კიელის უნივერსიტეტის აგრარული ეკონომიკის პროფესორი და IAMO-ის მოწვეული მკვლევარი, ულრიხ კოსტერი 30 მაისს ISET-ს ეწვია. ISET-ში გამართულ პრეზენტაციაზე პროფ. კოსტერმა მიმოიხილა სოფლის მეურნეობის სექტორის სპეციფიკა და მისი გავლენა სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობაზე. მეტიც, მისი განმარტებით, ვაჭრობის ტრადიციული თეორია ვერ ხსნის სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის პოლიტიკასა და სავაჭრო ნაკადებს.
პრეზენტაციის დასაწყისში პროფ. კოსტერმა ახსნა ვაჭრობის ლიბერალიზაციის სტანდარტული მოდელი. მან განმარტა, რომ აღნიშნული მოდელის თეორია ზუსტად ვერ ხსნის „რატომ არის თავისუფალი ვაჭრობა საუკეთესო“ და ნაცვლად ამისა, აცხადებს, რომ „მხოლოდ გარკვეული დაშვებების გათვალისწინებით არის ის საუკეთესო“. ვაჭრობის ტრადიციული თეორიის თანახმად, შედარებით-სტატიკური ანალიზით შეუძლებელია სავაჭრო პოლიტიკაში ცვლილებების ეფექტი სწორად შეფასება. ყველაზე მნიშვნელოვანია რეგულირების ეფექტი, რადგან წარმოების აგრარული ფაქტორების სპეციფიკა ზღუდავს რეგულირებას მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ცვლილებები მთლიან ეკონომიკაში და არა ერთ რომელიმე კონკრეტულ სექტორში.
25 მაისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა (ISET-PI) უმასპინძლა ბატონ პავან სუხდევს, გარემოს დაცვის ეკონომისტსა და საკონსულტაციო კომპანია GIST Advisory-ის დამფუძნებელს. ბატონმა სუხდევმა კარიერა დაიწყო როგორც ფიზიკოსმა, რომელიც მოგვიანებით დაინტერესდა გარემოს დაცვის გამოწვევებით. შედეგად, დაიწყო ეკონომიკის შესწავლა, განსაკუთრებით აინტერესებდა, შეესწავლა ბიზნესის, როგორც ჩვენ ირგვლივ ცვლილებების მამოძრავებელი ძალის, მნიშვნელობა, აგრეთვე, მესამე მხარის გავლენა, რომელიც ეკონომიკაში გარეგანი ეფექტის სახელითაა ცნობილი. ბატონმა სუხდევმა განსაკუთრებით გამოჰყო კორპორატიული გარეგანი ეფექტები, როგორც „ყველაზე დიდი უფასო სადილი კაცობრიობის ისტორიაში“. გარეგანი ეფექტები, რომლებსაც ძირითადად კერძო სექტორი იწვევს, უზარმაზარ ზიანს აყენებს გარემოს. კომპანიები მოგებას საჯარო დანაკარგების ხარჯზე იღებენ, რაც მსოფლიო მშპ-ის 15-20% შეადგენს (10-15 ტრილიონი აშშ დოლარი). არასამთავრობო ორგანიზაციის Trucost-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ 2010 წელს ხუთი სექტორი (კერძოდ კი, ელექტროენერგია, ნავთობი და გაზი, სამრეწველო ლითონები და სამთო მრეწველობა, კვებისა და მშენებლობის ინდუსტრიები) არის პასუხისმგებელი გარემოს დაცვის ხარჯების 60%-ზე. თუმცა, როგორც ბატონმა სუხდევმა აღნიშნა, კერძო სექტორი მუშაობს მსოფლიო ჩარჩოს ფარგლებში და, შესაბამისად, საზოგადოებას შეუძლია გავლენა მოახდინოს მასზე და დაარეგულიროს მისი საქმიანობა.
21-23 მაისს, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის (ISET-PI) მკვლევარმა, დავით კეშელავამ მონაწილეობა მიიღო ევროპის ყოველწლიურ საგაზეთო კონგრესში, რომელიც ვენაში გაიმართა. კონგრესის თემა იყო „ოპტიმისტური ჟურნალისტიკა და ფეისბუქის კრიტიკა“. კონგრესის მთავარი აქცენტი იყო ის უმთავრესი შესაძლებლობები და გამოწვევები, რომელთა წინაშეცაა ყოველდღიური საგაზეთო მედია. თუმცა კონგრესის თემები სცდებოდა ზემოთ ხსენებულ დასახელებას.
საგაზეთო კონგრესის ორგანიზატორები იყვნენ ობერაუერ მედია და ნორბერტ კუპერი, გაზეთების დიზაინერი. კონგრესის მსვლელობისას სიტყვით გამოვიდა 38 სპიკერი ევროპის როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), რომელთაც დამსწრე 500-ზე მეტ ბლოგერსა და მედიის წარმომადგენელს წარუდგინეს 24 სხვადასხვა თემა.