ბოლო 20 წელია ეკონომისტები აქტიურად იკვლევენ ბედნიერებას, როგორც ადამიანთა კეთილდღეობის საზომს. ფრაი და სტაცერი („რა შეიძლება ისწავლონ ეკონომისტებმა ბედნიერების შესახებ კვლევებიდან“, ეკონომიკური ლიტერატურის ჟურნალი 20, 2002 წ. 402-435 გვ.) დამაჯერებლად ამტკიცებენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), უმუშევრობა, ინფლაცია და ბევრი სხვა ეკონომკური ინდიკატორი ძირითადად იმიტომაა საინტერესო, რომ ადამიანების კეთილდღეობასთანაა კორელაციაში. თუ დავუშვებთ, რომ ამ საზომებს არავითარი კავშირი არ აქვს ბედნიერებასთან, მაშინ გამოდის, შემოსავლისა თუ მშპ-ის ზრდის წახალისებისთვის განკუთვნილი ყოველგვარი ეკონომიკური პოლიტიკა შინაარსს მოკლებული ხდება.
მართლაც, ეკონომიკა თითქოს სერიოზული პროფესიაა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი იქამდე მიდის, როგორ გავაბედნიეროთ ადამიანები. თუ ამ კუთხით შევხედავთ საკითხს, მაშინ დიდი სხვაობა აღარ არის მუსიკოსებს, კომედიანტებს, მზარეულებს, მოცეკვავეებს, კომპიუტერული თამაშების ავტორებსა თუ ეკონომისტებს შორის. რამდენადაც სერიოზულად არ უნდა ვეკიდებოდეთ ჩვენს საქმეს, საბოლოოდ ყველანაირი ძალისხმევა მაინც ბედნიერებისკენ სწრაფვას ემსახურება.
თუ დავუშვებთ, რომ ეკონომიკა ბედნიერებაზეა, მაშინ ადამიანებს პირდაპირ უნდა ვკითხოთ, რამდენად ბედნიერები არიან, ნაცვლად იმისა, რომ დავეყრდნოთ, მაგალითად, მშპ-ს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ, ბევრის აზრით, მშპ კარგად ვერ ასახავს ადამიანთა კეთილდღეობას. მაგ.: ეკოლოგიური ზიანი და დამატებითი სამუშაო საათები დადებით კორელაციაშია მშპ-სთან, მაგრამ უარყოფითად აისახება ადამიანების ცხოვრებით კმაყოფილებაზე.
ბუტანის სამეფოში ეკონომიკური პოლიტიკა მიზნად ისახავს, გაზარდოს არა მშპ, არამედ მთლიანი ეროვნული ბედნიერება (მებ). როგორც ფრაისა და სტაცერის სხვა კვლევაშია შეჯამებული („ბედნიერების კვლევების შედეგები“, ბატოლინი და სხვ., ბედნიერების პოლიტიკა, ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა, 2016 წ.), ბედნიერების კვლევებიდან მიღებული დასკვნები შეიძლება გამოვიყენოთ რეალობაში, იქნება ეს უმუშევრობასთან ბრძოლა თუ საგადასახადო სისტემის ოპტიმიზაცია.
მომხმარებელთა განწყობა და ბედნიერება
უკვე ოთხი წელია, ISET ყოველთვიურად აქვეყნებს საქართველოს მომხმარებელთა განწყობის ინდექსს (CCI, იხ. გრაფიკი). 2012 წლის ივლისიდან ინდექსის გამოთვლის მეთოდოლოგიისა და ყოველთვიური გამოკითხვის შედეგების ნახვა შესაძლებელია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ვებ-გვერდზე.
2016 წლის ივლისში CCI 2.8 ქულით გაიზარდა, მაშინ, როდესაც ინდექსის აბსოლუტური მნიშვნელობა უკიდურესად უარყოფითი იყო და -24.2 ქულა შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ გაცილებით მეტმა ადამიანმა გასცა უარყოფითი პასუხი ეკონომიკური მდგომარეობისა და მოლოდინების შესახებ კითხვებს, ვიდრე დადებითი. თუმცა -24.2 ქულა ბევრად მეტი იყო, ვიდრე 2015 წლის სექტემბერში დაფიქსირებული ისტორიული მინიმუმი, როდესაც CCI-მა -40.4 ქულა შეადგინა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ იგივე მეთოდოლოგიის გამოყენებით CCI-ს ბევრ ქვეყანაში ითვლიან, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, ის მუდმივად უარყოფითი არც ერთ ქვეყანაში არ არის. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის თებერვლამდე CCI მუდმივად დადებითი იყო, 2015 წლის აგვისტოში მაჩვენებელმა +6 ქულას მიაღწია. იყო შემთხვევაც, როდესაც მომხმარებელთა განწყობამ დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში +15 ქულას გადააჭარბა. საქართველოში კი საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა 2013 წლის ნოემბერში, როდესაც ინდექსმა -1.4 ქულა შეადგინა.
როგორც ირკვევა, კითხვები, რომელთა საფუძველზეც დგება CCI, მჭიდრო კავშირშია ბედნიერების ეკონომიკურ ფაქტორებთან. ჩვენ დიდი ხნის წინ ვიწინასწარმეტყველეთ კიდეც ბედნიერებასა და CCI-ს შორის შესაძლო კავშირი. თუ მართლაც ასეა, მაშინ, CCI-ზე, ბედნიერების გარდა, შეიძლება გავლენას ახდენდეს სხვა ეკონომიკური ფაქტორებიც, რაც დროთა განმავლობაში იგივე დინამიკას იმეორებს რასაც ბედნიერება. ამას აჩვენებს ცნობილი ჰედონიკური ადაპტაციის ფენომენის კვლევები. ამ ფენომენზე მომდევნო ნაწილშია საუბარი. დიდი ხანი ველოდებოდით ამ ფენომენის გამოჩენას და ვფიქრობთ, მონაცემები უკვე მონაცემებში უკვე ჩანს კიდეც.
მოხმარების განწყობის ადაპტაცია
ტერნიმი ჰედონიკური ადაპტაცია ეფუძნება ემპირიულ დასკვნას, რომ ადამიანების კეთილდღეობის სუბიექტური აღქმა ყოველთვის უბრუნდება გარკვეულ დონეს, მიუხედავად იმისა, რა მოხდა. კვლევით სტატიაში სახელწოდებით „ჰედონიკური ადაპტაცია“ (კეთილდღეობა: ჰედონიკური ფსიქოლოგიის საფუძვლები, კანემანი და სხვები, რასელ სეიჯის ფონდი, 1999 წ.), ფრედერიკსა და ლოვენშტაინს მოჰყავთ ამ ფენომენის სხვადასხვა მაგალითები. სამედიცინო თვალსაზრისით გადატანილი ერთ-ერთი კიდურის ამპუტაციით სერიოზულად უნარშეზღუდული ადამიანები ოპერაციიდან მოკლე პერიოდში კვლავ ბედნიერები არიან. უბედური შემთხვევის შედეგად პარალიზებული ადამიანები მალევე უბრუნდებიან ჩვეულ მდგომარეობას. ანალოგიურად, პატიმრებიც, რომელთაც მრავაწლიანი სასჯელი აქვთ მისჯილი, „დროთა განმავლობაში“ უკეთ ხდებიან, კერძოდ კი, „იკლებს დისფორია, სტრესით გამოწვეული პრობლემები, როგორიცაა უძილობა და მოწყენილობა“. ომის ტყვეებმა, რომლებიც 6 წლის განმავლობაში ვიეტნამში იზოლირებულ ტყვეობაში იყვნენ, „გამოიმუშავეს ბრძოლის იმდენად ეფექტური მექანიზმი“, რომ გაუჭირდათ იზოლაციისგან გათავისუფლებასთან შეგუება.
მსგავს მოვლენებთან გვაქვს საქმე შემოსავლებისა და მოხმარების შემთხვევაშიც. ლატარიის 22 გამარჯვებულზე ჩატარებულმა კვლევამ, რომელთაც კვლევამდე ერთი წლით ადრე 50,000-1,000,000 აშშ დოლარი მოიგეს, დაადგინა, რომ მათი „ცხოვრებით კმაყოფილება მხოლოდ მცირედით გაიზარდა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით (4.0 vs 3.8 ქულა საზომ შკალაზე)”.
უარყოფითი ეკონომიკური შოკი ერისთვის იგივეა, რაც ტრავმა (მაგ.: ავტოავარია და მისით გამოწვეული უნარშეზღუდულობა) ადამიანისთვის. ასეთი შოკი იყო ლარის გაუფასურება, რაც 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის მაისამდე მოხდა. საქართველოს მსგავს პატარა ეკონომიკაში ხალხი ძალიან მგრძნობიარეა გაცვლითი კურსის რყევებისადმი, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდეს მომხმარებელთა განწყობაზე. ამიტომ ვალუტის ღირებულების გაუფასურება შეიძლება გავიგოთ, როგორც „ეკონომიკური დანაკლისი“. და, მართლაც, როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2014 წლის ნოემბიდან 2015 წლის მაისამდე პერიოდში მომხმარებელთა განწყობის მკვეთრი ვარდნა თითქმის ზუსტად ემთხვევა ქათული ლარის გაუფასურებას აშშ დოლართან მიმართებაში. მომდევნო თვეებში გაცვლითი კურსი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა (2016 წლის ივლისში ლარი ოდნავ გაუფასურდა 2015 წლის მაისთან შედარებით).
ამ ტრავმული ფაქტის შემდეგ მომხმარებელთა განწყობა იზრდებოდა (ყველაზე შესამჩნევად გაიზარდა 2016 წელს) და ეს ტენდენცია იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე თვეში, მომხარებელთა განწყობა კვლავ დაუბრუნდა ლარის გაუფასურებამდე არსებულ დონეს.
ისე ჩანს, თითქოს ლარის გაუფასურება „ავარიის“ ან „დანაკლისის“ ტოლფასი იყო ქართველი ხალხისთვის. ახლა სწორედ ჰედონიკური ადაპტაციის პერიოდია და მომხმარებელთა განწყობაც უბრუნდება თავის ჩვეულ დონეს. მნიშვნელობა აღარ აქვს, რა მოუვა ქართულ ეკონომიკას გრძელვადიან პერსპექტივაში. დროა, ეკონომიის თეორიაში ჰომო ეკონომიკუსის ნაცვლად ჰომო სიზიფუსი შემოვიღოთ.
See our article usage guidelines
Comments