ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

მშობლიური ენა და ეკონომიკა

გასული საუკუნის 30-იან წლებში ამერიკელმა ლინგვისტმა ბენჯამენ ლი უორფმა ჩამოაყალიბა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც განსხვავებულ ენაზე მოსაუბრე ადამიანები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ.  უორფიანიზმის სახელით ცნობილი ენის ფარდობითობის თეორიის თანახმად,ენის გრამატიკული სტრუქტურა და ლექსიკა, ერთად აღებული, გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ფიქრობენ ადამიანები. თავაზიანობის მომხრეებიც, ვორფიანიზმის იდეაზე დაყრდნობით, ეწინააღმდეგებიან შეურაცხმყოფელი ან დისკრიმინაციული შინაარსის გამოთქმების გამოყენებას. მაგალითად, „პატარა ადამიანის“ გამოყენება „ჯუჯის“ აღსანიშნად ცვლის ადამიანის დამოკიდებულებას ამ ტიპის დაავადებულთა მიმართ.

უორფის იდეები მალევე აიტაცეს კონკრეტულმა ჯგუფებმა. მაგალითად, კომუნისტურმა დაჯგუფებამ წითელი ქმერები (Khmer Rouge) კამბოჯაში აკრძალა ნაცვალსახელი „მე“-ს გამოყენება. ამ გზით კომუნისტები ცდილობდნენ ადამიანების შეგნებაში საკუთარი თავის აღქმა შეეცვალათ ინდივიდუალისტურიდან კოლექტივისტურად. უორფანიზმის მაგალითები მოიძებნება ფანტასტიკურ ლიტერატურაშიც. ჯორჯ ორუელმა, თავის ცნობილ ნაწარმოებში ,,1984“, ასახა საზოგადოება, სადაც მთავრობა კრძალავდა  დივერსიულ სიტყვებს, რათა ხალხს ამ ცნებასთან დაკავშირებული ფიქრებიც გულშიც არ გაევლო.

თუ დავუშვებთ რომ უორფი მართალი იყო, მაშინ რა გავლენას შეიძლება  ახდენდეს ენა ადამიანების ეკონომიკურ ქცევაზე?


დროთაშორისი არჩევანი

ბოლო დროს ინფორმაციის როლი ეკონომიკაში მეცნიერთა ყურადღების ცენტრში მოექცა. თამაშთა თეორიის სპეციალისტმა არიელ რუბინშტეინმა ეკონომიკისა და ენის შესახებ წიგნიც კი დაწერა, სადაც აღწერა როგორ გავლენას ახდენს ენის სტუქტურა და ევოლუცია ამ ენაზე მოსაუბრე ადამიანთა გემოვნებასა და დამოკიდებულებებზე. ამ მხრივ ემპირიული კვლევებიც მომრავლდა. იელის უნივერსიტეტის ეკონომისტი კეიტ ჩენი თავის სტატიაში (“The Effect of Language on Economic Behavior: Evidence from Savings Rates, Health Behaviors, and Retirement Assets”, American Economic Review, 103 (2013): 690-731) ამტკიცებს, რომ მშობლიური ენა გავლენას ახდენს ადამიანების დაზოგვისადმი და ჯანმრთელობის პრევენციისადმი მიდრეკილებაზე. მეცნიერის აზრით, აწმყოსა და მომავალი დროის გრამატიკული ფორმების წარმოების თავისებურება გარკვეულწილად განსაზღვრავს ამ ენაზე მოსაუბრე ხალხის დროთაშორის არჩევანს. ზოგიერთ ენაზე მომავალი დროის ფორმა ემთხვევა აწმყოსას, სხვა ენებში კი ორი დროის ფორმა რადიკალურად განსხავდება ერთმანეთისგან. ჩენის მიხედვით, ენები, რომლებიც გრამატიკულად აიგივებს მომავალსა და აწმყოს (ანუ მომავალი და აწმყო დროის ფორმების წარმოება დიდად არ განსხვავდება), ხელს უწყობს მომავალზე ორიენტირებული ქცევის ჩამოყალიბებას.  როგორც ირკვევა, ხალხი, ვინც საუბრობს ამ ტიპის ენებზე, ზოგავს მეტს, საპენსიო ასაკში უფრო დიდ სიმდიდრეს ფლობს, ეწევა ნაკლებს და ნაკლებადაა მიდრეკილი ჭარბწონიანობისაკენ.

ჩენი ინტერესდება შესაძლებელია თუ არა აწმყოსა და მომავალს ერთნაირი მნიშვნელობით აღიქვამდნენ ის ადამიანები, რომელთაც ენა აწმყოსა და მომავალზე ერთნაირად საუბრისკენ უბიძგებს.

სტატიაში ავტორი ენებს ყოფს ორ დიდ კატეგორიად: მომავალი დროის სუსტი და ძლიერი გრამატიკული ფორმის მქონე ენებად (strong and weak future-time reference –FTR languages). ჩენის მიხედვით, ინგლისური არის ძლიერი FTR-ის ენა, რადგან მოითხოვს აწმყოსა და მომავალზე განსახვავებულად საუბარს. წარმოდგენილი მაგალითის მიხედვით, ჩვენ ახლანდელზე შეგვიძია ვთქვათ “it is cold today” (დღეს წვიმს), მაგრამ ხვალინდელზე საუბრისას უნდა ვთქვათ “it will be cold tomorrow” (ხვალ იწვიმებს). თუმცა ყველა ენა არ მოითხოვს მსგავს ფორმულირებას. მაგალითად, ფინურ ენაზე შეიძლება ვთქვათ „დღეს ცივა“ და „ხვალ ცივა“ და „ცივა“ შეგვიძლია გამოვიყენოთ შესაბამისი დროითიფორმით გარდაქმნის გარეშე. ამიტომ ფინური ენა მიეკუთვენება სუსტ FTR-ის ენათა კატეგორიას. მანდარინს საერთოდ არ გააჩნია დროითი ფორმები. ამ ენაზე წინადადებიდან, როგორც წესი, ძნელია დასკვნის გამოტანა აწმყოზეა საუბარი თუ მომავალზე. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მოსაუბრეები ვერ არჩევენ რა დროზეა საუბარი, უბრალოდ მათ არ მოეთხოვებათ აირჩიონ ესა თუ ის დრო ყოველი წინადადების წარმოთქმისას. შესაბამისად მანდარინიც სუსტი FTR-ის ენაა.

სხვადასხვა ერების მომავლისადმი დამოკიდებულების გასაზომად ჩენი აკვირდებოდა დაზოგვით ქცევებს, საპენსიო დანაზოგებს, ჯანმრთელობის უსაფრთხოებისაკენ მიმართულ ღონისძიებებსა და მათ კავშირს ენების ზემოთ განხილულ ორ კატეგორიას შორის. ის ენების კატეგორიებად დაყოფისას ხელმძღვანელობს ევროპაში მიღებული ენების კლასიფიკაციით (Typology of Languages in Europe - EUROTYP) და კვლევაში მოიცავს 76 განვითარებულ და განვითარებად ქვეყანას (მათ შორის საქართველოსაც). ეკონომეტრიკულ რეგრესიაზე დაყრდნობით ჩენმა დაადასტურა თავისი ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც სუსტ FTR-ის ენაზე მოსაუბრენი მომავალზე მეტად არიან ორიენტირებულნი, როგორც მონეტარულ, ასევე არამონეტარულ საკითხებში. ძლიერ FTR-ის ენაზე მოსაუბრე ადამიანებთან შედარებით, სუსტი FTR-ის ენაზე მოსაუბრეებს საპენსიო ასაკში საშუალოდ 39%-ით მეტი დანაზოგი აქვთ დაამასთან დაზოგვის ალბათობა ყოველი მოცემული წელიწადისთვის 31%-ით მაღალია. მეტიც, ორ ენათა ჯგუფს შორის არამწეველობის ალბათობებში განსხვავება არის 24%, ჭარბწონიანობის ალბათობებში— -13% და ფიზიკურ აქტივობაში— 29%.

ჩენის აზრით, ეს შედეგები ნაწილობრივ ხსნის იმას, თუ რატომ აქვთ აშშ-ს, საბერძნეთს, გაერთიანებულ სამეფოს, თურქეთს, იტალიასა და სხვა ძლიერი FTR-ის ენის მქონე ქვეყნებს საშუალოდ უფრო დაბალი დანაზოგები, ვიდრე ნორვეგიას, შვეიცარიას, იაპონიას, ჰოლანდიას, ფინეთს, ბელგიასა და სხვა სუსტი FTR-ენის მქონე ქვეყნებს.


ქართული ენა

ზემოაღნიშნული კვლევის მიხედვით, ქართული მიეკუთვნება ძლიერი FTR-ის ენათა კატეგორიას. შეიძლება, რომ ამან ახსნას ქართველების გულგრილობა დაზოგვისა და უსაფრთხოების სხვა საკითხებისადმი, რომლებიც განხილული იყო ISET Economist-ის ბლოგზე ორი წლის წინ?

ქართული განსაკუთრებული ენაა, რომელიც ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. ჩვენი გრამატიკა ძალიან განსხვავდება ინდოევროპული, სემიტური და აზიური ენების გრამატიკისაგან. ნუთუ შესაძლებელია ენის განსაკუთრებულობა განაპირობებდეს ქართველთა ეროვნულ ნიშან-თვისებებს? რადგანაც ეს საკითხი ჯერ კიდევ არ გამხდარა ფსიქოლინგვისტებისა და ქცევითი ეკონომისტების შესწავლის სფერო, შეგვიძლია თავს ცოტაოდენი სპეკულაციის უფლებაც კი მივცეთ.

ქართველები განვასხვავებთ უფროსებსა და უმცროსებს „შენ“ და „თქვენ“ მიმართვის ფორმით. პატივისცემის გამომხატველი ეს ფორმალობა დიდი ალბათობით ქმნის ქვეცნობიერ ბარიერებს ადამიანების ურთიერთობაში. ეს გარკვეული იერარქიის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს, რასაც სავარაუდოდ ადგილი არ ექნებოდა განსხვავებული გრამატიკის შემთხვევაში. ცალსახად ვერ ვიტყვით, აიოლებს თუ ართულებს მსგავსი დისტანციური დამოკიდებულება თანამშრომლობის პროცესს. ჰორიზონტალური იერარქიის მქონე ორგანიზაციაში ქართულმა ენამ შეიძლება  მართლაც გამოიწვიოს ხელოვნური საზღვრების შექმნა და ჯგუფური მუშაობის პოტენციური ეფექტიანობაც შეამციროს. თუმცა საწინააღმდეგო შემთხვევაში ეს შეიძლება სასარგებლოც კი აღმოჩნდეს. უკანასკნელის მაგალითად იაპონური და კორეულ ენების (ამ უკანასკნელს გააჩნია მიმართვის 18 სხვადასხვა ფორმა) მოყვანა შეიძლება, სადაც ენაში ჩადებული იერარქია ხელს უწყობს ადამიანთა ინტეგრაციას სხვადასხვა ორგანიზაციულ სტუქტურებში და დავალებული საქმის უკეთ შესრულებას.

დაახლოებით ერთი წლის წინ გამოქვეყნებულ ბლოგში მე და ნორბერტო პინიატიმ გაავაანალიზეთ გენდერული სახელფასო სხვაობა საქართველოში. ამ ბლოგმა აზრთა სხვადასხვაობა გამოწვია. ზოგი არ დაეთანხმა ჩვენს ანალიზს, ზოგს კი მიაჩნდა, რომ გენდერული სახელფასო სხვაობა დისკრიმინაციას არ უკავშირდება. ამ უკნასკნელთ არგუმენტის გასამყარებლად ქართული ენის არასექსისტურობაზე მითითებაც შეეძლოთ.

ქართულ ენას, სხვა ენებისაგან განსხვავებით, არ გააჩნია არავითარი გრამატიკული სქესი, მათ შორის არც პირისა და ჩვენებითი ნაცვალსახელების აღმნიშვნელი. ქართული წინადადება შეიცავს კონტექსტუალურ და რიცხობრივ ინფორმაციას, თუმცა, როგორც წესი, არ აკონკრეტებს ობიექტის სქესს. ლოგიკურად, ეს ფაქტი ენის დისკრიმინაციულ პოტენციალს ამცირებს.

ქართულისგან განსხვავებით, გერმანულ ენაში ყველა ობიექტს საკუთარი სქესი აქვს მინიჭებული. მაგალითად, მაგიდა და იატაკი არის მამრობითი სქესის მაშინ, როცა ფარდა და კედელი არის მდედრობითი. ფსიქოლოგმა თომას იაკობსენმა აღმოაჩინა, რომ გრამატიკული სქესი გავლენას ახდენს გერმანელების მიერ სხვადასხვა ობიექტის აღქმაზე. ქართულ ენაში კი ასეთი განსხვავებები საგნების აღქმაში არ არსებობს სწორედაც გრამატიკული სქესის არარსებობის გამო. მეტიც, გერმანულ ენაში კაცი (man) ხშირად იხმარება ნაცვალსახელი ვინმეს (Somebody) ნაცვლად, თუნდაც ეს ნაცვალსახელი აღნიშნავდეს მდედრობით სქესს. სექსისზმის თავიდან არიდების მიზნით, პოლიტიკურად კორექტული გერმანელები ამ სიტყვის ნაცვლად სიტყვა ადამიანს  (human) იყენებენ. ქართულ ენას ეს პრობლემა არ გააჩნია, უკიდურეს სექსისტებსაც კი არ აქვთ საშუალება ამ ენაზე საკუთარი დამოკიდებულების უნებლიედ გამოხატვის საშუალება, რადგან ენის თავისებურების გამო იძულებულნი არიან სათქმელი კორექტულად გამოხატონ.

Rate this blog entry:
1 Comment

Related Posts

Comments

 
Guest - Gio on ოთხშაბათი, 08 იანვარი 2014 13:13

ენა მართლაც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ქცევებზე და სამყაროს აღქმაზე. ზოგი დეფინიცია შესაცვლელი გვაქვს. მაგალითად "სახელმწიფო დაფინანსება" – აქ იგულისხმება რომ სახელმწიფო თითქოს რაღაც განყენებული ცნებაა, რომელიც ფულებს ჭრის. კარგი იქნებოდა რომ შევცვალოთ ტერმინით "სახალხო დაფინანსება" ანუ აქ უფრო იგრძნობა, რომ ხალხი თავისი გადასახადებით აფინანსებს ამა თუ იმ ღონისძიებას.

ენა მართლაც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ქცევებზე და სამყაროს აღქმაზე. ზოგი დეფინიცია შესაცვლელი გვაქვს. მაგალითად "სახელმწიფო დაფინანსება" – აქ იგულისხმება რომ სახელმწიფო თითქოს რაღაც განყენებული ცნებაა, რომელიც ფულებს ჭრის. კარგი იქნებოდა რომ შევცვალოთ ტერმინით "სახალხო დაფინანსება" ანუ აქ უფრო იგრძნობა, რომ ხალხი თავისი გადასახადებით აფინანსებს ამა თუ იმ ღონისძიებას.
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners