწარმოებლებისთვის).

ახლა უფრო სუსტი მანათი ძალიან კარგი ამბავია აზერბაიჯანელი ფერმერებისთვის. 2015 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში ზრდამ 7.4%-ს მიაღწია, წინა წლისგან განსხვავებით, როდესაც სექტორში 3.4% ვარდნა დაფიქსირდა. ნავთობის ფასების გავლენა საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორზე უფრო ბუნდოვანია. ვაჭრობის სექტორმა შეიძლება ისე ვერ ისარგებლოს მანათის გაუფასურებით, რადგან შეიძლება შიდა მოთხოვნა შემცირდეს როგორც იმპორტირებულ, ისე ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტებზე.


ნავთობის ფასების გავლენა დანარჩენ კავკასიაზე

ნავთობის დაბალი ფასები, რა თქმა უნდა, სასარგებლოა ნავთობის იმპორტიორი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც. მართლაც, საქართველოში ტრანსპორტირების ხარჯები უკვე შემცირდა (რომლის ძირითადი კომპონენტი სწორედ საწვავია). ამავე დროს საქართველოზე უარყოფითი გავლენა მოახდინა აზერბაიჯანის ბაზარზე ქართულ პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირებამ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბაქო არის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი: საქართველოს ექსპორტის დაახლოებით 12% გადის აზერბაიჯანში. თანაც, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აზერბაიჯანი გახდა საქართველოს ტურისტების უპირველესი მიმწოდებელი, რაც ქვეყანას ძალიან საჭირო შემოსავლითა და დასაქმების შესაძლებლობებით უზრუნველყოფს. ამიტომ ქართული ექსპორტისა და აზერბაიჯანელი ვიზიტორების რაოდენობის შემცირება უარყოფით გავლენას მოახდენს როგორც ქართულ ბიზნესებზე, ისე არაკვალიფიციურ, თვითდასაქმებულ მუშახელსა და სხვადასხვა სექტორში (კვებისა და ტანსაცმლისა თუ მეორადი მანქანების საცალო ვაჭრობა) არაფორმალურად დასაქმებულ ადამიანებზე.


აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო ფონდი და მისი როლი

იმის გავითვალისწინებთ, რომ ნავთობი და გაზი ამოწურვადი რესურსებია, აზერბაიჯანის მთავრობამ შექმნა სპეციალური ფონდი (აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო ფონდი – SOFAZ), რომლის მთავარი მიზანია ნავთობის შემოსავლების დაგროვება და ეფექტური მართვა. ერთ-ერთი სფერო, სადაც SOFAZ ნაწილობრივ აქტიური უნდა იყოს, არის არასანავთობო სფეროების განვითარება. ამრიგად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კლებადი ნავთობის შემოსავლები უარყოფით გავლენას მოახდენს SOFAZ-ის საერთო ბიუჯეტზე და მის მცდელობაზე, წაახალისოს არასანავთობო სექტორები.

შეუშლის თუ არა ეს ხელს აზერბაიჯანში არასანავთობო სექტორების აღორძინებას? აქამდე არსებული მონაცემები საწინააღმდეგოზე მეტყველებს.

მიუხედავად ნავთობის მსოფლიო ფასების ვარდნისგან შექმნილი სირთულეებისა (ექსპორტის მოცულობის, საბიუჯეტო შემოსავლებისა და ვალუტის ღირებულების ვარდნა), აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის ანგარიშით, 2015 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში მშპ-ის ზრდა პოზიტიური იყო. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით (2014 წლის იანვარი-აგვისტო), მშპ, საერთო ჯამში, 4.2%-ით გაიზარდა (წინა წლის 2.4%-თან შედარებით), მაშინ, როდესაც არასანავთობო სექტორი გაიზარდა 7.3%-ით (წინა წლის 6.3%-თან შედარებით).

თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, „შავი ოქროს“ ფასების ვარდნა შეიძლება მართლაც ნამდვილი ღვთის წყალობა აღმოჩნდეს აზერბაიჯანისთვის.

 

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners